ზღაპრად მოყოლილი „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“

როცა ამ წიგნის აღმართს შევუდექ და აუდიოწყაროს რაკრაკს მივუგდე ყური – ნებაყოფლობითი ილუზიის ბადეში თბილად გამოხვეულსა და ჩათბუნებულს მეგონა, და ვიმედოვნებდი კიდეც, რომ ჩემს ზღვარგადასულ და საყოველთაო პასუხისმგებლობის გრძნობას ნატიფად და მოხდენილად დავუძვრებ-დავუსხლტებოდი; ის კი არადა, თავად მას შევიტყუებდი იმ გახუნებულ და გვარიანად დაფხავებულ ბადეში – მე რომ ასე მბოჭავდა და ხელ-ფეხს მიკრავდა.

მერე კი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ერთი კარგად მოვისვრიდი სადმე შორს, გარდასულ დღეთა თვალუწვდენელი და უკიდეგანო ოკეანის ფსკერზე დასავანებლად.

თვალი მალევე ამეხილა და მივხვდი, რომ ლაჟვარდოვანი ოცნების იალქნებმა ზედმეტად შორს გამიტაცა და ჩემი უხილავი მოლოდინი მოკრძალებასა შინა გავხედნე.

რაღა ბევრი გავაგრძელო. სიმართლე გამხელილი სჯობს და ყაბულს ვიყავ, მასზედ რომ ეს გადაჭარბებული და ყოვლისმომცველი პასუხსმგებლობის განცდა ყველგან და ყველაფერში – რამდენადმე განზავდებოდა და განქარდებოდა კიდეც – ჩემი ოცნების იალქნებისა დარად, მაგრამ. . . .

სულ სხვაფრივ კი გამოდგა საქმე. . . .

ყველა გენიალური გადაწყვეტა ხომ საბოლოო ჯამში მარტივ ჭეშმარიტებამდე დაიყვანება და ბუნების ამ დაუწერელ კანონს ვერც ამჯერად ავუქციე გვერდი.

მარკ მენსონისეული უმარტივესი და ყოფიერებაში არცთუ მარტივად დასანერგ-გასაჟღერებელი აკორდი კი – „აწ უკვე მრავალჯერ ნამღერი“, ოღონდ ახლებურად და თანამედროვედ გარემიქსებული გენიალური არია აღმოჩნდა. თურმე ნუ იტყვით და, მთელი მისი არსი – შავი და თეთრი კლავიშების ერთმანეთისგან გამიჯვნა-განცალკევებას გულისხმობს.

ნუ დაზარდებით და ნურც დაგენანებათ – მეზობელ-ნათესავთა თუ „არამკითხე მოამბეთა“ „ძვირფასი ქერცლი“ მყის განიძარცვეთ და ასე განსაჯეთ – თქვენი პიროვნებისა და შინაგანი მე-სთვის – რა იქნებოდა ნამდვილად ღირებული და უმთავრესი?

ამიერიდან, მთელი თქვენი ძალისხმევა და გულისყური თქვენს მიერ გამოხშირულ პრიორიტეტებზე მიმართეთ; ხოლო, ხანგრძლივ პერსპექტივაში ყოვლად უსარგებლო „თვალში ნაცარზე“ ძვირფას დროსა და სასიცოცხლო ენერგიას ნუღარ გაფლანგავთ.

მერწმუნეთ, თუ თქვენს ნამდვილ მოწოდებას ასაზრდოებთ და ემსახურებით – მიხვდებით, რომ გამწევი ძალა, რაღაც ეფემერული აპლოდისმენტებისა და წარმოსახული დიდებით დაგვირგვინებული წარმატების მოლოდინი კი არა – თავად ეს „მუშა პროცესია“; რომელიც თქვენი სულისათვის ყუათიან და გემრიელ საზრდოდ გექცევათ; ამის გაცნობიერება კი, თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ და სიზარმაცესაც კუდით ქვას ასროლინებს.

თქვენს ცხოვრებას რაც შეეხება; ვერ შეგპირდებით, რომ იოლად და ჰაიჰარად წარიმართება; თუმცა, შემოქმედებითად მრავალფეროვანი და სისხლსავსე, უწყვეტი დახელოვნება-განვითარების ფართო და მზიან ასპარეზად კი – უცილობლად გარდაიქცევა.

თქვენი შინაგანი ბავშვის გაცუღლუტებისა იყოს, ჩემო მეგობრებო! 🙂

გამოიწერე
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა