ჩვენ რომ უცხოპლანეტელები ვიყოთ

ამბობენ, ყველა პლანეტას ღმერთების სახელი აქვს, ერთი ჩვენ ვართ არაღმერთის მიწაზე მცხოვრებნი, დედამიწაზე ვცხოვრობთ და სწორედ სიტყვა “დედამიწა” ხდის ჩვენს პლანეტას განსაკუთრებულსო. იმიტომ, ხომ არა, რომ ყველაფერს სახელი ადამიანებმა ვუწოდეთ, ჩვენი პლანეტიდან, ჩვენი თვალთახედვიდან. იქნებ მარსზეც ცხოვრობენ რაღაც არსებები, ჩვენთვის შეუმჩნეველი და წარმოუდგენელი, რადგანაც ჩვენს მსგავს სიცოცხლის ფორმებს ვართ მიჩვეულები და ისინიც თავის პლანეტას დედამიწას უწოდებენ.

ჩვენ ყველას ხომ ჩვენი პლანეტა დიდი ხნის მანძილზე გვეგონა სამყაროს ცენტრი, რომლის ირგვლივაც ბრუნავდნენ და მოძრაობდნენ კოსმიური სხეულები. მზე ჩვენს ირგვლივ ბრუნავდა, მთვარეც ჩვენს გამო ამოდიოდა და ვარსკვლავებიც ჩვენი ღამის გასანათებლად ჩნდებოდნენ. ალბათ, როგორც ყველას, დედამიწასაც გააჩნია ეგო და მასაც სურს თავი ყველაზე დიადად წარმოაჩინოს და ამდენ ხანს ამიტომაც გვიმალავდა მასზე აღმატებული ორგანიზმების არსებობას. მერე რაღაცები ვისწავლეთ და გავიგეთ, რომ ერთი პატარა ჭანჭიკი ვართ უსასრულო სივრცეში და დღემდე გვიჭირს ამასთან შეგუება.

ჩვენი პლანეტის გულისცემა კი არ ნელდება, რთული სათქმელია ადამიანები აცოცხლებენ მას, თუ ადამიანებს აცოცხლებს. იქნებ ისიც ცოცხალი არსებაა და კოსმიურ სივრცეში ჩვენი სიმრავლით ცდილობს თავის გამოჩენას, საკუთარ შვილებს გვიწოდებს და თვითონვე გვკვებავს და გვაცოცხლებს.

დედამიწა ხომ პატარაა, იქნებ არადედამიწიერნი იმ ზომის არიან, რომ ასეთ პატარა ორგანიზმს სერიოზულადაც არ აღიქვამენ და მასზე მბობღავ არსებებს, ჭიანჭველების მსგავს არსებებად გვთვლიან.

ნეტავ როგორ გვხედავენ კოსმიური არსებები, თვალები თუ აქვთ ალბათ ინტერესით გვაკვირდებიან, სიცილი თუ შეუძლიათ, ალბათ ბევრს იცინიან ჩვენზე და ჩვენი დახმარება თუ შეუძლიათ, ალბათ სურვილი აღარ აქვთ, ერთხელ ხომ უკვე მოავლინეს წარღვნა.

დატოვე კომენტარი