უჩვეულო გამოღვიძება

გამომეღვიძა…
საშინელი კოშმარი ვნახე. ცხოვრებაში ასეთი დიდი ადრენალინი არაფერზე გამომიყოფია. ჯერ კიდევ ვკანკალებდი შიშისგან, ოფლში ვცურავდი, ეიფორიაში ვიყავი. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ერთდროულად ასეთი დიდი შვება და ბედნიერება გაღვიძებით. ცხოვრება რეალურზე ბევრად უფრო საშინელი და ამაზრზენი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუნდაც ისეთი, როგორიც სიზმარში ვიხილე. უკვე გათენებული იყო. თუმცა ჯერ მაღვიძარასაც არ დაურეკია, ალბათ ადრეა ძალიან. ტელეფონს შევხედე და შვიდის ოცი წუთი იყო. ისევ ვკანკალებდი. ადრე იყო და წყლის გადავლებასაც მოვასწრებდი მდგომარეობიდან რომ გამოვსულიყავი. ასეც მოვიქეცი.
ნახევარი საათის შემდეგ უკვე კარგად ვგრძნობდი თავს. ჩავიცვი, მოვწესრიგდი, გავემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად. მაჯის საათს დავხედე და შვიდის ოც წუთს აჩვენებდა. რამ გააჩერა სულ ახლახანს მაჩუქეს, გავიფიქრე მწყრალად, მაგრამ არ მოვიხსენი, მთავარია ჩანდეს რომ მიკეთია. ტელეფონზე შევამოწმე და იქაც შვიდის 20 წუთი იყო. ამას რაღა ჭირს? ორივე გაჩერდა? ვფიქრობდი და ვერ გამერკვია რა ხდებოდა. თუმცა ბოლოს ჩავთვალე, რომ აბაზანაში შესვლის წინ, ახალგამოღვიძებულმა ვერ გავარჩიე, რომელი საათი იყო. რადგან ასეა, ჯერ საკმარისზე მეტი დრო მაქვს, შემიძლია სახლიდან გასვლამდე ინტერნეტში შევიდე. ყავა მოვიდუღე და კომპიუტერი ჩავრთე. შვიდის ოცი წუთი იყო. ინტერნეტში ვერ შევედი. გათიშული იყო. დავკეცე ლეპტოპი და სამზარეულოში გავედი. იქაც აღარ შევყოვნდი, ოთახში დავბრუნდი და ტელევიზორი ჩავრთე. არც ერთ არხს აჩვენებდა. რა უბედურებაა ყველაფრის ერთდროულად გათიშვა ამ დილაუთენია, ვფიქრობდი და ნერვიულად დავდიოდი ოთახებში. უცებ კედლის საათი შევნიშნე. ესეც შვიდის ოც წუთს აჩვენებდა, მაგრამ ეს საათი გაჩერებული იყო. რამდენიმე წამით მივაშტერდი, გული ამიჩქარდა, თითქოს რაღაც წარმოუდგენელმა, უცნაურმა და საშიშმა აზრმა გამიელვა თავში. მაჯაზე დავიხედე, ესეც გაჩერებული იყო, ტელეფონი ამოვიღე, ისევ შვიდის ოცი წუთია, ხელახლა ჩავრთე კომპიუტერი, აქაც იგივე, ინტერნეტში ისევ ვერ შევედი, ტელევიზორი ისევ არ ჩაირთო. სასწრაფოდ მოვიცვი ქურთუკი და გავიქეცი სახლიდან, შეიძლება დამაგვიანდა კიდეც, ვფიქრობდი ჩემთვის, ვინ დაიჯერებს რომ ყველა საათი ერთდროულად გაჩერდა ჩემ სახლში?! საინტერესოა… გასაოცარია…
ასიოდე მეტრი მექნებოდა გავლილი, რომ ერთი კაცი შემომხვდა, ვიცანი, ჩემი ახალი მეზობელი იყო. გზაზე იდგა და გაშტერებული მიყურებდა. მივესალმე, თუმცა რეაქცია არ ჰქონია. გზა გავაგრძელე, ის კი ისევ ასე დარჩა გაშეშებული,თვალიც კი არ დაუხამხამებია. ერთი წამით ეჭვიც კი შემეპარა, იქნებ ღამე სიცივით გაიყინა და ასე იმიტომ დარჩა გაშეშებული, ვინ იცის იქნებ განძრევა უნდა და ნაბიჯსაც ვეღარ დგამს ისეა გაყინული მეთქი.
შემდეგ მეთვითონვე გამეცინა ასეთ აზრზე. გამახსენდა ფილმი „თეთრი ცვილების სახლი“, სადაც ცოცხალი ადამიანები ცვლილით იყვნენ გაქვავებული და თვალსაც ვერ ახამხამებდნენ, ვერც ყვიროდნენ, ვერც ინძრეოდნენ.
არ ვიცოდი რა დრო იყო. მაჯისა და ტელეფონის საათები ისევ გაჩერებული იყო. მოდი კურსელს დავურეკავ და საათს ვკითხავ, გავიფიქრე და ტელეფონი ამოვიღე. საკუთარ თავზე მეცინებოდა. ასეთი რამ პირველად დამემართა ცხოვრებაში. კურსელთან არ დაირეკა, შემდეგ ბიძაშვილთან ვცადე, შემდეგ დედაჩემთან, შემდეგ შეყვარებულთან და არავისთან გავიდა ზარი. ჩემს ტელეფონს ნამდვილად რაღაც სჭირს, ვთქვი ხმამაღლა და ცაში ავიხედე. გამახსენდა, რომ წინათ გლეხები ყანებში მუშაობისას მზის ადგილმდებარეობის მიხედვით იგებდნენ საათს თითქმის ზუსტი დროით. ახლა შევამჩნიე, რომ მზე ჯერ არ ამოსულიყო. მხოლოდ მისი სხივები ჩანდა, რომელიც ძალიან ძალიან შორს ბჟუტავდა. მართლაც შვიდის ოცი წუთივითაა, გავიფიქრე და გავაგრძელე ცაში ყურება. უცებ რაღაცას დავეჯახე და წავიქეცი. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. ხელი მომყვა და ძალიან მტკიოდა. ძაღლს დავეჯახე. ძაღლი ძირს ეგდო.რა მოუვიდა? მოკვდა? დავეჯახე და მოკვდა? ასე უბრალოდ? არც დაიყეფა, არც არაფერი… უბრალოდ წაიქცა და მოკვდა. რა უცნაურია. საერთოდ არ ინძრეოდა. ნაბიჯს ავუჩქარე და მთავარ გზაზე გადავედი. ჰოი საოცრებავ! ეს რა ხდება?! ყველა მანქანა გაჩერებული იყო. მაგრამ არა ისე როგორც საცობში, ისინი ცალ-ცალკე იყვნენ. ადამიანებიც დავინახე. ისინი გაშეშებულები იყვნენ, როგორც თავიდან ჩემი მეზობელი…

მეორე თავი

არ ვიცოდი რა მეფიქრა ან რა გამეკეთებინა. ასეთი გრძნობა ცხოვრებაში არასოდეს არაფრისგან მიმიღია, რაღაც უცხო, უცნაური ადრენალინი შევიგრძენი. ყვირილი დავიწყე. ხალხს ვეძახდი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. მანეკენებივით იყვნენ გაშეშებულები და ეს ისეთი საზარელი იყო, რომ მათთან მიახლოებასაც ვერ ვბედავდი. გარშემო ყველაფერი უძრავი იყო, ქარიც კი არ ქროდა. აუტანელი, უჩვეულო, უსაზღვროდ დიდი სიჩუმე იყო, ასეთი სიჩუმე უცხო იყო ჩემთვის. არაფერი ხმაურობდა, არც სუნთქავდა და არც იძვროდა.
ცივ ასფალტზე დავეგდე და ტირილი დავიწყე, შველა მინდოდა ისე როგორც არასდროს, მაგრამ არც ვიცოდი რისგან. ეს ყველაფერი ძალიან საშიშად მეჩვენებოდა. რამდენიმე წუთში ფეხზე წამოვდექი, გავიქეცი და ერთ-ერთ მარკეტში შევვარდი. იქ კონსულტანტი გაშეშებული იდგა, სალაროსთან კი რიგი იყო, ჩუმი და უძრავი. შიშმა მთელ სხეულში დამიარა. უცბად ერთი იდეა მომივიდა თავში. თუ სალაროდან ფულს ავიღებდი, ამას ვერავინ დაინახავდა და ვერავინ გაიგებდა. ასეც მოვიქეცი, მთელი ფული ამოვიღე სალაროს უჯრიდან, 500 ლარამდე იქნებოდა, შემდეგ შოკოლადები და კამფეტებიც ავიღე, ხელად წვენიც გამოვაყოლე და შეშინებული მაღაზიიდან გავიქეცი. გავრბოდი უკან მოუხედავად, მაგრამ არავინ მომსდევდა. არავის ვაინტერესებდი. უცბად ხელის გულზე წვა ვიგრძენი, თან თითქოს მექავებოდა. დავიხედე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ხელზე საათი გამომესახა, რომელიც დროს უკან მიითვლიდა. თვალებს არ ვუჯერებდი. ოცდაორი საათი და კიდევ წუთები იყო დარჩენილი და შემდეგ განულდებოდა. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს? ვფიქრობდი და ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს. იქნებ ამ დროის გასვლის შემდეგ მოვკვდები? ან იქნებ უკვე მოვკვდი და ახლა როგორც მარტოხელა სული დავხეტიალობ დედამიწაზე ასე უპატრონოდ, ნუთუ სამუდამოდ მომიწევს ასე ყოფნა? მაგრამ არა, მე სული არ ვიყავი. მე სხეული ვიყავი, ყველაფერს ისე ვგრძნობდი და აღვიქვამდი, როგორც მანამდე. თანაც ამ ხელზე გამოსახულ საათსაც ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც დანიშნულება? თუ სამუდამოდ მომიწევს ასე ყოფნა ამ გაშეშებულ, უსიცოცხლო სამყაროში, მაშინ ეს საათი რიღასთვისაა? რატომ ითვლის დროს უკუღმა და რა მოხდება, როდესაც დარჩენილი 22 საათი გავა? იქნებ… იქნებ ყველაფერი თავის რიგზე დაბრუნდება? იქნებ ყველაფერი ამოძრავდეს და განაგრძოს ჩვეულ რითმში ცხოვრება? კი კი სწორედ ასეა. მთელი დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ მე მაქვს იმის პრივილეგია, რომ ვიმოძრაო, გადავაადგილდე და ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ გავაკეთო. კიდევ 22 საათი იქნება დრო გაჩერებული და შემდეგ ყველა და ყველაფერი ამოძრავდება. რა შემიძლია გავაკეთო დარჩენილ დროში? მანქანები გავიტაცო? საუკეთესო რესტორნებში შევიარო და ყველაფერი გავსინჯო რაც მიყვარს? ან იქნებ ბანკები გავძარცვო? მაგარია, ეს ძალიან ძალიან მაგარია. წავალ ახლავე ბანკში შევალ, ფულს გამოვიტან ისე, რომ ანაბეჭდებს არ დავტოვებ და როცა დრო ისევ ჩაირთვება, მე ძალიან ძალიან მდიდარი შევხვდები ცხოვრებას, ვერავინ, საერთოდ ვერავინ გაიგებს ვინ და როგორ გამოიტანა ბანკიდან ფული, ახლა ხომ დრო გაჩერებულია. უამრავი იდეა მომდიოდა. ტექნიკის მაღაზიებში შევივლი და აიფონებს წამოვიღებ, ვფიქრობდი მე. ყველაფრის გაკეთება შემეძლო, რაც თავში აზრად მომივიდოდა, ვიზეც ნაწყენი და გაბრაზებული ვიყავი, შემეძლო, მივსულიყავი და მეცემა, დამესახიჩრებინა, ის კი ვერასოდეს გაიგებდა ვინ გაუკეთა ეს. ვერავინ მოსთვლის ალბათ რამდენი ბოროტული იდეა მომივიდა თავში იმ დროს. ახლავე უნდა დავიწყო მოქმედება, ვიფიქრე მე. დარჩენილ 22 საათში იმდენი უნდა გამეკეთებინა, რომ მერე მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი და ბედნიერი ვყოფილიყავი. გარშემო მიმოვიხედე, რამდენიმე მაღაზია შევნიშნე, შევვარდი და რაც ფული იყო სულ ავიღე, მივრბოდი გზაზე და ყოველ შემხვედრ მაღაზიას ვძარცვავდი, მაგრამ ამას ბევრი დრო მიჰქონდა. გადავწყვიტე მანქანით მევლო, ასე უფრო სწრაფად ავაგროვებდი ფულს. მთავარ ქუჩაზე გადავედი, გავრბოდი, მინდოდა საუკეთესო მანქანა ამეღო, აღარ ვიცოდი, რომელი ამერჩია, ბოლო
ს ერთ შავ ბეემვეს დავადგი თვალი, ის შუა ქუჩაში იდგა,ალბათ დრო სანამ გაჩერდებოდა მიდიოდა, კარი გამოვაღე, მაგრამ საჭესთან კაცი იჯდა გაშეშებული, გზას გაშტერებული თვალებით უყურებდა, ცალი ხელი კი სიჩქარეების გადამრთველზე ჰქონდა დადებული. მეშინოდა მასზე შეხების, მაგრამ გადავწყვიტე, მანქანიდან გადმომეყვანა, შემდეგ უკანა სკამებზე დამესვა და მე დავმჯდარიყავი საჭესთან. მოვკიდე მკლავებზე ხელები და ჩემსკენ მოვქაჩე, მისი გადმოყვანა ძალიან გამიჭირდა, ხელში აყვანა ვცადე, მაგრამ დამივარდა და ასფალტზე დაეცა, უკვე მეშინოდა მასთან მიკარების, ის არ იყო გვამივით მოშვებული და არც ცოცხალი ადამიანივით მორჩილი, არამედ დროის მიღმა იმყოფებოდა და გაშეშებული იყო. გადავწყვიტე აღარ ჩამესვა მანქანაში, იქვე დავტოვე ასფალტზე მიგდებული, დავქოქე მისი მანქანა და გზას გავუდექი. თითქოს სინდისი მაწუხებდა ჩემი საქციელის გამო, მეცოდებოდა ის კაცი, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ის მაინც ვერაფერს გრძნობდა. გადავწყვიტე როცა ყველაფერს გავძარცვავდი და საკმარის ფულს ავაგროვებდი, დავბრუნებულიყავი და ისევ ჩამესვა მანქანაში, თან ბევრ ფულს ჩავუტენიდი ჯიბეებში და, როცა ამას შეამჩნევდა ძალიან გაუხარდებოდა. გულზე დარდი მომეშვა, აღარც სინდისი მაწუხებდა უკვე, პირიქით, საკუთარი კეთილსინდისიერებით აღფრთოვანებულიც კი დავრჩი.

მესამე თავი

ახლა უკვე მანქანით დავდიოდი, მაღაზიებთან ერთად უკვე აფთიაქებშიც დავიწყე შევლა, ყველაფერს ვძარცვავდი რაც შემხვდებოდა, ქუჩაზე გაშეშებულად მდგომი ხალხის გარდა, ფულს კი ჩანთაში ვყრიდი ისე, რომ დათვლასაც ვერ ვასწრებდი, მაგრამ რამდენიმე ათასი ლარი უნდა ყოფილიყო წესით. ხელზე დავიხედე, 20 საათი იყო დარჩენილი, გული ამიჩქარდა, საკუთარ თავზე გავბრაზდი, როგორ შეიძლებოდა ასეთ უბრალო მაღაზიების ძარცვაში, რომ ვკარგავდი დროს, ახლავე უნდა წავიდე და ბანკი გავძარცვო, გავიფიქრე მე, შევიარე იქვე მდგარ ტანსაცმელების მაღაზიაში, ტანისამოსი გამოვიცვალე, შავი ტყავის ხელთათმანები გავიკეთე, რომ იქ ანაბეჭდებიც არ დამეტოვებინა, ბოლოს კი სახეზე ნიღაბი გავიკეთე. ნამდვილი ბანდიტივით გამოვეწყვე. ჩავჯექი მანქანაში და პირველივე შემხვედრ  ბანკთან გავაჩერე, ხელზე დავიხედე, დრო სწრაფად გადიოდა,ყველაფერი უნდა მომესწრო.
ბანკთან მივედი, მაგრამ ის დაკეტილი იყო, რატომღაც წარმომედგინა, რომ ის სავსე იქნებოდა რიგებში მდგარი გაშეშებული ხალხითა და მომსახურე პერსონალით, მაგრამ… უეცრად გამახსენდა, რომ შვიდის ოცი წუთი იყო. ძალიან ვჩქარობდი, მინდოდა მომესწრო უამრავი ფულის აღება და მთელი ცხოვრება სიმდიდრეში გამეტარებინა. ნეტავ რატომ ხდება ასე? დრო რატომ გაჩერდა? ან რატომ მაინც და მაინც ჩემთვის? მსოფლიოში შვიდი მილიარდი ადამიანია, რით ვარ მე მათგან განსხვავებული? რა მაქვს მე ისეთი, რის გამოც სამყარომ მე ამირჩია? ვიჯექი მანქანაში და ამ ფიქრებით ვიყავი გართული რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ არ გამახსენდა, რის გამო ვიყავი მოსული. მანქანიდან გადავედი, მაგრამ ბანკი დაკეტილი იყო და ვერანაირად შევძლებდი იქ შესვლას. ერთადერთი გამოსავალი იყო, კარი უნდა შემენგრია. პირველი აზრი, რაც დამებადა, ქვის სროლა იყო, ერთი შეხედვით ადვილი ჩანდა მინის კარის შენგრევა, მაგრამ ყოველი ჩემი უშედეგო მცდელობა ამის შეუძლებლობაში მარწმუნებდა. ბოლოს გადავწყვიტე, მანქანით დავჯახებოდი და ისე შემენგრია კარი. ჩავჯექი გზაზე მდგომ ყვითელ ავტობუსში დავძარი და პირდაპირ ბანკის შენობას დავეჯახე, შუშის კარი როგორც იქნა შეინგრა, სულ ნაფშხვენებად იქცა. გადავედი ავტობუსიდან, ბანკში შევედი, სალაროსთან დავდექი და შიგნით შევიხედე, იქ ქაღალდის ფული ეწყო, უამრავი ფული, რომლისგანაც სულ რამდენიმე მეტრი მაშორებდა. ხშირად შემიმჩნევია ეს ბანკში ყოფნისას, მიფიქრია კიდეც, ეს ბანკის თანამშრომლები როგორ იკავებენ თავს, რომ ამ ფულს არ იპარავენ მეთქი. ახლა კი ვგრძნობდი, მთელი ეს უზარმაზარი ქონება ჩემი გახდებოდა, უშრომველად, უსწავლელად შევძლებდი, დავუფლებოდი ამდენ ფულს და მთელი ცხოვრება მეყოფოდა. სალაროს მინის შემტვრევას ნახევარ საათზე მეტ ხანს მოვუნდი, არც ეს აღმოჩნდა ადვილი საქმე და ზოგჯერ შიშიც კი შემიპყრობდა ხოლმე, ვაითუ უფულოდ დავრჩე მეთქი. როგორც იქნა შევედი, ცხოვრებაში პირველად შევეხე ამდენ ფულს, ის ახლა ჩემი იყო ავკრიფე და ჩანთაში ჩავიყარე, ბანკიდან გავედი და მანქანაში ჩავჯექი. ახლა რა ვქნა? ვფიქრობდი ჩემთვის. წავალ სახლში და დაველოდები დროის გასვლას, ამ ფულს კი საიმედოდ შევინახავ სადმე.

Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments