ერიკსონის ფსიქო-სოციალური განვითარების ეტაპები : რა ხდება თითოეულ ეტაპზე ?
ერიკსონის თეორიები ფსიქო-სოციალური განვითარების ეტაპებზე, განმარტავს და ხსნის, როგორ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ადრეული გამოცდილება ჩვენს განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე.
ერიკ ერიკსონი იყო გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი. მისი ძირითადი ინტერესის სფერო იყო ადამიანი და მისი განვითარების ფაზები. ის ასევე, ცნობილია თავისი დამკვიდრებული ტერმინით: “იდენტურობის კრიზისი”. მისი თეორიები იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც წარმოგვიდგენდა და დეტალურად განიხილავდა ფსიქო-სოციალური განვითარების ასაკისა და ზრდის მიხედვით.
თითოეული ეტაპის გადალახვის დროს, ინდივიდი მოიპოვებს გარკვეული ტიპის ცოდნას, ამ ცოდნას კი ერიკსონი ერთგვარ უპირატესობად, ღირსებად მიიჩნევს და ნაშრომებში მოიხსენიებს, როგორც “სათნოებას’’.
დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ინტელექტუალურ თუ ემოციურ ზრდასთან და შემდეგ, მისი ცხოვრების წარმართვაში.
ეტაპი 1. ნდობა VS უნდობლობა.
ასაკობრივი დიაპაზონი – 0 – 1½ წელი.
განვითარებული ძირითადი თვისება („ჯილდო“) : იმედი
განვითარების პირველი ეტაპი იწყება ინდივიდის ცხოვრების დასაწყისშივე. ( არსებობს ასევე, პრენატალური გავითარების ციკლი, სადაც განვითარებაზე დაკვირვება ხდება ადამიანის ჩასახვიდან) პირველ თვეებში ჩვილი გრძნობს გაურკვევლობას იმ სამყაროში, რომელსაც მოევლინა და რომელშიც ცხოვრობს, ამიტომ ეძებს სტაბილურობას და ძალიან სწრაფად სწავლობს ენდოთ თუ არა.
თუ ახალშობილები იღებენ თანმიმდევრულ და სანდო ზრუნვას, უვითარდებათ ნდობა საკუთარი თავსა და მთავარი მომვლელის მიმართ. ეს ეხმარებათ მათ უფრო დაცულად იგრძნონ თავი და ეს პოსტ-განვითარების პერიოდებზეც დადებით გავლენას ახდენს.
როდესაც ახალშობილები გრძნობენ დისკომფორტს ან დაუცველობას, მიმართავენ მათთვის სანდო აღმზრდელებს დასარწმუნებლად და საშველად. ხოლო, თუ ბავშვი ისეთ გარემოშია, სადაც არ კმაყოფილდება მისი მოთხოვნები ან არ იღებს სათანადო მზრუნველობას, დიდია ალბათობა რომ ჩამოუყალიბდეთ უნდობლობა სამყაროს მიმართ, რის შედაგადაც ახალი გამოცდილებების დროს შესაძლებელია დაფიქსირდეს გაძლიერებული შფოთვა.
თუ ამ ეტაპზე, ბავშვი იმყოფება კარგ გარემოში, ახლობლებისგან იღებს ყურადღებასა და სითბოს, მაშინ ის იქნება მეტად იმედიანი. მხარდაჭერისა და წახალისების შესაძლებლობა ბავშვს საშუალებას აძლევს მტკიცედ დაიჯეროს, რომ პოზიტიური შედეგი მიღწევადია. ხოლო, საპირისპირო შემთხვევაში ბავშვებს უვითარდებათ შიშები და ეჭვები საკუთარი იმედებისა და სურვილების მიმართ.
ეტაპი 2 : ავტონომია VS სირცხვილი
ასაკობრივი დიაპაზონი : 1½ – 3 წელი
განვითარებული ძირითადი თვისება („ჯილდო“) : სურვილი
როდესაც ბავშვები წახალისდებიან ფიზიკური უნარებისა და დამოუკიდებლობის განვითარებაში, ისინი მოიპოვებენ ნებას, სურვულებს. ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროებათ მტკიცე მხარდაჭერა, რათა მეტად დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში.
ამ მხარდაჭერის გარეშე ბავშვებს არ ექნებათ საშუალება საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ბავშვს აკრიტიკებენ ან აკონტროლებენ მის გადაწყვეტილებებს. ისინი მოუმზადებლად და დამოუკიდებელი ბავშვებისგან დაჩაგრულად იგრძნობენ თავს. შესაბამისად, შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, ეჭვების / სირცხვილის განცდა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ.
ეტაპი 3 : ინიციატივა vs ბრალეულობის განცდა
განვითარებული ძირითადი თვისება („ჯილდო“) : მიზანი
ასაკის დიაპაზონი : 3-5 წელი
ერიკსონის მესამე ფსიქო-სოციალური განვითარების ეტაპი იწყება მაშინ, როცა ბავშვი იწყებს სხვა ბავშვებთან ვერბალურ კომუნიკაციას. ამ ასაკში ბავშვებმა აქტიურად უნდა გამოიჩინონ თავი, დაიცვან თავიანთი პოზიციები, სურვილები, ბაღში, თამაშისას. რეალურად, ბავშვებს თამაში ეხმარებათ შეიცნონ საკუთარი თავი და გაიუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები, რაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
როდესაც ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა, აუცილებლად განუვითარდებათ ინიციატივის გამოჩენის და გადაწყვეტილების მიღების უნარი. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როცა ბავშვის მიმართ გარშემომყოფები არ არიან მკაცრად განწყობილები, განსაკუთრებით არასწორია, როცა აღმზრდელები მიმართავენ დასჯას. დასჯა ამცირებს ბავშვში ინიციატორობისა და ლიდერობისკენ მიდრეკილებას და ზრდის თვითგვემის, ბრალეულობის შეგრძნებებს. ბავშვმა უნდა ისწავლოს ბალანსის დაცვა და თავად განსაზღვროს რამდენად შორს შეუძლია წასვლა, სანამ საზღვრებს გადალახავს. დროთა განმალობაში ეს მიზანდასახულობას წაახალისებს.
ეტაპი 4: გულმოდგინეობა vs არასულფასოვნების განცდა.
განვითარებული ძირითადი თვისება („ჯილდო“) : კომპეტენცია
ასაკობრივი დიაპაზონი 5-12 წელი
5-დან 12 წლამდე ბავშვები იწყებენ ისეთი აკადემიური საგნების სწავლას, როგორიც მათემატიკა და ლიტერატურაა. ამ ეტაპზე მასწავლებლის როლი ბავშვის განვითარებაზე ძალიან დიდია, ასევე მნიშვნელოვანია თავიანთი ასაკის ბავშვების ჯგუფთან ურთიერთობების დამყარება. ბავშვებს ამ ასაკში სჭირდებათ თანატოლებისგან მიღება და აღიარება, რის შედეგადაც იზრდება მათი თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმართ ნდობა. ეს არის ერიკსონის განვითარების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
თუმცა, თუ მოზარდს გარემო თრგუნავს, ზღუდავს და იმაზე მეტს ითხოვს მისგან, რისი შესაძლებლობაც გააჩნია, შესაძლებელია ჩამოუალიბდეს არასრულფასოვნების განცდა. ხოლო საკუთარი კომპეტენციის მიმართ ზედმეტ უნდობლობას ზოგჯერ მოსდევს არაადეკვატურობისა და არასაკმარისობის განცდა, რომელიც შესაძლოა გარემოს შეცვლის შემთხვევაშიც გაჰყვეს ინდივიდს.
ეტაპი 5: ინდივიდი VS როლის დაბნეულობა
განვითარებული ძირითადი თვისება („ჯილდო“) : ერთგულება
ასაკობრივი დიაპაზონი: 12-18 წელი.
თინეიჯერობა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში განსაკუთრებით რთული პერიოდია. გასაკვირი არ არის, რომ ამ ასაკში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ადამიანში ფსიქო-სოციალური განვითარების მხრივაც. ერიკსონის თეორიის მიხედვით, ყველას ამახსოვრდება თინეიჯეობის წლები და ამ დროს განცდილმა ტრავმამ შეიძლება განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონიოს ადამიანის განცდებზე.
ამ ეტაპზე ინდივიდი ცდილობს დაამტკიცოს დამოუკიდებლობა და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. იწყებს საკუთარი თავის შეცნობას, ბაძავენ ზრდასრულებს, იმ შემთხვევაში თუკი ისინი წარმატებით იპოვიან თავიანთ ადგილსა და როლს, თავადაც შეიძენენ სხვა ადამიანების მიღების უნარს, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქმე ეხება თავისგან განსხვავებულ პიროვნებას. განვითარების ამ ფაზაზე განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, რადგან ზედმეტმა ზეწოლამ, ჩარჩოებში და საზღვრებში მოქცევის მცდელობამ შეიძლება პროტესტის გრძნობა დაბადოს თინეიჯერში და დამანგრეველად იმოქმედოს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და განვითარებაზე.
ეტაპი 6: ინტიმურობა VS იზოლაცია.
განვითარებული ძირითადი თვისება („ჯილდო“) : სიყვარული
ასაკობივი დიაპაზონი: 18-40 წელი
ერიკსონის თეორიების მიხედვით, მოზარდობის შემდგომ ეტაპზე ვიწყებთ რომანტიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ჩვენ ვიწყებთ ვალდებულების იდეის შესწავლას. ოჯახის წევრების გარდა, გარე ადამიანის ნდობასა და შეყვარებას.
როდესაც ინდივიდს აქვს უნარი ჩამოაყალიბოს ხანგძლივი და ორმხრივი ურთიერთობა ურთიერთობები სხვებთან, მას უვითარდება ჯანსაღი სიყვარულის განცდა და ქმნის ინტიმურ ურთიერთობას.
თუმცა ამ ეტაპზე არსებობს რისკებიც. თუ ადამიანს აქვს წარუმატებელი გამოცდილება, ეშინია ვალდებულებებისა და სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცუების, ის ხდება იზოლაციისკენ, მარტოობისკენ მიდრეკილი. შესაძლოა ეს ფესვებს იღებდეს ადრეული განვითარების ეტაპებზე.
ეტაპი 7 : ნაყოფიერება VS სტაგნაცია
განვითარებული ძირითადი თვისება („ჯილდო“) : მზრუნველობა
ასაკობივი დიაპაზონი: 40-65 წელი
ერიკსონის ფსიქო-სოციალური განვითარების მიხედვით ნაყოფიერება გულისხმობს სამყაროზე საკუთარი ნიშნის დატოვებას. ეს შეიძლება იყოს გამოხატული, როგორც ბავშვის აღზრდით, ასევე რაღაც მნიშვნელოვანის შექმნით, რაც არსებობს ინდივიდისგან დამოუკიდებლად ( შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს ეს წიგნი, ნახატი, მუსიკა, გამოგონება ან ცხოველი). ყველაფერი, რაც შეიძლება მოვიაზროთ ადამიანის მემკვიდრეობად და რაშიც ადამიანი საკუთარ რესურსებს დებს. ეს ყველაფერი ინდივიდს უჩენს სიამაყის განცდას, მითუმეტეს მაშინ თუ თავისი „შემოქმედების“ დემონსტრაციას ახდენს სხვა ადამიანებთანაც.
ეს ავითარებს რაღაცაზე/ვიღაცაზე ზრუნვის უნარს. ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული საგნის ნაცვლად, პიროვნება სურვილს, რომ მისგან რაღაც დარჩეს იკმაყოფილებს სიკეთისა და მზრუნველობის აქტებით. იქნება ეს საყვარელი ადამიანების დახმარება თუ ქვემოქმედება.
მაგრამ თუ ამ ეტაპზე არაფერი გააჩნია ადამიანს ისეთი, რაც მისგან დარჩება და გააგრძელებს მისგან დამოუკიდებლად არსებობას, შეიძლება გაუჩნდეს სამყაროსთან მოწყვეტილობის განცდა და გამოიწვიოს სტაგნაციური მდგომარეობა.
ეტაპი 8: ეგოს მთლიანობა VS სასოწარკვეთილება.
განვითარებული ძირითადი თვისება („ჯილდო“) : სიბრძნე
ასაკობივი დიაპაზონი: 65 წელი და მაღლა
ეს არის ერიკსონის ფსიქო-განვითარების ბოლო ეტაპი, როცა შეგვიძლია გადავავლოთ მთლიან ცხოვრებას და განვლილ ეტაპებს თვალი და დავტკბეთ შედეგით, იმ წარმატებებით და მწვერვალებით, რომელიც დავიპყარით. აქ ადამიანი უკვე იწყებს თავისი განვლილი წლების ანალიზს, მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას, იცის როდის გადადგა მართებული ნაბიჯები და აცნობიერებს, სად რა შეეშალა. ის იძენს სიბრძნეს თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე.
თუმცა, სამწუხაროდ არის შემთხვევებით, როცა ადამიანი არ არის კმაყოფილი განვლილი ცხოვრებით და სავსეა უკმაყოფილებისა და სინანულის განცდით. ვარდება სასოწარკვეთილებაში და მისტირის ხელიდან გაშვებულ შანსებს, რაც ცხოვრებაში ჰქონდა. ზოგიერთ შემთვევაში ხდება აგრესიულიც.
რისი სწავლება შეუძლია ერიკსონის ფსიქო-სოციალური განვითარების თეორიებს ჩვენთვის ?
ერიკნოსის თეოიების მთავარი ღირსება იმაში მდგომაეობს რომ მას შეუძლია განსაზღვროს როგორ ხდება განვითარება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ერიკსონის თეორიებს არ არის ფართოდ გავრცელებული და არ იყენებენ პრაქტიკაში აქტიურად, თუმცა მისმა თეორიებმა დიდი გავლენა მოახდინა განვითარების ფსიქოლოგიაზე და ბევრ ახალ თეორიას ჩაუყარა საფუძველი.
მაგალითად, „მიჯაჭვულობის თეორია“, რომელიც საფუძველს იღებს ზემოთ აღნიშნული პირველი ეტაპიდან ( ნდობა vs უნდობლობა). ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ადრეული მიჯაჭვულობები აღმზრდელებზე და მათი ქცევები კავშირშია ჩვენი ცხოვრების წარმატებულ და წარუმატებელ ნაბიჯებთან და სამომავლო ურთიერთობებთან.
მაგრამ როცა ადამიანი ამაზე დაკვირვებას იწყებს, სწავლობს როგორ არ იყოს საკუთარი გამოცდილებებოს მსხვერპლი. საბოლოოდ, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ცხოვრებისეული სირთულეებისა და გამოწვევების გადალახვა და მიღებული გამოცდილების საკუთარ უპირატესობებად ქცევა.
გამოყენებული მასალები :
www.verywellmind.com
https://www.sciencedirect.com
https://psychology.wikia.org