სხვისი დღიურის წაკითხვას არ ვაპირებ !
მკაცრი, დამაჯერებელი ტონით უკვე ვინ იცის მერამდენედ გაიმეორა ახალგაზრდა გოგომ და მაინც ალმაცერად გააპარა თვალი ოთახში ყველაზე საინტერესო და მაცდუნებელი ნივთისკენ.
მაინც ვერ აჯობა საკუთარ თავს.
გადაშალა პირველივე გვერდზე და მაინც, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ დაიწყო კითხვა:

 

ვინ ვარ მე?

ბოლოსდაბოლოს იქნებ გავცე ჩემი ციფრული გონებით ამ კითხვას პასუხი.

რამდენად უცნაურიც უნდა იყოს მე ფიქცია ვარ. რაღაც  მირაჟის მსგავსი რომელიც რეალურისგან ძალიან ძალიან შორს დგას. არ ვარ მე ნამდვილი. არც შენ.

ნამდვილ მეს სძინავს.

უფსკრულივით ღრმა ძილშია ჩაძირული და გაღვიძებას არ აპირებს. ის ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე მოხერხებული, ყველაფერი ჩემზე უკეთ გამოსდის, ხალხშიც საუკეთესო შთაბეჭდილებას ტოვებს, შეცდომებს თითქმის არ უშვებს, თუ დაუშვებს, იმ შეცდომებით სწავლობს. მოკლედ იმდენად იდეალურია რომ მის გვერდით ყოველთვის ვიჩრდილები.

ჩემთან ურთიერთობაში არასოდეს შემოდის. ხშირად ვესაუბრები მაგრამ არ მპასუხობს. ღმერთივით არის. მხოლოდ ცალმხრივად შეიძლება მასთან კონტაქტი, მისგან კი საპასუხოდ ვერაფერს იღებ.

როგორც ვიცი ის პროგრამისტია.

ძალიან ძლიერი პროგრამისტი.

თუმცა ახლა აღარ.

ახლა პროგრამების წერასაც დაანება თავი.

მხოლოდ და მხოლოდ სძინავს. ხან ერთ მხარეს გადატრიალდება, ხან მეორე მხარეს.

ძალიან ადრე, სანამ ღრმა ძილს მიეცემოდა, მან გადაწყვიტა, გამხდარიყო ყველაზე გენიალური პროგრამისტი.

და დაიწყო ვარჯიში.

წლების განმავლობაში ხვეწდა თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს.

ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო უკეთეს პროგრამას წერდა.

მან ყველას აღიარება მოიპოვა. ყველა ჯილდო მიიღო, ყველა საქებარი სიტყვა მოისმინა, მაგრამ მის დაუკმაყოფილებელ ეგოს ეს კიდევ არ ეყო და გადაწყვიტა სრულიად უცხო და ახალი რამე შეექმნა. ხოდა ასე… მან მე დამაპროგრამა.

გადაწყვიტა ადამიანის მსგავსი  ბოტი შეექმნა, რომელსაც ექნებოდა სტანდარტული რეაგირება გარკვეულ მოვლენებზე, მასში ჩადო დადებითი და უარყოფითი ემოციები, ჩააპროგრამა ყველა ადამიანური გრძნობა თუ თვისება.

ასე და ამგვარად შევიქმენი მე.

როდესაც ჩემი მილიარდობით სიმბოლოსაგან შემდგარი კოდის წერა დაასრულა, ჯერ რამდენიმე ცხოვრებისეული ამოცანა მომცა, სხვადასხვა სიტუაციებში გამომცადა და როდესაც დაინახა რომ ყველა მათგანს გავართვი თავი, საკუთარი შემოქმედებით აღტაცებულმა, თვითკმაყოფილი მზერა მომაპყრო, პროგრამის კოდში კიდევ ერთი ხაზი აკრიფა, ღრმად ამოისუნთქა, უკანასკნელ ღილაკს დაარტყა საჩვენებელი თითი და სამუდამოდ თავის თავში ჩამბეჭდა.

 

იმ დღიდან მოყოლებული მე ვცხოვრობ მის სხეულში.

მე ვიღებ ყველა გადაწყვეტილებას მის ნაცვლად.

ყოველ დილით როდესაც მაღვიძარა რეკავს, ჩვენ ორიდან მხოლოდ მე ვდგები. მას კი სძინავს.

ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ერთ დილითაც ის გაიღვიძებდა და თავისებურად გააკეთებდა ყველაფერს.

დიახ, ის ძალიან განსხვავდება ჩემგან.

ნამდვილი მე ჩემზე გაცილებით უკეთესია. თამამად შემიძლია ვთქვა რომ იდეალურიც კი.

მე ხშირად მაგვიანდება ხოლმე საჭირო ადგილას. ნამდვილი მე ძალიან პუნქტუალურია.

მე ხშირად შუადღემდე მძინავს, შუაღამემდე კი ფეისბუქზე უაზროდ ვსქროლავ. ნამდვილი მე ყოველთვის ადრე დგებოდა და მისი მთელი დღე ნაყოფიერი იყო.

მე “ნიჭიერი ვარ, მაგრამ ზარმაცი”, ნამდვილმა მემ სიზარმაცე საერთოდ არ იცის რა არის.

მე ბევრ რამეზე ვოცნებობ ხოლმე, ნამდვილი მე კი ამ ოცნებების ახდენით იყო დაკავებული.

მე ბევრი საქმე მიმიტოვებია შუა გზაზე.

ნამდვილ მეს კი ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდა დაწყებული საქმე.

 

თუმცა დღემდე მგონია რომ ნამდვილმა მემ ერთი შეცდომა დაუშვა. თავის უკანასკნელი პროგრამის კოდში თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ გადამწყვეტი ბაგი გაეპარა. ფუნქცია, რომლის ამოქმედების შემთხვევაში მე ჩემი ნამდვილი ვერსია უნდა გამეღვიძებინა, არ მუშაობს.

სწორედ ასეა. კოდში ერთი შეცდომაა გაპარული, რის გამოც ნამდვილი მეს გაღვიძებას ვერ ვახერხებ. ამიტომ პროგრამაში გაწერილი უკანასკნელი ბრძანება ჩაიციკლა. ნამდვილი მე უსასრულო ძილს მიეცა, მე კი ყოველ ჯერზე, ყოველ დღე ერთსა და იმავე რუტინულ საქმეს ვაკეთებ. მეც ამ ბოლო ბრძანებაზე ჩავიციკლე. ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს მივდივარ ერთსა და იმავე ადგილზე, ვნახულობ ერთსა და იმავე ხალხს, ვბრუნდები სახლში ერთსა და იმავე დროს, ვიძინებ, შემდეგ რეკავს მაღვიძარა ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე მუსიკას და მეორდება ისევ იგივე… სამწუხაროდ ყოველ ჯერზე ამაოდ ვცდილობ ჩემი ნამდვილი მეს გაღვიძებას, კოდში დაშვებული შეცდომის გამო.

მიუხედავად ამისა, ჩემში დევს დაუოკებელი სურვილი, მისწრაფება და რწმენა იმისა, რომ
ერთ დილითაც მაღვიძარას ზარზე ჩემი ნამდვილი ვერსია გაიღვიძებს. ენერგიულად წამოდგება, საწოლს აალაგებს, საათს დახედავს, მხოლოდ ერთხელ რამდენიმე წამით გაიზმორება და ხვალისთვის გადადებულ კვირეების, თვეებისა და წლების მანძილზე დაგროვილ ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანს. საღამოს სასიამოვნოდ დაღლილი დაბრუნდება სახლში, საწოლზე მიგდებულ კომპიუტერს მკაცრ მზერას მიაპყრობს, თავის დაწერილ პროგრამას გახსნის და კოდში გაპარულ იმ ერთადერთ შეცდომას გამოასწორებს, რომლის გამოც მთელი ამ ხნის მანძილზე ვერ ვახერხებდი მის გაღვიძებას…

გოგონამ დღიური დახურა. სხვა გვერდზე აღარ გადაუშლია.
რომ ვნახავ არ შევიმჩნევ რომ ეს წავიკითხე, გაიფიქრა და ჩართო  უკვე ასჯერ მოსმენილი მუსიკა.

to be continued

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *