უჩვეულო გამოღვიძება (თავი მეორე)

 

არ ვიცოდი რა მეფიქრა ან რა გამეკეთებინა. ასეთი გრძნობა ცხოვრებაში არასოდეს არაფრისგან მიმიღია, რაღაც უცხო, უცნაური ადრენალინი შევიგრძენი. ყვირილი დავიწყე. ხალხს ვეძახდი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. მანეკენებივით იყვნენ გაშეშებულები და ეს ისეთი საზარელი იყო, რომ მათთან მიახლოებასაც ვერ ვბედავდი. გარშემო ყველაფერი უძრავი იყო, ქარიც კი არ ქროდა. აუტანელი, უჩვეულო, უსაზღვროდ დიდი სიჩუმე იყო, ასეთი სიჩუმე უცხო იყო ჩემთვის. არაფერი ხმაურობდა, არც სუნთქავდა და არც იძვროდა.
ცივ ასფალტზე დავეგდე და ტირილი დავიწყე, შველა მინდოდა ისე როგორც არასდროს, მაგრამ არც ვიცოდი რისგან. ეს ყველაფერი ძალიან საშიშად მეჩვენებოდა. რამდენიმე წუთში ფეხზე წამოვდექი, გავიქეცი და ერთ-ერთ მარკეტში შევვარდი. იქ კონსულტანტი გაშეშებული იდგა, სალაროსთან კი რიგი იყო, ჩუმი და უძრავი. შიშმა მთელ სხეულში დამიარა. უცბად ერთი იდეა მომივიდა თავში. თუ სალაროდან ფულს ავიღებდი, ამას ვერავინ დაინახავდა და ვერავინ გაიგებდა. ასეც მოვიქეცი, მთელი ფული ამოვიღე სალაროს უჯრიდან, 500 ლარამდე იქნებოდა, შემდეგ შოკოლადები და კამფეტებიც ავიღე, ხელად წვენიც გამოვაყოლე და შეშინებული მაღაზიიდან გავიქეცი. გავრბოდი უკან მოუხედავად, მაგრამ არავინ მომსდევდა. არავის ვაინტერესებდი. უცბად ხელის გულზე წვა ვიგრძენი, თან თითქოს მექავებოდა. დავიხედე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ხელზე საათი გამომესახა, რომელიც დროს უკან მიითვლიდა. თვალებს არ ვუჯერებდი. ოცდაორი საათი და კიდევ წუთები იყო დარჩენილი და შემდეგ განულდებოდა. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს? ვფიქრობდი და ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს. იქნებ ამ დროის გასვლის შემდეგ მოვკვდები? ან იქნებ უკვე მოვკვდი და ახლა როგორც მარტოხელა სული დავხეტიალობ დედამიწაზე ასე უპატრონოდ, ნუთუ სამუდამოდ მომიწევს ასე ყოფნა? მაგრამ არა, მე სული არ ვიყავი. მე სხეული ვიყავი, ყველაფერს ისე ვგრძნობდი და აღვიქვამდი, როგორც მანამდე. თანაც ამ ხელზე გამოსახულ საათსაც ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც დანიშნულება? თუ სამუდამოდ მომიწევს ასე ყოფნა ამ გაშეშებულ, უსიცოცხლო სამყაროში, მაშინ ეს საათი რიღასთვისაა? რატომ ითვლის დროს უკუღმა და რა მოხდება, როდესაც დარჩენილი 22 საათი გავა? იქნებ… იქნებ ყველაფერი თავის რიგზე დაბრუნდება? იქნებ ყველაფერი ამოძრავდეს და განაგრძოს ჩვეულ რითმში ცხოვრება? კი კი სწორედ ასეა. მთელი დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ მე მაქვს იმის პრივილეგია, რომ ვიმოძრაო, გადავაადგილდე და ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ გავაკეთო. კიდევ 22 საათი იქნება დრო გაჩერებული და შემდეგ ყველა და ყველაფერი ამოძრავდება. რა შემიძლია გავაკეთო დარჩენილ დროში? მანქანები გავიტაცო? საუკეთესო რესტორნებში შევიარო და ყველაფერი გავსინჯო რაც მიყვარს? ან იქნებ ბანკები გავძარცვო? მაგარია, ეს ძალიან ძალიან მაგარია. წავალ ახლავე ბანკში შევალ, ფულს გამოვიტან ისე, რომ ანაბეჭდებს არ დავტოვებ და როცა დრო ისევ ჩაირთვება, მე ძალიან ძალიან მდიდარი შევხვდები ცხოვრებას, ვერავინ, საერთოდ ვერავინ გაიგებს ვინ და როგორ გამოიტანა ბანკიდან ფული, ახლა ხომ დრო გაჩერებულია. უამრავი იდეა მომდიოდა. ტექნიკის მაღაზიებში შევივლი და აიფონებს წამოვიღებ, ვფიქრობდი მე. ყველაფრის გაკეთება შემეძლო, რაც თავში აზრად მომივიდოდა, ვიზეც ნაწყენი და გაბრაზებული ვიყავი, შემეძლო, მივსულიყავი და მეცემა, დამესახიჩრებინა, ის კი ვერასოდეს გაიგებდა ვინ გაუკეთა ეს. ვერავინ მოსთვლის ალბათ რამდენი ბოროტული იდეა მომივიდა თავში იმ დროს. ახლავე უნდა დავიწყო მოქმედება, ვიფიქრე მე. დარჩენილ 22 საათში იმდენი უნდა გამეკეთებინა, რომ მერე მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი და ბედნიერი ვყოფილიყავი. გარშემო მიმოვიხედე, რამდენიმე მაღაზია შევნიშნე, შევვარდი და რაც ფული იყო სულ ავიღე, მივრბოდი გზაზე და ყოველ შემხვედრ მაღაზიას ვძარცვავდი, მაგრამ ამას ბევრი დრო მიჰქონდა. გადავწყვიტე მანქანით მევლო, ასე უფრო სწრაფად ავაგროვებდი ფულს. მთავარ ქუჩაზე გადავედი, გავრბოდი, მინდოდა საუკეთესო მანქანა ამეღო, აღარ ვიცოდი, რომელი ამერჩია, ბოლოს ერთ შავ ბეემვეს დავადგი თვალი, ის შუა ქუჩაში იდგა,ალბათ დრო სანამ გაჩერდებოდა მიდიოდა, კარი გამოვაღე, მაგრამ საჭესთან კაცი იჯდა გაშეშებული, გზას გაშტერებული თვალებით უყურებდა, ცალი ხელი კი სიჩქარეების გადამრთველზე ჰქონდა დადებული. მეშინოდა მასზე შეხების, მაგრამ გადავწყვიტე, მანქანიდან გადმომეყვანა, შემდეგ უკანა სკამებზე დამესვა და მე დავმჯდარიყავი საჭესთან. მოვკიდე მკლავებზე ხელები და ჩემსკენ მოვქაჩე, მისი გადმოყვანა ძალიან გამიჭირდა, ხელში აყვანა ვცადე, მაგრამ დამივარდა და ასფალტზე დაეცა, უკვე მეშინოდა მასთან მიკარების, ის არ იყო გვამივით მოშვებული და არც ცოცხალი ადამიანივით მორჩილი, არამედ დროის მიღმა იმყოფებოდა და გაშეშებული იყო. გადავწყვიტე აღარ ჩამესვა მანქანაში, იქვე დავტოვე ასფალტზე მიგდებული, დავქოქე მისი მანქანა და გზას გავუდექი. თითქოს სინდისი მაწუხებდა ჩემი საქციელის გამო, მეცოდებოდა ის კაცი, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ის მაინც ვერაფერს გრძნობდა. გადავწყვიტე როცა ყველაფერს გავძარცვავდი და საკმარის ფულს ავაგროვებდი, დავბრუნებულიყავი და ისევ ჩამესვა მანქანაში, თან ბევრ ფულს ჩავუტენიდი ჯიბეებში და, როცა ამას შეამჩნევდა ძალიან გაუხარდებოდა. გულზე დარდი მომეშვა, აღარც სინდისი მაწუხებდა უკვე, პირიქით, საკუთარი კეთილსინდისიერებით აღფრთოვანებულიც კი დავრჩი.

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *