მოკლედ კატის გამოცდის შესახებ

 

ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კატის გამოცდის გაუქმებამ. ნაწილი წუხს ამ სიახლეზე, ნაწილი კი მიესალმება. მაგრამ ვერავინ იტყვის რეალურად რა სარგებელი მოჰქონდა დღემდე ამ ხელოვნური ბარიერის არსებობას.

მოსწავლეებში განათლების ამაღლებას უწყობდა ხელს?

არა

სინამდვილეში ეს გამოცდა იყო პედაგოგებისთვის ფულის მარტივად კეთების ერთ-ერთი ბერკეტი. ანუ ხალხის ნაწილი ამით ფინანსურ სარგებელს იღებდა, მეორე ნაწილი კი ხარჯავდა იმის ილუზიით რომ შვილი განათლებას იღებდა.

აი გეტყვით რას ვგულისხმობ.

დღევანდელი განათლების სისტემა იმდენად უსუსურია რომ სკოლაში მიღებული ცოდნა ამ ხელოვნური ბარიერების გადასალახადაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი.

ეს ყველამ იცის ამ ქვეყანაში.

მასწავლებლებიდან დაწყებული მშობლებით დამთავრებული.

ხოდა რა ხდება ეხლა…

ვინაიდან ეს ცოდნა როგორც წესი საკმარისი არ არის გამოცდის ჩასაბარებლად, ამიტომ დამატებითი ცოდნის წყაროა მისაგნები. ცოდნის რაა ეხლა, მართლა ცოდნა ვის რაში აინტერესებს, აი იმ ცოდნაზე ვამბობ იქ გამოცდებზე რასაც ითხოვენ.

ამიტომ მშობლებს უწევთ თავიანთი შვილების რეპეტიტორებთან ტარება.

ვინ არიან ეს რეპეტიტორები?

ძირითადად ისევ იმავე სკოლის პედაგოგები, რომლებიც დამატებით ფულს გამოიმუშავებენ მოსწავლეების, მათი მშობლების და სისტემის მოტყუებაში. ისინი ახლა უკვე თავიანთ სახლებში იბარებენ აბიტურიენტებს და პრავის ბილეთებივით აზეპირებინებენ ტესტებს, რომლისგანაც ზოგი მართლა ერთი ერთში ემთხვევა გამოცდაზე მოსულს.

 

 

 

“კერძოდ მომზადებული” აბიტურიენტები მართლა აბარებენ გამოცდებს მათზე უკეთ, ვიდრე ისინი ვინც დამატებით რეპეტიტორთან არ დადიოდნენ.

ეს განსხვავება რაც უფრო დიდი და მკაფიოა, მით უფრო ბედნიერები არიან ამ სისტემაში მომუშავე პედაგოგები (ყველა არა), რადგან მით უფრო მეტი პოტენციური “კლიენტი” ეყოლებათ მოსწავლეების სახით, რომლებიც კერძოდ მოემზადებიან მათთან და მოუტანენ მეტ ფულად სარგებელს. ნუ რადგან ეს პრაქტიკა უკვე საყოველთაოდ დანერგილია, ამიტომ პედაგოგებს ეკარგებათ მოტივაცია, რომ სკოლაში რეალურად მისცენ ბავშვებს ცოდნა.  ცოდნა იქეთ იყოს და გამოცდებისთვისაც აღარ ამზადებენ. მეტიც, ხშირად ის მოსწავლეები, რომლებიც კერძოდ არ ემზადებიან, განიცდიან სისტემატიურ ბულინგს თავისივე პედაგოგისგან.

 

მოკლედ იმდენი სიმახინჯე და მავნებლობაა, რომ ყველაფრის თქმა მეთვითონ მიტყდება უკვე.

მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი.

კატის გამოცდა ამ სიმახინჯისათვის ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი იყო.

ილუზიაში ამყოფებდა ბავშვებს, რომ თითქოს ისინი რეალურ ცოდნას იღებდნენ, რომ თითქოს იმას სწავლობდნენ რაც ცხოვრებაში გამოადგებოდათ. ტყუილად ხარჯავდნენ დროსა და ენერგიას, მათი მშობლები კი ფულს.

კატის გამოცდის გაუქმება რა თქმა უნდა ერთიანად არ უშველის ამ ჭაობს, მაგრამ ერთი პატარა ნაბიჯი იქნება გადადგმული ნაკლებად უარესი მდგომარეობისაკენ.

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *