ო’ჰენრი – გამასინჯეთ თქვენი მაჯისცემა

ამრიგად ექიმთან წავედი.
_დიდი ხანია,რაც აღარ დაგილევიათ?_შემეკითხა იგი.
განზე გავიხედე და ისე ვუპასუხე:
_კარგა ხანი იქნება.
ექიმი ახალგაზრდა იყო,ასე ოცისა ანდა სულაც ორმოცი წლისა იქნებოდა.ნაზი იისფერი
წინდები ეცვა,მაგრამ ნაპოლეონს კი ჰგავდა და ძალიან მომეწონა.
_ახლა კი,_თქვა მან,_გაჩვენებთ,თუ რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი თქვენს სისხლის
მიმოქცევაზე.
მგონი,ასე თქვა, ,,სისხლის მიმოქცევაზეო“,ანდა,შესაძლოა, ,,ფინანსებზეო“.
მარცხენა სახელო ამიკეცა,მაგიდაზე ერთი ბოთლი ვისკი დადგა და დამალევინა;ახლა კი
მთლად ნაპოლეონს დაემსგავსა და უფრო მეტად მომეწონა.
მკლავზე წნევის აპარატის სამკლავური შემომახვია,პულსი მიპოვა და დააწვა რეზინის
ბუშტს.ეს ბუშტი მიმაგრებული იყო სადგამიან თერმომეტრზე.სინდიყი ავარდა და
დავარდა,თითქოს არც გაჩერებულა სადმე,მაგრამ ექიმმა მითხრა,წნევა ორას ოცდაჩვიდმეტი
გაქვსო,თუ ას სამოცდახუთიო,კარგად აღარ მახსოვს.
_აი,ხომ ხედავთ,_ თქვა მან,_როგორ აგიწიათ წნევა ალკოჰოლმა.
_საოცარია,_ვთქვი მე,_ერთხელ კიდევ უნდა შეამოწმოთ.მოდით,თითო ჭიქა კიდევ
გადავკრათ ჩემს ანგარიშზე და მერე,თუ გინდათ,მეორე მკლავიც გამისინჯეთ.
მაგრამ ვინ მოგისმინა!ხელზე მტაცა ხელი.აჰა,გავიფიქრე,ნამდვილად დავიღუპე,ახლა
დამემშვიდობება და ყველაფერი გათავდება-მეთქი.მან კი უბრალოდ ნემსი ჩამარჭო
თითში,გამომადინა წვეთი სისხლი და ნახევარდოლარიან პოკერის სათვალავებს შეადარა.ეს
სათვალავები რატომღაც ბანქოს ქაღალდზე ჰქონდა დაკრული.
_ვამოწმებ ჰემოგლობინზე,_ამიხსნა მან,_ცუდი ფერის სისხლი გაქვთ გეთაყვა.
_ვიცი,უნდა იყოს ცისფერი,მაგრამ განა ეს ქვეყანა სულ შერეული სისხლიანებით არ არის
სავსე? ეტყობა,ჩემს კეთილშობილ წინაპრებს ოდესღაც ნანტუკელებთან უღლაბუცნიათ…
_ესე იგი,მინდა გითხრათ,_თქვა ექიმმა,_რომ თქვენს სისხლს სიწითლე აკლია.
_ოოო,_ვთქვი მე,_მაშასადამე,საქმე ეხება არა აღრეულ ქორწინებას,არამედ უვარგის
შენაერთს.
მერე ექიმმა გულდაგულ დამიწყო ბაგუნი ნეკნებზე.ახლა ვეღარ გამეგო,ვის უფრო
ჰგავდა_ნაპოლეონს თუ ლორდ ნელსონს.სახემოღუშულმა ჩამოთვალა ერთნაირი
დაბოლოების სხვადასხვა ხორციელი უძლურება,რომლებიც ,,its”-ით მთავრდებოდა.მაშინვე
გადავუხადე თხუთმეტი დოლარი.
_რომელიმე მათგანი თუ კლავს ადამიანს?_ვკითხე მე.ბოლოს და ბოლოს,ხომ მქონდა
უფლება საკუთარი ბედით დავინტერესებულიყავი.
_ყველა მომაკვდინებელია,_რიხიანად მითხრა მან,_მაგრამ თუ თავს მოუვლით და
იმკურნალებთ,გამოჯანმრთელდებით.შეიძლება,ოთხმოცდახუთ_ოთხმოცდაათ წლამდეც
იცოცხლოთ.
ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი,ასეთი რჩევისათვის რამდენი ერგება-მეთქი ექიმს.
_ვგონებ,ოთხმოცდახუთიც საკმარისი იქნება,_შევნიშნე და კიდევ ათი დოლარი დავუმატე.
_უწინარეს ყოვლისა,_ხალისიანად თქვა მან,_კარგად უნდა დაისვენოთ სანატორიუმში და
ნერვები დაიმშვიდოთ.მე თვითონ წამოგყვებით,შესაფერის სანატორიუმს შეგირჩევთ.
ჰოდა,წამიყვანა საგიჟეთში,ქეთსკილის გაშიშვლებულ მთაზე რომ იყო.ირგვლივ ლოდები
და ქვები ეყარა,ალაგ-ალაგ თოვლი შემორჩენილიყო,ნაძვებიც კანტიკუნტად
მოჩანდა.ახალგაზრდა მთავარი ექიმი მეტად სასიამოვნო კაცი აღმოჩნდა.დამალევინა
სპირტიანი სასმელი,მაგრამ მკლავზე აღარაფერი შემომახვია.საუზმის დროც მოვიდა და
სასაუზმოდ მიგვიწვიეს.სასადილო ოთახში პატარა მაგიდებთან ოციოდე ავადმყოფი
იჯდა.ახალგაზრდა მთავარი ექიმი მოგვიახლოვდა და გვითხრა:
_აქ ასე გვაქვს დაწესებული,ჩვენი სტუმრები პაციენტები კი არა,უბრალოდ გადაღლილი
ქალბატონები და ბატონები არიან დასასვენებლად მოსულნი.შესაძლოა, ვინმე რითიმე იყოს
ავად,მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჩვენთან მიღებული არ არის.
ჩემმა ექიმმა ხმამაღლა უბრძანა მომსახურე ქალს საუზმედ მოეტანა დაუშლელი კირისაგან
დამზადებული გლიცეროფოსფატის ერთი ულუფა,ძაღლის ქადა,სოდიანი,ბრომგარეული
ბლინები და ცელიბუხისაგან დამზადებული პირსასაქმებელი ჩაი.ირგვლივ ყველანი
ახმაურდნენ,თითქოს უცებ ამოვარდნილმა ქარიშხალმა ნაძვები ააშრიალაო.ხმამაღლა
აჩურჩულდნენ:,,ნევრასთენიკია!“მხოლოდ ერთმა ცხვირგრძელა კაცმა ჩაილაპარაკა
გარკვევით:,,ქრონიკული ალკოჰოლიზმი“.ნეტავ კიდევ შემახვედრა მასთან!
მთავარი ექიმი შემობრუნდა და წავიდა.
ნასაუზმევს,ერთი-ორი საათის შემდეგ,კვლავ მოვიდა და სახელოსნოში
წაგვიყვანა,რომელიც მთავარი კორპუსიდან ასე ორმოცდაათი იარდით იყო დაშორებული.იქ
უკვე ყველას მოეყარა თავი;ისინი იქ მიიყვანა მთავარი ექიმის მოადგილემ და მისმა
ხელქვეითმა,ფეხმარდმა ლურჯსვიტერიანმა ყმაწვილმა.ის ისე მაღალი იყო,სახე არც კი
მოუჩანდა,შესაძლოა,სახე არც ჰქონდა;სამაგიეროდ ჯავშანჭედვის კომპანია მის ხელებს
სიამოვნებით შეისყიდდა.
