ახალი კანონით რუსეთში ხელისუფლების შეურაცხყოფა დაისჯება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც ხელისუფლების ან საჯარო მოხელეების, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა  დაისჯება.

კანონპროექტის მიხედვით, ინტერნეტში სახელმწიფოს, მისი სიმბოლოების, ხელისუფლებისა და კონსტიტუციის შეურაცხყოფა პირველ ჯერზე 100 ათასი რუბლით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში თანხა ორმაგდება ან 15-დღიანი პატიმრობით იცვლება.

საზოგადოების ნაწილის შეფასებით, საკანომდებლო ცვლილებები საბჭოთა პერიოდის აღდგენაა, როცა რეჟიმი კანონმდებლობას დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებდა.  ალექსანდრ ვერხოვსკი, რომელიც ანტიექსტრემისტულ კანონმდებლობას იკვლევს, The Guardian-თან ამბობს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ადამიანების სამართლებრივი დევნა დაიწყება ინტერნეტში კომენტარების გამო, მაგალითად: “პუტინი ნაბიჭვარია”, ან პარლამენტზე ხუმრობის გამო.

“მალე ხალხი ხელისუფლებაზე ხუმრობების თქმას სამზარეულოში, ისიც ჩურჩულით თუ გაბედავს”,- წერს რუსი იურისტი სერგეი შხვაკინი. კანონპროექტის ავტორი რუსეთის მმართველი პარტიის, Единая Россия-ს წევრი ანდრეი კლიშასია. დუმის მიერ მიღებულ კანონს ძალაში შესასვლელად პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერაღა აკლია.

ამასთან, რუსეთის პარლამენტმა ასევე დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც ხელისუფლებას ექნება უფლება, ინტერნეტში დაბლოკოს ვებ-გვერდები, რომლებიც “შეურაცხმყოფელ” და ფეიკ ნიუსებს ავრცელებს. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი დეპუტატი კლიშინია, რომელიც ირწმუნება, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ კანონს დამოუკიდებელი ან ოპოზიციურად განწყობილი ვებ-გვერდების წინააღმდეგ არ გამოიყენებს. მეტიც, ის გავლენას არ მოახდენს ე.წ ტრადიციულ მედიაზე.

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *