“სამ ენაზე ვსაუბრობ…” – 13 წლის გიდი, რომელიც ფულს განათლების მისაღებად აგროვებს

სამაგალითო და თვითდასაქმებული მოზარდები ბოლო დროს მოზარდები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, ფული საკუთარი შრომით იშოვონ. ამჯერად ორ ისეთ ახალგაზრდაზე მოგიყვებით, რომლებიც მართლაც რომ სამაგალითოები არიან სხვებისთვის.

13 წლის სოფია არაბული დედისერთაა, დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში ცხოვრობს. პატარა კაფანდარა გოგონა ზაფხულობით თავის სოფელში, ჯუთაში ადის და იქ ჩასულ ტურისტებს გიდობას უწევს. ორი ცხენი ჰყავს, “ბიჭს” სულთანი ჰქვია, “გოგოს” – ალისა. მერვეკლასელი გოგონა სამ ენაზე საუბრობს და ამიტომ უადვილდება ტურისტებთან ურთიერთობა.
– ჟინვალის სკოლაში ვსწავლობ, იქ ვცხოვრობთ, მაგრამ ზაფხულობით ავდივარ ჯუთაში და იქ ვმუშაობ. მანამდე მამაჩემი დადიოდა. 7 წლის ვიყავი, როცა მეც მომინდა, მამას გავყოლოდი და კარგად გამეცნო ის ადგილები. ძალიან მომეწონა იქაურობა. ისტორიაც შევისწავლე და გადავწყვიტე, გიდობა მეც დამეწყო. პირველად მამა გამომყვა, ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან უცხო ენაზე საუბარს არ ვიყავი შეჩვეული, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და ძალიან შევეჩვიე.
– შენი ცხენით ტურისტი მიდის და შენ ფეხით მიჰყვები?
– დიახ, ჩემი ცხენით სხვა მიდის და მე მივყვები, საინტერესო ამბებს ვუამბობ. ძალიან გამიტაცა ამ საქმემ და მომავალშიც ვაპირებ, მივყვე. მინდა, მეტი ენა ვიცოდე. სკოლის დამთავრების შემდეგ ვაპირებ “აღმოსავლურებზე” ჩავაბარო და ვისწავლო არაბული და ასევე სხვა ენები. ახლა ვიცი ინგლისური, რუსული და ებრაული.
– არაბული რატომ გინდა შეისწავლო? ბევრი არაბი დადის აქ?
– არაბული ვარ გვარად და ჩემი გვარიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩავაბარო და არაბული ენა კარგად შევისწავლო. აქ ყველაზე ხშირად ებრაელები დადიან. ეს ენა უკვე ვიცი და კომუნიკაცია თავისუფლად შემიძლია.
– ცხენზე ჯირითი როდის ისწავლე? 
– 5 წლის ვიყავი, ცხენზე რომ დამსვეს. 7-8 წლის უკვე დამოუკიდებლად ვჯდებოდი. ორი ცხენი მყავს, ბიჭს სულთანი ჰქვია, გოგოს – ალისა და ორივე მემორჩილება. მიხარია, ჩემი ფული რომ მაქვს, ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს შრომაში იღებ გასამრჯელოს და მერე საკუთარ სურვილებსაც იკმაყოფილებ.
– რაში დახარჯე პირველად გამომუშავებული ფული?
– თავიდან არ მქონდა ტელეფონი და ის ვიყიდე. ყოველ ზაფხულს მაქვს ჩემი შრომით ფული, ვაგროვებ ამ თანხას და სკოლისთვის ვინახავ, ძირითადად განათლებაში ვხარჯავ. თუ რომელიმე საგანი მიჭირს, იმ საგანში ვემზადები და თანხას მე ვიხდი.
– როცა ტურისტთან ერთად მიდიხარ მარტო, საშიშროება არ არის? 
– არასოდეს მქონია პრობლემა. თითქმის სულ მარტო დავდივარ. მშობლებიც მშვიდად არიან, რადგან იციან, საფრთხე არ მემუქრება. მამაც გიდია. საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს და ვცდილობ, სურვილები ავისრულო. მინდა უცხოეთშიც წასვლაც.
– როცა ასეთ პატარა გოგოს ხედავენ გიდად, არ უკვირთ?
– გაკვირვებულები არიან, როცა ხედავენ გზას, მანძილს და ხვდებიან, როგორი რთულია იქ ფეხით სიარული. კმაყოფილები ნამდვილად არიან ჩემი გიდობით.
14 წლის ნიკა არაბული უკვე რამდენიმე წელია, გიდად მუშაობს. ისიც ჯუთაში ადის ზაფხულობით და უამრავ ტურისტთან უწევს ურთიერთობა.
– ჩემი სოფელი არის ულამაზესი ჯუთა, ალპური ზონაა, იქ შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. ზაფხულში ბევრი ტურისტი ამოდის და ვუწევთ მეგზურობას, ვართ მათი გიდები და ვუყვებით ჩვენს სოფელზე საინტერესო ამბებს. 9 წლის ვიყავი, პირველად რომ მომინდა, ოჯახს დავხმარებოდი და ჩემი მოსამზადებელი ფული მეშოვა. პირველი ტურისტები ძალიან კარგად მახსოვს, უკრაინელების ჯგუფი იყო. ფინიშთან როცა მივედით, კაცმა თავის მეგობარ გოგოს სთხოვა ცოლობა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო და ამით დამამახსოვრდა ისინი. ჩვეულებრივი, 3-საათიანი ტური 50 ლარი ღირს. იმ წელს გარკვეული თანხა შევაგროვე და თბილისში რომ ჩამოვედი, სასკოლო ნივთების, ტანსაცმლისა და ინგლისურის მოსამზადებელი თანხა თავად დავფარე.
– ენები იცი?
– ინგლისური ვიცი და ძირითადად ვესაუბრები ინგლისურად. რუსული ცუდად ვიცი. ძალიან მინდა, ებრაული ვისწავლო, რადგან ყველაზე ხშირი სტუმრები ებრაელები არიან.
– როცა 9 წლის ბავშვს გხედავდნენ გიდად, რას გეუბნებოდნენ?
– პირველი ჯგუფი რომ იყო უკრაინელების, გოგო იჯდა ჩემს ცხენზე და ძალიან გაუკვირდა, ასეთი პატარა რომ მნახა. თან ჩემს ასაკთან შედარებით, ტანით კიდევ უფრო პატარა ვარ, მაგრამ მოეწონათ ჩემთან ურთიერთობა.
– სეზონზე რა თანხას გამოიმუშავებ ხოლმე?
– ფულის დათვლა არ მიყვარს, ჩემი გადაწყვეტილებით მშობლები აკონტროლებენ ჩემს თანხას, რადგან ჯერ არასრულწლოვანი ვარ. ისინი მიგროვებენ. ვაპირებ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას და დანაზოგსაც ამიტომ ვაკეთებ. ძალიან მინდა, ჩემი სოფელი უფრო ცნობილი გავხადო, სასტუმრო ავაშენო და ავაყვავო ჯუთა. მყავს ლამაზი ცხენები, ჩემს ცხენს ციგანა ჰქვია, კიდევ გვყავს ჯერანა და ნიკორა. ზამთარში ჩემი ბებია და ბიძა უვლიან ცხენებს.
– ოჯახსაც ეხმარები. მატერიალურად გიჭირდათ?
– აუცილებელი არ იყო ჩემი დახმარება, მაგრამ პატარაობიდანვე გამიჩნდა Nსურვილი, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა. რომ ვთქვა, გვიჭირდა და ამიტომ გავაკეთე-მეთქი, ასე არ არის. არის შემთხვევები, როცა ტურისტები ხელახლა ბრუნდებიან დასათვალიერებად და მე მეძებენ.
ნიკა არაბულის დედა, ლელო ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან მიზანსწრაფულია და ბევრი გეგმა აქვს:
– ნიკა უკვე რამდენიმე წელია, ასე მუშაობს. ჯუთაში სხვანაირად იზრდებიან ბავშვები, მშობლებიც მიჩვეულები ვართ და მათ დამოუკიდებლობას პატარაობიდანვე ვასწავლით. უცხო ენაც იცის ნიკამ, რაც მთავარია, კონტაქტური ბავშვია. პირველი თანხა რომ გამოიმუშავა, 9 წლის იყო და ეს ფული თავის დედმამიშვილებს მოახმარა – სასკოლო ნივთები შეუძინა. დამატებით წრეზე დადის, სპორტზე, ინგლისურზე და ჩვენგან დამოუკიდებლად ფარავს თავისი სწავლის ქირას. დანაზოგსაც აკეთებს, რადგან უნდა, განათლება უცხოეთში მიიღოს. იმედი მაქვს, თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანსწრაფულობით ყველა სურვილს აისრულებს.

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *