უჩვეულო გამოღვიძება (თავი მესამე)

ახლა უკვე მანქანით დავდიოდი, მაღაზიებთან ერთად უკვე აფთიაქებშიც დავიწყე შევლა, ყველაფერს ვძარცვავდი რაც შემხვდებოდა, ქუჩაზე გაშეშებულად მდგომი ხალხის გარდა, ფულს კი ჩანთაში ვყრიდი ისე, რომ დათვლასაც ვერ ვასწრებდი, მაგრამ რამდენიმე ათასი ლარი უნდა ყოფილიყო წესით. ხელზე დავიხედე, 20 საათი იყო დარჩენილი, გული ამიჩქარდა, საკუთარ თავზე გავბრაზდი, როგორ შეიძლებოდა ასეთ უბრალო მაღაზიების ძარცვაში, რომ ვკარგავდი დროს, ახლავე უნდა წავიდე და ბანკი გავძარცვო, გავიფიქრე მე, შევიარე იქვე მდგარ ტანსაცმელების მაღაზიაში, ტანისამოსი გამოვიცვალე, შავი ტყავის ხელთათმანები გავიკეთე, რომ იქ ანაბეჭდებიც არ დამეტოვებინა, ბოლოს კი სახეზე ნიღაბი გავიკეთე. ნამდვილი ბანდიტივით გამოვეწყვე. ჩავჯექი მანქანაში და პირველივე შემხვედრ  ბანკთან გავაჩერე, ხელზე დავიხედე, დრო სწრაფად გადიოდა,ყველაფერი უნდა მომესწრო.
ბანკთან მივედი, მაგრამ ის დაკეტილი იყო, რატომღაც წარმომედგინა, რომ ის სავსე იქნებოდა რიგებში მდგარი გაშეშებული ხალხითა და მომსახურე პერსონალით, მაგრამ… უეცრად გამახსენდა, რომ შვიდის ოცი წუთი იყო. ძალიან ვჩქარობდი, მინდოდა მომესწრო უამრავი ფულის აღება და მთელი ცხოვრება სიმდიდრეში გამეტარებინა. ნეტავ რატომ ხდება ასე? დრო რატომ გაჩერდა? ან რატომ მაინც და მაინც ჩემთვის? მსოფლიოში შვიდი მილიარდი ადამიანია, რით ვარ მე მათგან განსხვავებული? რა მაქვს მე ისეთი, რის გამოც სამყარომ მე ამირჩია? ვიჯექი მანქანაში და ამ ფიქრებით ვიყავი გართული რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ არ გამახსენდა, რის გამო ვიყავი მოსული. მანქანიდან გადავედი, მაგრამ ბანკი დაკეტილი იყო და ვერანაირად შევძლებდი იქ შესვლას. ერთადერთი გამოსავალი იყო, კარი უნდა შემენგრია. პირველი აზრი, რაც დამებადა, ქვის სროლა იყო, ერთი შეხედვით ადვილი ჩანდა მინის კარის შენგრევა, მაგრამ ყოველი ჩემი უშედეგო მცდელობა ამის შეუძლებლობაში მარწმუნებდა. ბოლოს გადავწყვიტე, მანქანით დავჯახებოდი და ისე შემენგრია კარი. ჩავჯექი გზაზე მდგომ ყვითელ ავტობუსში დავძარი და პირდაპირ ბანკის შენობას დავეჯახე, შუშის კარი როგორც იქნა შეინგრა, სულ ნაფშხვენებად იქცა. გადავედი ავტობუსიდან, ბანკში შევედი, სალაროსთან დავდექი და შიგნით შევიხედე, იქ ქაღალდის ფული ეწყო, უამრავი ფული, რომლისგანაც სულ რამდენიმე მეტრი მაშორებდა. ხშირად შემიმჩნევია ეს ბანკში ყოფნისას, მიფიქრია კიდეც, ეს ბანკის თანამშრომლები როგორ იკავებენ თავს, რომ ამ ფულს არ იპარავენ მეთქი. ახლა კი ვგრძნობდი, მთელი ეს უზარმაზარი ქონება ჩემი გახდებოდა, უშრომველად, უსწავლელად შევძლებდი, დავუფლებოდი ამდენ ფულს და მთელი ცხოვრება მეყოფოდა. სალაროს მინის შემტვრევას ნახევარ საათზე მეტ ხანს მოვუნდი, არც ეს აღმოჩნდა ადვილი საქმე და ზოგჯერ შიშიც კი შემიპყრობდა ხოლმე, ვაითუ უფულოდ დავრჩე მეთქი. როგორც იქნა შევედი, ცხოვრებაში პირველად შევეხე ამდენ ფულს, ის ახლა ჩემი იყო ავკრიფე და ჩანთაში ჩავიყარე, ბანკიდან გავედი და მანქანაში ჩავჯექი. ახლა რა ვქნა? ვფიქრობდი ჩემთვის. წავალ სახლში და დაველოდები დროის გასვლას, ამ ფულს კი საიმედოდ შევინახავ სადმე.

დატოვე კომენტარი