კარგი იყო ეკლესიაში, თუმცა გამოვედი. ღვთის სახლში დიდხანს ხომ არ გავჩერდებოდი, თავს ხომ არ შევაწყენდი, თანაც მე და ის ხომ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდით, და თარჯიმანიც ვერ იყო მაინცდამაინც კვალიფიციური.

ცოტა ქუჩურად მეცვა, თავისუფალ სტილში და ბაღში ვიჯექი, ეკლესიის გვერდით, თვალები ისე მქონდა ჩასიებული რთული გასარჩევი იყო ლოთი ვიყავი თუ ნარკომანი. იქვე სკამზე წამოწოლილმა თავისიანად ჩამთვალა და ჩემკენ აიღო გეზი, მართალია მთლად შესაშურ გადაადგილებას ვერ ახორციელებდა, მაგრამ მაინც თამამად დააბიჯებდა ამ მრავალმხრივ მბრუნავ დედამიწაზე, რიტმს უწყობდა, როგორც ჩანს.

მოვიდა და გვერდით დამიჯდა, თავისი მძიმე ხელი მხარზე ჩამომადო, ხომ იცნობთ ასეთებს, სუსტები რომ არიან, თუმცა ისე ჩამოგადებენ მხარზე ხელს გეგონება ზემოდან სპეციალურად გაწვებიანო, მოსწონთ თავის ძალას რომ გაგრძნობინებენო. სანდომიანად გამიღიმა და მოთქმას მოჰყვა რაღაცაზე, გასახსენებლად არ ღირს, თუმცა მომეწონა, გამაბრუებელი იყო, დამაჰიპნოზებელი, თანაც უცნაური საუბრის მანერა ჰქონდა, თვალები ჩემი თვალებიდან რამდენიმე სანტიმეტრის იქით დაეჭირა და ისე მელაპარაკებოდა. რაღაც მომენტი, ისიც ვიფიქრე, ვინმე მესამეც ხო არ გვიზის გვერდითთქო, მაინც ეკლესიის ეზოა და არ გამიკვირდებოდა, წამით გამაჟრჟოლა და გვერდით მივიხედე. სანამ ჩემს თავზე გამეცინებოდა მაგრად დამკრა მხარზე ხელი, შენ რა არ მისმენო?. ვუსმენდი, როგორ არა, ისევე ვუსმენდი, როგორც იმ ჩემ კეთილისმყოფელ მამაოს, სმენა ხომ ყურების მოვალეობაა, აი გაგებისა კი რა მოგახსენოთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გული ვიჯერე მოსმენით და წამოვედი, განა სადმე განზრახულად, უბრალოდ, სახეტიალოდ.

თავში ისევ მოგონებები მერეოდნენ, მეც მერეოდნენ და ერთმანეთსაც, ისე მოვარდებოდნენ და განდევნიდნენ წინას, ნორმალურად ვერც ვასწრებდი თვალის შევლებას. სახალისო იქნებოდა მათთან ჭიდილი, მოგონებებთან ერთად თანაცხოვრება. ვარსებობ კიდეც მოგონებებთან ერთად, თუმცა მხოლოდ სხვების თავებში, სხვების აზრებში, იქ კიდევ, მოვერევი თუ ვერა სხვა მოგონებებს ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩემგან არეკლილ რეფლექსიებზეა.

მერე ჩემს გონებაში იდეალური ადამიანი გაჩნდა, მასზე ვფიქრობდი, დიალოგებს ვამყარებდი, მომწონდა, სითბოს ვგრძნობდი მის მიმართ და მეღიმებოდა. ფიქრებს რომ ძაან შევყევი მისი გარეგნობაც წარმოვიდგინე, მისი ქცევებიც. უცნაური შედეგი გამოიღო ამ თითქოს ჩვეულებრივმა დანამატმა. იძულებული გავხდი იდეალური ადამიანისთვის ასაკი მიმენიჭებინა, სახეზე ნაოჭები, ბეჭებზე ოდნავი მოხრილობა და წოდებიდან სიტყვა “იდეალური” ჩამომეჭრა. თავისით მოსული პირველადი პატივისცემა თავისებურად ხელოვნურში, ნასწავლი მანერებით ჩამოყალიბებულში გადამეზარდა. და ამ ჩემ ადამიანთან ბუნებრივად ჩამოყალიბებული გულწრფელობა თავშეკავებულობაში გარდაისახა. ლამისაა თქვენობით დავუწყე საუბარი და მერე გამახსენდა, რომ ეს ადამიანი წარმოსახვითი იყო. სახელიც არ ჰქონდა და არც “განათლებული” ან “ჭკუათხელი” ვიღაცა არ ერქვა.

სიბნელეში გაგონილი უცნობის ჩურჩულივით იყო, თავიდან რომ გეუცხოვება და გაშინებს. მერე იმდენად გაინტერესებს, რომ მოგწონს კიდეც. უინტერფეისო ოპერატიული სისტემასავიღ, მხოლოდ არსი რომაა, მხოლოდ ესაუბრები და გესაუბრება, არც მის სახეზე არსებული ნაოჭები რომ არ გხვდება თვალში და არც მის სულში არსებული იარები.

 

გაგრძელდება

დატოვე კომენტარი