მენტალური მონობის რეცეპტი ორუელის და ჰაქსლის მიხედვით

თუ წაგიკითხავს ჯორჯ ორუელის “1984” და ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო“, ალბათ ფიქრობ, რომ ამ ორ ნოველას არაფერი აქვს საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე დისტოპიურ მომავლის საზოგადოებას აღწერს.

ამის მიუხედავად, ორივე წიგნი გვთავაზობს მენტალური მონობის მსგავს რეცეპტს, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში აქტიურად გამოიყენება.

ჯორჯ ორუელის საზოგადოება

1984-ში ჩვენ ვეცნობით უფერულ მსოფლიოს, რომლის მცხოვრებლებსაც დაუნდობელი დიქტატორული მმართველობა შიშში ამყოფებს. ორუელის საზოგადოება არამარტო სიტყვის თავისუფლებას ახშობს, არამედ ის კრძალავს აზრების თავისუფლებასაც და ინდივიდუალობასაც.

ტერორის მეთოდები, როგორებიცაა აბსურდული ომის პროპაგანდა და ტოტალური მეთვალყურეობა, ადამიანების გონებიდან კრიტიკული აზროვნების არსებულ მცირე მარცვალსაც აქრობს. ისინი, ვისაც კვლავ შემორჩენია გარკვეული ხარისხის კრიტიკული აზროვნება, იდევნება და აზრის პოლიციის ხელით ნადგურდება.

არავინაა უსაფრთხოდ – ამ ტოტალიტარულ საზოგადოებაში ხალხი მეზობლებს და თანამშრომლებს არასწორი საქციელის ჩადენისთვის ავტორიტეტებთან აბეზღებს, ისევე მარტივად, როგორც ბავშვები საკუთარ მშობლებს.

ოლდოს ჰაქსლის საზოგადოება

საოცარი ახალი სამყარო აღწერს საზოგადოებას, რომელიც ბევრი რამით გავს ჩვენს ახლანდელ საზოგადოებას. ის აგებულია უჭკუობის სტიმულირებაზე და ზედაპირულ სურვილებზე.

არ არსებობს ოჯახის, ურთიერთობის, ან სიყვარულის კონცეფცია – “ყველა ეკუთვნის სხვა ყველას” – ნიშნავს, რომ არ არსებობს ვალდებულებები და მჭიდრო კავშირები ადამიანებს შორის.

არა მხოლოდ ოჯახები და ადამიანებს შორის ემოციური კავშირებია გამქრალი, არამედ ადამიენებს შორის მსგავსი კავშირის არსებობის იდეა, შეუფერებლად და სირცხვილადაა მიჩნეული.

აქ, აზრების თავისუფლება შეზღუდულია 1984-ისგან განსხვავებული გზით – ადამიანებისთვის გლობალური ბედნიერების და სიუხვის ილუზიის ჩანერგვით. არსებობს უამრავი სხვადასხვა საჭმელი, სხვადასხვა ნივთები და გასართობები, რომლითაც დროის გაყვანა შეიძლება.

ვინ შეიძლება იყოს უბედური ასეთ საზოგადოებაში?

მენტალური მონობის რეცეპტი

ორივე დისტოპიურ საზოგადოებაში ადამიანი გადაქცეულია უჭკუო მონად, გონების კონტროლის და სოციალური მდგომარეობის მეშვეობით. მაშინ, როცა მეთოდები განსხვავებულია, არსებობს ერთი ხაზგასასმელი პრინციპი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშიც აქტიურად გამოიყენება:

შეინარჩუნე ადამიანები იმდენად საქმით დაკავებული და თავგზააბნეული, რამდენადაც შესაძლებელია.

ორივე წიგნში, ადამიანებს იშვითად აქვთ შესაძლებლობა საკუთარ თავთან დარჩენის. ისინი გამუდმებით არიან ჩართული სოციალურ აქტივობებში სამსახურშიც და მოცალეობის ჟამსაც. ამ აქტივობების გაცდენის სურვილი აღქმულია როგორც ამბოხი თავად საზოგადოების წინაშე.

განმარტოებისკენ სწრაფვა არამხოლოდ დათრგუნულია – მიჩნეულია, როგორც არანორმალური და საზიანო. ყველა, ვისაც მარტო დროის გატარება უყვარს, პათოლოგიურია და მსხვერპლად ქცეული.

ციტატა 1984-დან:

კანონით, პარტიის წევრს არ ჰქონდა თავისუფალი დრო, და არასდროს იყო მარტო, გარდა საწოლისა. ნავარაუდევი იყო, რომ თუ ის არ მუშაობდა, ჭამდა ან არ ეძინა, მონაწილეობა უნდა მიეღო გარკვეული სახის საზოგადოებრივ გართობაში. ისეთი რამის გაკეთება, რასაც მარტოობის გემო მოჰქონდა, სასეირნოდ მარტო წასვლაც კი, ყოველთვის ოდნავ სახიფათო იყო.

და “საოცარი ახალი სამყაროდან”:

“მაგრამ, ადამიანები ახლა არასდროს არიან მარტონი,” – თქვა მუსტაფა მონდმა. “ჩვენ მათ მარტოობას ვაძულებთ; და მათ ცხოვრებებს ისეთად ვაწყობთ, რომ არასდროს შეეძლოთ მისი მიღება.”

მენტალური მონობა ჩვენს საზოგადოებაში

და რა კავშირია ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას და ამ დისტოპიურ საზოგადოებს შორის? საბედნიეროდ, ჩვენ სამსახურიდან არ გვათავისუფლებენ ან აზრის პოლიციის მსხვერპლები არ ვხდებით იმის გამო, რომ პარასკევი დღის სახლში მარტო გატარება გადავწყვიტოთ.

თუმცა, თუ დავუკვირდებით ჩვენ ვცხოვრობთ გამუდმებული დისტრაქციის მსოფლიოში.

ჩვენი გადატვირთული გრაფიკები საშუალებას იშვითად გვაძლევს საკუთარ აზრებთან მარტო დარჩენის, სმარტფონები დღეში 24 საათის განმავლობაში მთელ მსოფლიოსთან დაკავშირებულს გვამყოფებს და ტელევიზიები ჩვენს გონებას აჩლუნგებს სხვადასხვა ფორმის ნონსენსით.

არსებითად, ჩვენ არასდროს ვართ მარტო, ისევე როგორც ამ ორი ნოველის პროტაგონისტები. შემთხვევითი არაა, რომ სოციალური აქტივობები თავს მოხვეულია ორივე ნოველის საზოგადოებაზე. როცა, ადამიანი მარტო რჩება, ის ფიქრობს.

რაც მეტ დროს გაატარებ საკუთარ თავთან, მით უფრო ცნობიერი გახდები. მით მეტია შანსი, გაგიჩნდეს კითხვები საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, სხვა ადამიანებზე და იმ სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობ.

შენ სწავლობ დამოუკიდებლად ფიქრს და გიყალიბდება დამოუკიდებელი აზრები ყველაფრის შესახებ. შენ წყვეტ არაცნობიერ მოხმარებას უამრავი უსარგებლო ინფორმაციის და გამოუსადეგარი რამის.

და არცერთ საზოგადოებას არ სურს ცნობიერი და კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდები, რადგანაც რაღაც დროის შემდეგ ასეთი პიროვნება გარდაუვლად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს თავად საზოგადოებასაც.

ადამიანი ბევრად მარტივად გასაკონტროლებელია, როცა მისი ყურადღება გადატანილია ჭორებზე ცნობილი ადამიანების შესახებ, სატელევიზიო შოუებზე და საინფორმაციო გადაცემებში მოსმენილ შემაწუხებელ ამბებზე. ან როცა, ადამიანი მხოლოდ ზრუნავს საკუთარი იმპულსების და ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე, სიამოვნების, ფულის და პატივმოყვარეობის გამო.

როგორც ხედავ, საჭირო არაა კომპლექსური გონების კონტროლის ტექნიკები ადამიანების მენტალური მონობის ხაფანგში მოსაქცევად. უბრალოდ, ამყოფე ხალხი საქმით დაკავებული და თავგზააბნეული.

და ეს ისაა, რის შესახებაც გვაფრთხილებდნენ ოლდოს ჰაქსლი და ჯორჯ ორუელი თავიანთ ლიტერატურულ შედევრებში, თითქმის 70 წლის უკან.

ორიგინალი სტატია: Learning Minds

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x