_აქ,ჩვენთან,_თქვა მთავარმა ექიმმა,_დამსვენებლებს ფიზიკური შრომის გზით ვთიშავთ
ყოველგვარი გონებრივი დატვირთვისაგან.
რას ინებებდით,რომ იქ არ ყოფილიყო:სახარატო დაზგები,სადურგლო იარაღები,თიხის
საზელი ხელსაწყოები,რამდენიმე ჯარა,დოლები,პასტელის ფერწერისათვის საჭირო
მოლბერტები,სამჭედლოს საბერველები,_ერთი სიტყვით ყველაფერი,რაც შეიძლება
დაჭირდეს ფულიან შეშლილს პირველი კლასის საავადმყოფოში.
_აი,კუთხეში მანდილოსანი ტალახის კვერებს აცხობს,_წამჩურჩულა მთავარმა
ექიმმა,_იცით,ვინ არის ეს მანდილოსანი?!ლულუ ლულინგტონი გახლავთ,სწორედ
ის,რომანი ,,რად უნდა სიყვარულს სიყვარული“ რომ დაწერა.შექმნა თავისი ნაწარმოები და
ახლა ისვენებს გონებრივი შრომისაგან.
ეს წიგნი ნანახი მქონდა.
_ამის გარდა,კიდევ ერთი წიგნი რომ დაეწერა,განა დასვენება არ იქნებოდა?_ვკითხე მე.
როგორც ხედავთ,ისინი ტყუილად ფიქრობდნენ ჩემზე,ამ კაცმა სულ დაკარგა ჭკუაო.
_აი ის ჯენტლმენი,ქილიდან წყალს რომ ასხამს ძაბრში,_განაგრძობდა მთავარი
ექიმი,_უოლსტრიტელი საქმოსანია და ისვენებს საბანკო საქმეებისაგან.
პალტო შევიკარი.
კიდევ ექიმმა მიჩვენა არქიტექტორები,რომლებიც ,,ნოეს კიდობანობანას“
თამაშობდნენ,მიჩვენა დარვინის ,,ევოლუციის თეორიის“ კითხვაში გართული
მღვდლები.იქით იურისტები შეშას ხერხავდნენ,მინაზებული მაღალი წრის ქალები იბსენზე
ებაასებოდნენ_ლურჯსვიტერიან ახმახს.ვიღაც ნერვულ მილიონერს იატაკზე ეძინა,ხოლო
ცნობილი მხატვარი წითელ ურიკას დააგორებდა.
_საკმაოდ ღონიერი ჩანხართ,_მითხრა მთავარმა ექიმმა._სულიერად რომ
დაისვენოთ,გირჩევთ,ქვები ისროლოთ გორაკიდან დაბლა,მერე კი ისევ მაღლა აზიდოთ.
ასი იარდი რომ გავირბინე,მაშინღა დამეწია ექიმი.
_რა მოხდა?_მკითხა მან.
_რა უნდა მოხდეს,რადგან აეროპლანზე ხელი არ მიმიწვდება,ამიტომ მხნედ და მხიარულად
მივირბენ ამ ბილიკით იმ თქვენს სადგურამდე და დავბრუნდები ქალაქში ქვანახშირით
დაუტვირთავი პირველივე მატარებლით.
_რას ვიზამთ,_თქვა ექიმმა,_იქნებ,მართალიც ხართ.ეტყობა,ეს საავადმყოფო თქვენთვის
მაინცდამაინც შესაფერისი არ არის.მიუხედავად ამისა,მაინც გჭირდებათ დასვენება,სრული
სიმშვიდე,განუწყვეტელი ვარჯიში.
საღამოს ქალაქის სასტუმრომდე მივაღწიე.მორიგეს ვუთხარი:_მჭირდება სრული სიწყნარე
და განუწყვეტელი ვარჯიში.იქნებ,მომიძებნოთ ოთახი მაღალი დასაკეცი საწოლით და
რამდენიმე ბიჭიც მამსახუროთ,რათა გაშალონ და დაკეცონ ეს საწოლი,მე კი დავისვენებ.
მორიგემ ფრჩხილიდან ლაქა მოიწმინდა და თვალი ჩაუკრა თეთრქუდიან
აყლაყუდას,ვესტიბიულში რომ იჯდა.აყლაყუდა მომიახლოვდა და თავაზიანად
შემეკითხა,უკანა გასასვლელთან პატარა სკვერი თუ შეამჩნიეო.მე იმ სკვერისათვის მართლაც
არ მიმიქცევია ყურადღება.აყლაყუდამ დამანახა,მერე კი თავიდან ფეხებამდე ამხედდამხედა.
_გეტყობა,ზედმეტი მოგსვლია,_მითხრა ერთგვარი თანაგრძნობით,_თუმცა არა,ნასვამს არ
ჰგავხართ.უმჯობესია,ექიმს მიმართო,ძმობილო.
ერთი კვირის შემდეგ ჩემმა ექიმმა კვლავ გამისინჯა წნევა,ოღონდ სპირტიანი სასმელი აღარ
დაულევინებია.ამჯერად არც ნაპოლეონად მომჩვენებია იგი.რაღაც მოწითალო-ყავისფერი
წინდები ეცვა,რაც თვალში არ მომივიდა.
_უწინარეს ყოვლისა,_დაასკვნა მან,_გესაჭიროებათ ზღვის ჰაერი და ხშირი შეხვედრები.
_სირინოზებთან,რასაკვირველია…_დავიწყე მე,მაგრამ ექიმი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
_მე თვითონ წაგიყვანთ სასტუმრო ,,ბონვირში“ ლონგ-აილენდის სანაპიროზე და თვალყურს
ვადევნებ თქვენს გამოჯანმრთელებას.მშვიდი,მყუდრო აგარაკია,იქ უმალვე გამოკეთდებით.
ოტელი ,,ბონეირი“ აღმოჩნდა ცხრაასოთახიანი დიდებული სასტუმრო პატარა
კუნძულზე.სადილობისას,ვინც ტანსაცმელს არ იცვლიდა,ცალკე სასადილო ოთახებში
შერეკავდნენ ხოლმე და ძალად აჭმევდნენ კუს კერძს და ასმევდნენ შამპანურს.ყურეში
იახტებით დასრიალებდნენ მდიდრები. ჩვენი მისვლის დღეს იქ ღუზა ჩაუშვა
,,კორსარმა“.დავინახე გემბანზე მდგომი მისტერ მორგანი,რომელიც მიირთმევდა ყველიან
ბუტერბროდს და მოწყენილად გაჰყურებდა სასტუმროს.აქ დიდი სიძვირე არ იყო,მაგრამ
საბოლოო ანგარიშსწორებისას რამდენიც არ უნდა გქონოდათ, ფული მაინც არ
გეყოფოდათ.ვისაც სურდა აქაურობას მალე გასცლოდა,საკუთარ ბარგი-ბარხანას
ტოვებდა,პატარა ნავს იპარავდა და ღამით უკვე ხმელეთზე იყო.
მე იქ ერთი დღე დავყავი,მორიგის მაგიდიდან მონოგრამიანი ბლანკები ავიღე და
მეგობრებს დეპეშებით შევატყობინე,ვისაც რამდენი შეგიძლიათ,გამომიგზავნეთ მეთქი უკან
გამოსამგზავრებელი ფული.მე და ექიმმა ერთხელ ვითამაშეთ კროკეტი საგოლფე მინდორზე
და იქვე გაზონზე გამოვიძინეთ კიდევაც.
მერე ქალაქში დავბრუნდით.უცაბედად თითქოს გონს მოეგო ექიმი:
_ისე, თავს როგორა გრძნობთ?
_ძალიან შემითხელდა ჯიბე,_მივუგე მე.
