"იდეალურ" ბლოგს რომ უხდება ისეთი ფიქრები

ალბათ კიდევ ათასჯერ წავიკითხავდი «ამერიკელ ღმერთებს», რომ არა დასასრული. დასასრულს არაფერი მომხდარა ისეთი რაც ჩემს მოლოდინებს ან სურვილებს ეწინააღმდეგებოდა, უბრალოდ უფერული იყო. ავტორი თითქოს ძალდატანებით ასრულებდა თხრობას. ალბათ ჯობდა სადმე კარგი მომენტის დროს გაეწყვიტა და ბოლოში სამწერტილი დაესვა. მკითხველსაც გული დაწყდებოდა და დაენანებოდათ საყვარელი წიგნის ასე სწრაფად დასრულება. კარგა ხანს თავში ექნებოდათ ფიქრები, ნეტავ როგორი იქნებოდა წიგნი აქ რომ არ დამთავრებულიყო? მოლოდინი ხომ ბევრად გრანდიუზულია ხოლმე ვიდრე რეალობა.


ალბათ იდეალური დღე მხოლოდ უკანასკნელი დღე თუ შეიძლება იყოს… რადგან ყოველთვის მომდევნო დღე დგება, რომელიც გვავიწყებს, რომ ის კარგი დღეებიც ჩვენი იყო და არა ვიღაცის. შენ მხოლოდ იმ ცუდ მომენტში არსებობ, სევდიანი და მარტოსული. ის შესანიშნავი დღეები არსად იკარგება, თუმცა ცუდი გაგრძელებები აუფერულებს და დავიწყებაში ისვრის მათ.


ჩემს ხვალინდელ ჰოროსკოპს გადავხედე, არცერთი უარყოფითი ასპექტი არ მქონდა. უცებ თავში გამკრა სიტყვებმა «იდეალური დღე»… და გამეცინა. ხვალ რომ ყველაფერი სრულდებოდეს, რა იქნებოდა მერე? კვირა მაინც დადგებოდა, მილიონობით ადამიანს გააღვიძებდა მწველი სიცხე და შიმშილი. მერე საწოლიდან ადგებოდნენ და ერთადერთ დასვენების დღეს, რომლის ყოველი წუთიც წინა დღეს დაგეგმეს, უაზროდ გაატარებდნენ. მერე ორშაბათიც დადგებოდა ალბათ…


ბავშვობაში, შუქი რომ ჩაქრებოდა ხოლმე, დავჯდებოდი და ვფიქრობდი რა იქნებოდა, თუ მე არ ვიქნებოდი. უფრო სწორად, აღარ ვიქნებოდი. გონებაში შავი წრეები გაჩნდებოდნენ, რომლებიც ერთმანეთს ყლაპავდნენ, პროცესი გაუჩერებლად გრძელდებოდა. მიჭირდა წარმოდგენა, როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ცხოვრება, ჩემი ცნობიერი თუ გაითიშებოდა. მაშინ კიდევ უფრო ჩაკეტილი ვიყავი და ალბათ მეგონა, ჩემ თავში არსებობდა ეს ყველაფერი, მე ვიყავი ცენტრი და თუ გავჩერდებოდი, ყველაფერი ჩაქრებოდა. .. მერე შუქიც მოდიოდა…

განათებულ ოთახში აპოკალიფსზე ფიქრები მეწვეოდნენ, შემეშინდებოდა და მოსულ ფიქრებს სადღაც შორს მოვისვრიდი, რთულად მისაწვდომ ადგილას. მერე გავიზრდებოდი, იმ რთულად მისაწვდომი ადგილის გავლაც მომიწევდა და მივხვდებოდი, რომ იქ მხოლოდ შიში შევაგდე და არა აპოკალიფსი.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments