უცნობი (დასაწყისი) – თავი 1

ჩანდა ნელი ნათება, შუქი რომელიც ერთადერთი იყო გარემოში. სასაფლაოს ბინდი ეფინა, ზაფხულის ჩახუთული ღამე იყო, ის იჯდა მარტო და თვალი გაშტერებოდა. ხედავდა ნათელს, რომელიც თითქოს მხოლოდ მისთვის გამოჩენილიყო ამ უსახურ და ღმერთისგან მივიწყებულ ქალაქში.

ოდნავმა სიომ დაუბერა და მის ფეხთან ერთი ფოთოლი ჩამოვარდა, ფოთოლი არ იყო გამხმარი, არც რამე ნაკლი ეტყობოდა, თუმცა ოდნავმა სიომ მაინც მოწყვიტა და დაბინდულ ჰაერში ააფრიალა.

ის იჯდა მარტო და სულში ცრემლები ეღვრებოდა. ვინ იცის უკვე რამდენი დღე გავიდა იმ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ… მან უკვე კარგა ხანია შეწყვიტა თვლა, კარგა ხანია შეწყვიტა გონების დაძაბვა და ადამიანების გულის მოგებაზე ფიქრი, უკვე ყველაფერი ამაო იყო. ამაო იყო იმაზე ფიქრი, რომ გამოჩნდებოდა ვინმე ღვთისნიერი და აპატიებდა, ერთი სანუგეშებელი სიტყვა, სულ ერთი სიტყვა იყო საჭირო, რომ იმ მცირე ნათელს ეპოვა გზა და გამოეღვიძებინა ქვაში ჩამკვდარი პიროვნება. მისთვის უკვე დამთავრდა მომავალი, მომავალი რომელიც არასდროს მომხდარა, თუმცა მისი გონება აწი ვერასდროს ჩაწვდებოდა ცხოვრების სუნთქვას.

შუბლი მძიმედ აწვებოდა ღრმად ჩაცვენილ თვალებს….

ის იწვა ერთ სასაფლაოზე, რომელიც ეტყობა კარგა ხანია არავის გახსენებოდა, საფლავზე ეკალ-ბარდები ამოსულიყო და იმას რომ მის ქვეშ ოდესღაც პიროვნება იწვა მხოლოდ წამოქცეული ღობეღა ამტკიცებდა.

არავის შეუხედავს როგორ მოხვდა ის მივიწყებულ საფლავზე, არავინ იცის გამოვიდა თუ არა იქედან. მის სხეულს ეკლები ფარავდნენ, თუმცა არცერთი ეკალი მას ტკივილს აღარ აყენებდა, მის სულში კარგა ხანია ღრმად ჩაესოთ ეკალი, რომლიც ამოღებაც უკვე შეუძლებელი იყო…

ქარმა უფრო მძლავრად დაუბერა, ოდნავ გამოაფხიზლა სიცხით დამძიმებული გარემო, შუქი ჯერ კიდევ ციმციმებდა სასაფლაოს თავზე, თუმცა ის ვეღარ ხედავდა ამას, თვალები მკვდარივით დაეხუჭა და თავი დავიწყებისთვის მიეცა…

უცხო წამოიმართა და წელში შეძლებისდაგვარად გასწორდა, მის სახეზე ღიმილი შეყინულიყო და გაქრობას არ აპირებდა. წამწამები ოდნავ შეირხა და გამოჩნდა თვალი, რომელიც გააფთრებული ძაღლისას უფრო ჰგავდა ვიდრე ადამიანისას, თვალს ტოტებივით დამჩნეოდა ძარღვები და საოცრად ჩაწითლებულიყო. მას როგორც ჩანს კარგა ხანია შეშრობოდა ცრემლი და კარგა ხანია დავიწყებოდა ბედნიერება. უცხოს გრძელი თეთრი თმები ჰქონდა, პირველი შეხედვისას შეიძლებოდა მნახველს შურიც კი აღძვროდა მის მიმართ, მაგრამ დაკვირვებული თვალი მაშინვე შეამჩნევდა, რომ ახალგაზრდას თმა ნაადრევად გაჭაღარავებოდა.
ირგვლივ გამყინავი სიჩუმე იდგა, რომელსაც ხანდახან თუ დაარღვევდა ფოთლების შრიალი. ზეცას ღუბელი ჩამოფარებოდა…

ის მზად იყო…

ფიქრი გაჩერებულიყო და მხოლოდ ერთი წინადადება უღრღნიდა საფეთქლებს, ის უნდა მოქცეოდა ხალხს, ისე, როგორც მათ დაიმსახურეს…

ნათელი საბოლოოდ ჩაქრა…

ეულად ჩამოვარდნილი ფოთოლი იქვე ეგდო და თითქოს ამ რამდენიმე წუთში ხმობა შეპარვოდა, სიო ისე არხევდა, გეგონებოდათ სუნთქავსო…

უცხო ეძებდა შვებას…

სასაფლაო მთის ძირას მდებარეობდა, დასახლებისგან მოშორებით. მისი მკვირდრების უმეტესობა საუკუნეზე მეტს ითვლიდა და მოკლებული იყო მადლიერი წინაპრების ვიზიტებს.

შემოსასვლელში დიდი ჯვარი იდგა, შემოდგომით ხშირი წვიმებისგან მიწა საგრძნობლად დეფორმირებულიყო და ჯვარის მარცხენა მხარე ქვემოთ დაეწია. სასაფლაოზე შემსვლელს შეუძლებელია თვალში არ მოხვედროდა დიდი მარმარილოს ჯვარი, მასში თითქოს არაფერი იყო უცნაური, მაგრამ რაღაც იდუმალ სევდას მალავდა. მესაფლავისთვის რომ გეკითხათ, იტყოდა რომ ჯვარი ქალაქის სულების შემკრები იყო, მის მარცხენა მხარეს ცოდვილი სულები იბუდებდნენ, მარჯვნივ კი წმინდა. ქალაქი ცოდვებს დაემძიმებინა და ჯვრის გადაბრუნებასთან ერთად ქალაქს დიდი უბედურება დაატყდებოდა.

ჩვეული ატმოსფერო მეფობდა იმ დღესაც, როცა უცნობი პირველად ეწვია ქალაქის სასაფლაოს…

გადმოტვირთე PDF ვერსია
დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *