-‘დავიკარგე მამაო, დავიკარგე… სულის სიმშვიდე აღარ მაქვს. აღარ ვიცი ვის დაველაპარაკო…’

-‘ილოცე შვილო ჩემო და მოგეშვება.’ – მღვდელი რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. არა – მე მელაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. – შემოსვლის წინ ვინატრე, ნეტა კათოლიკე ვიყო. შევიდოდი სადღაც ოთახში და ასე მოვუყვებოდი ყველაფერსთქო, ასე კი ალბათ ცახცახი ამიტანს და ვერაფერს ვიტყვითქო. ახლა კი წინ ვიყურებოდი, არც ვცახცახებდი, ვერც ვერაფერს ვგრძნობდი; ეს წვერიანი კაცი, კეთილი სახით რომ შემომცქეროდა, ღმერთი არ იყო ჩემს სულში გარდაქმნები რომ მოეხდინა. ან კი რა საჭიროა ამისთვის ღმერთი, ერთ უბადრუკ შემთხვევასაც კი აქვს ამის ძალა.

ისე, თვალებში მაინც ვერ ვუყურებდი; ეკლესიაში წლებია უკვე არ ვყოფილიყავი და თითქოს რაღაცის მრცხვენოდა, თითქოს ვიღაცის წინაშე დამნაშავე ვიყავი. მართლაც, ღმერთი გასაჭირში ახსენდებათ მარტოო – მეცინებოდა ხოლმე, ღმერთი სულ ჩემთანაა და ახლაც ხო ხედავთ სულ პირჯვარს ვიწერ ხატების წინ გავლისასთქო – უხილავ ბრბოს ველაპარაკებოდი. ისინიც რა თქმა უნდა თავს დამიკრავდნენ და ასე ვცხოვრობდი ილუზიებში. ისე, რაღაც მხრივ კაი იყო ის დრო, ბავშვობა, დრო, როცა არ გჭირდება მომავალზე ფიქრი, დრო როცა არსად გეჩქარება და დრო, როცა ის მომენტიც კაია, რომელშიც ცხოვრობ.

შიშები თითქოს წავიდაო, ფიქრობდა, არა ხელოვნურ აუდიტორიას უმტკიცებდა მსახიობი და ისინიც ტაშს უკრავდნენ – ხო ხედავ, ახლა სულ შევიცვალეო, აღარც ღმერთის წინაშე ვიჩოქები და აღარც აქაური ავტორიტეტებისთქო – თითქოს და გავიზარდე და წინ რაღა უნდა გადამიდგესთქო.. – ეს პერიოდიც კარგი იყო რაღაცნაირად. – ისევ ბავშვობა, მაგრამ თავი რო დიდი გგონია. – მარა ისიც წავიდა, თან წავიდა ისე, რომ ასეთი დამტოვა, როგორიც ახლა ვარ…

მამაო ლაპარაკს აგრძელებდა, ალბათ რამე იგავებს მიყვებოდა, ცდილობდა გამოვეფხიზლებინე. თუმცა, ამაოდ… – ის კაცი მიყვარდა, შავი კაბით ირო იდგა ჩემს წინ და მკაცრი თვალებით მიყურებდა. მართალია, პირველად ვხედავდი, მაგრამ მაინც მიყვარდა, რადგან მას სჯეროდა იმის რასაც ამბობდა. სჯეროდა, რომ უფალი თავზე დასცქეროდა და მის სიტყვებს ძალას აძლევდა… იქნებ მმეც მჯეროდა.

სულ ცარიელი იყო ეკლესია და მაგრად გრილოდა. ბოლო სიტყვა გავიგონე მამაოსგან ‘ღმერთმა დაგლოცოსო’, ხელი თავზე დამადო და ახლა ილოცეო მითხრა.

მეცინებოდა ჩემს თავზე, მუხლებზე ვიდექი და ხატს ვუყურებდი, ასე, უსირცხვილოდ, არა იმის გამო, რომ მელოცა – მსიამოვნებდა ეკლესიის თავისებური სუნი, ნიავი, რომელიც სარკმლებიდან შემოდიოდა და სიჩუმე, რომელსაც ჩემი უსწორმასწორო გულისცემა არღვევდა. ალბათ ვილოცებდი კიდეც, თუმცა ლოცვაც რომ არ ვიცოდი?

მართლაც სასაცილო ვიყავი… წინიდან ლამაზად დახატული იესო მიმზერდა – ალბათ რამდენი ეწვალა ხატმწერს, მარა კაი კი გამოსვლია – ნეტავ როგორია როცა უფალს შენი ხელით ქმნი? სულის შთაბერვა არ სჭირდება, თორე შენც შემოქმედი ხარ, ჩვეულებრივად…

გასვლა მინდოდა, სადმე მინდოდა წასვლა, სადმე დიდი ხიდიდან გადახტომა და დაუსრულებელი ფრენის ილუზია – რო მცოდნოდა მართლა სულ ვიფრენდი ახლავე ვნახავდი სადმე კაი მაღალ ხიდს და გადავეშვებოდი; ისე, ვის უნახავს სიკვდილი, იქნებ და უკვდავები ვართ, იქნებ და აქ რო დრო ჩერდება სხვაგან გრძელდება. მარა, ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებდა. ან კი რამ დამაკარგვინა სულიერი სიმშვიდე, არ ვიცი, მაგრამ ვხვდებოდი, რაიმე რო დაკარგო შენი უნდა იყოს, ეგ რაღაც კი ყოველთვის მოპარული მქონდა თითქოს; ვფიქრობდი, გულის თუ გონების შიგნით შრეებია, რამდენადაც ღრმად შედიხარ, ხვდები რა ზედაპირაზე გიცხოვრია ამდენ ხანს; იქნებ და ზედაპირზე უკეთესია ვიდრე ფსკერზე მწოლარე. ფსკერზე გამახსენდა, სადღაც წამეკითხა, იმისთვის რომ აღსდგე, ჯერ ბოლომდე უნდა განადგურდე, ბოლომდე უნდა დაეცეო – მაგრამ სად დავცემულიყავი.?

ღმერთი რო ვიღაც ჩვენგანი ყოფილიყო ალბათ სიცილით გაიგუდებოდა ჩვენს მოქმედებებზე. მარა, ჩვენ რო ყველა ღმერთები ვიყოთ ეგ უფრო გაასწორებდა, არც დაბადება მოგვიწევდა და არც ფიქრი. მარა ერთი კია, ალბათ მთელი ცხოვრება საკუთარი თავის ძიებაში გავატარებდით და მაინც ვერ ვიპოვნიდით. მერე გვეგონებოდა რო მარტო ვართ და შეიძლება საკუთარი დედამიწაც შეგვექმნა პატარა ადამი და ევათი. – ირონია იქეთ იყოს და ამასწინათ ერთ ტიპს შევხვდი, და ჩემი თავი გამახსენდა რამდენიმე წლის წინანდელი, – მივხვდი, რო მე მარტო ამ წამს ვცხოვრობდი, მარტო ერთ წამი მქონდა ცხოვრებისთვის და ამ რაღაცასაც ათასობით მე წერდა; ნეტავ რომელ მეს ეცხოვრა ყველაზე ბედნიერად ან მეორედაც თუ ცოცხლდებოდნენ ეს ძველი მეები. კაი იქნებოდა ერთი დიდი არქივი მქონოდა, ჩემი მთელი ცხოვრება რო გადამეხვია და ის მომენტები გამეხსენებინა სადაც გულწრფელად ვიყავი ბედნიერი.

რამდენჯერ ყოფილა მსგავსი რამ, რამდენჯერ მიფიქრია, დრო რომ გავა, ხო ვიცი რაღაც მომენტში ცუდად ვიქნები, და მახსოვდეს რომ იყო დრო როცა ბედნიერი ვიყავითქო. ოდესმე თუ თავს ცუდად ვიგრძნობ და ცხოვრების ხალისს დავკარგავ, გავიხსენო რო ჩემი ცხოვრება ღირდა რადგან ერთხელ მაინც ბედნიერი ვყოფილვართქო. რამდენჯერ ყოფილა ასეთი მომენტი… რამდენჯერ, ვერც კი ვიხსენებ, აღარ მჭირდება თუ რატო გაქრნენ ჩემი გონებიდან…

დატოვე კომენტარი