სულ სხვაა კონსულტანტი ექიმი.მან ხომ ზუსტად არ იცის,გადაუხდიან გასამრჯელოს თუ
არა,ჰოდა,ასეთი გაურკვევლობის გამო ან ძლიერ ცდილობს,ან სულ არ ცდილობს.ჩემმა
ექიმმა კონსულტანტთან წამიყვანა,ალალბედზე აირჩია და ძალზე მონდომებული ადამიანი
კი აღმოჩნდა.კონსულტანტი ძალიან მომეწონა.მან საცდელი ვარჯიში ჩამიტარა.
_კეფა გტკივა?_მკითხა მან._არა-მეთქი,ვუპასუხე.
_ახლა დახუჭეთ თვალები,_მითხრა მან,_ერთმანეთს მიადგით ტერფები და გადახტით
უკან,რაც შეიძლება შორს.
ყოველთვის მიყვარდა თვალდახუჭული უკან გადახტომა და არ გავძალიანებულვარ,მაგრამ
თავი მივარტყი აბაზანის გაღებული კარის ძგიდეს:კარი სამი ფუტით იყო
დაშორებული.ექიმს გუნება ძლიერ გაუფუჭდა.მისი წინდაუხედაობით დარჩენილიყო კარი
ღია.მან ის მიხურა.
_ახლა შეეხეთ თქვენს ცხვირს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით,_მითხრა მან.
_მერედა სად არის ის?_ვთქვი მე.
_სახეზე გაქვთ,_მითხრა მან.
_მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე მოგახსენებთ,_განვუმარტე მე.
_ოჰ,ბოდიშს ვიხდი,_თქვა მან და ისევ გამოაღო აბაზანის კარი.მე გამოვაძვრე თითი
ღრიჭოდან,მერე საოცარი სისწრაფით შევასრულე თითის ცხვირზე შეხება და ვთქვი:
_არ მსურს მოგატყუოთ,ექიმო,მე მართლაც მტკივა კეფა.
მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ჩემს ჩივილს და გულდაგულ მოისმინა ჩემი გულისცემა
გრამაფონის ,,რუპორის“ მეშვეობით,როგორიც ავტომატებს აქვთ:ჩააგდეთ ფული
ჭრილში_დაუკრავს.ასე მეგონა,ხალხური სიმღერა ვარ-მეთქი.
_ახლა,_თქვა მან,_ცხენივით ინავარდეთ ოთახში ხუთ წუთს.
მე იმ აქოშინებულ საფორნე ცხენს დავემსგავსე,მედისონ-სკვერ-გარდენში რომ აღარ
აჩერებენ.მერე ფულის ჭრილში ჩაუყრელად მან კვლავ მოისმინა ჩემი გულისცემა.
_ქოშინი ჩვენს გვარში არავის ჰქონია ,ექიმო,_ვუთხარი მე.
კონსულტანტმა თავისი საჩვენებელი თითი ჩემი ცხვირიდან სამი დუიმის მანძილზე
დაიჭირა.
_შეხედე ჩემს თითს,_მითხრა მან.
_სკიპიდარი,ყოველნაირ ჭუჭყს…_დავიწყე მე,მაგრამ…მან საქმე სასწრაფოდ წარმართა.
_ჯერ შეხედე ყურეს,ახლა ჩემს თითს,ისევ ყურეს,ჩემს თითს,ყურეს,_და ასე სამ წუთს
იმეორებდა.
მან ამიხსნა,მოსაზრებულობას გიმოწმებო,ვითომ ესეც შემოწმებაა რაღა!ერთხელაც არ
მიმიჩნევია მისი თითი ყურედ.
სანაძლეოს დავდებ,მას რომ ასე ეთქვა: ,,გაიხედეთ უდარდელად,ან უფრო
სწორად,სწრაფად იმ ჰორიზონტისაკენ,რომელსაც გარს არტყია,უბრალოდ რომ
ვთქვათ,ტენშემცველი ყურე,ახლა კი,მოაშორეთ თვალი ან სხვანაირად რომ
ვთქვათ,განარიდეთ თქვენი ყურადღება და მიაპყარით იგი ჩემს აღმართულ თითს“,
გეუბნებით,სანაძლეოს დავდებ,რომ აქ თვით დიდი სტილისტი ჰარი ჯეიმსიც კი არ
შეცდებოდა.
მერე მკითხეს,თქვენს გვარში ვინმეს ხომ არ ჰქონდა ხერხემლის გამრუდება ან შესიებული
კოჭებიო,და ორივე ექიმი განმარტოვდა სააბაზანო ოთახში.ჩამოსხდნენ აბაზანის კიდეზე და
დაიწყეს თათბირი,ამასობაში მე ვჭამდი ვაშლს და ვუყურებდი ხან ჩემს თითს,ხანაც ყურეს.
ექიმები ერთობ მოღუშულნი გამოვიდნენ სააბაზანოდან.თუმცა,რის
მოღუშულნი,ნამდვილ საფლავის ლოდებს ჰგავდნენ.მათ მკაცრი დიეტა დამინიშნეს.რა არ
იყო ამ დიეტაში,თითქმის ყველაფერი,გარდა ლოკოკინებისა.ლოკოკინა თავის დღეში არ
ჩამიდვია პირში,არც ჩავიდებ,თუ თვითონვე არ დამიწყებენ კბენას.
_ამ დიეტას ოდნავადაც არ გადაუხვიოთ,_მითხრეს ექიმებმა.
_ესე იგი,ერთი მილიმეტრითაც კი,სანამ ფული მეყოფა,_დავუმოწმე მე.
_ეს ერთი,მეორე,_განაგრძეს მათ,_თქვენთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი და გამუდმებული
ვარჯიში.აი,რეცეპტი,შეასრულეთ,ძლიერ მოგიხდებათ.
მერე ყველანი ჩვენ-ჩვენ საქმეს ვეწიეთ.ისინი თავიანთ ქუდებს დასწვდნენ,მე
კი_რეცეპტს,და წავედი აფთიაქში.
_უნცია ეღირება ორი ცენტი.პატარა ბოთლში იქნება,_მითხრა მეაფთიაქემ.
_კანაფის ნაწყვეტს ხომ არ მომცემთ?_ვკითხე მას.
მე რეცეპტი გავხვრიტე,კანაფი გავუყარე,მერე ყელზე ჩამოვიკიდე და უბეში შევინახე.ვინ რა
იცის,ვის რანაირი ცრურწმენა აქვს.მე,მაგალითად,ავგაროზი მწამს.
ტკივილით არაფერი მტკიოდა,მაგრამ მაინც ცუდად ვიყავი.არც მუშაობა შემეძლო,არც
ძილი,არც ჭამა,არც კროკეტის თამაში.მაგრამ ვინმეს რომ შევცოდებოდი,ოთხი დღე არ უნდა
გავპარსულიყავ.იმასაც მეუბნებოდნენ:ო,ბერიკაცო,კაჟივით მაგარი ხარ,ალბათ მეინის ტყეში
დაისვენე,არა?“
მერე უეცრად გამახსენდა,სუფთა ჰაერი და განუწყვეტელი ვარჯიში მჭირდებოდა და
ჯონთან გავემგზავრე სამხრეთში.ჯონი ასე თუ ისე ნათესავად მერგებოდა.ასე ირწმუნებოდა
ერთი მოძღვარი,ქრიზანთემების ყვავილნარში ჩამჯდარი და თავისი პატარა დავთრის
მეშვეობით ასი ათასი კაცის გამფრცქვნელი.ჯონს პაინვილიდან შვიდი მილის დაშორებით
ჰქონდა პატარა კარ-მიდამო.ეს კარ-მიდამო მდებარეობს მაღლა, ,,ლურჯი ქედის“
ფერდობზე,ისეთ ღირსშესანიშნავ შტატში,რომელზედაც აქ ლაპარაკი საჭირო არ არის.ჯონი
კი ქარსივით გამჭირვალეა და ოქროზე უფრო სუფთა.
ჯონი პაინვილში დამხვდა.სახლამდე,რომელიც განმარტოებით იდგა გორაკზე და ირგვლივ
ასი მწვერვალით იყო გარშემორტყმული,საბაგირო გზით მივედით.ვაგონიდან მის სახლთან
გადმოვედით,სადაც შემოგვეგება ჯონის ოჯახი ამარილისთან ერთად.ამარილისი როგორღაც
შეშფოთებული შემომცქეროდა.
ამ დროს საიდანღაც ბოცვერი გამოგვიხტა და კორდზე ხტუნვა-ხტუნვით გზა გადაგვიჭრა.
ჩემოდანი ძირს დავაგდე და ბოცვერს გამოვენთე. მხოლოდ ოც იარდამდე მივსდიე. მალე
ბოცვერი თვალს მიეფარა, მე კი დავჯექი ბალახზე და მწარედ ავტირდი.
_ბოცვერსაც ვეღარ ვეწევი,_ვქვითინებდი მე,_ ყოვლად უვარგისი ადამიანი ვარ, მხოლოდ
ისღა დამრჩენია, მოვკვდე.
_ უიმე,რა ემართება ამას, ძმაო ჯონ?_მომესმა ამარილისის ხმა.
_ ცოტა ნერვები ღალატობს,_ მშვიდად თქვა ჯონმა._ არაფერია. ადექი, ბოცვრების
რისხვავ,შინ შევიდეთ,თორემ ქადები გაგვიცივდება.
მოსაღამოვდა, მთების პეიზაჟი არაფრით ჩამოუვარდებოდა მისის მერფრის მიერ აღწერილ
მთებს.
ნასადილევს თავდაჯერებით განვაცხადე, ერთი-ორი წლით დავიძინებ და თუ შეიძლება
ნურც უქმე დღეებში გამაღვიძებთ-მეთქი.შემიყვანეს საყვავილესავით დიდსა და ცივ ოთახში,
სადაც ფართო საწოლი იდგა.მალე უკლებლივ მთელი ჯალაბობა დაწვა და ირგვლივ
სამარისებური სიჩუმე გამეფდა.
რა არ განმიცდია, მაგრამ ასეთ სიჩუმეში კი კარგა ხანია არ მოვხვედრილვარ.ხმა არსაიდან
ისმოდა,იდაყვს დავეყრდენი,წამოვიწიე და ყური მივუგდე. რა დამაძინებდა! ნეტავ, რაღაც
მაინც გავიგონო:ვარსკვლავი როგორ ციმციმებს, ან ბალახი როგორ იზრდება_ მაშინ,იქნებ,
კიდევაც დამეძინოს. ისიც მომეჩვენა,თითქოს სადღაც ქარმა ნავის აფრა აატლაშუნა, მაგრამ
მერე გავიფიქრე, ალბათ, ხალიჩას ლურსმანი მოძვრა-მეთქი და კვლავ სმენად ვიქეცი.
უეცრად რომელიღაც დაგვიანებული ჩიტი შემოჯდა ფანჯრის რაფაზე და ჩუმი ხმით რაღაც
ჩაიჟღურტულა, რაც ადამიანის ენაზე ასე გადაითარგმნება: ,,ჭიკ-ჭიკ“.
ზეზე წამოვხტი.
_ეი,ვინ ხმაურობს მანდ,ქვემოთ?_ჩამომძახა ჯონმა.
_არაფერია,არაფერი,_ვუპასუხე მე,_უცაბედად თავი მივარტყი ჭერს.
დილით აივანზე გავედი და მთებს გავხედე. ორმოცდაშვიდი მწვერვალი
მოჩანდა.შემაჟრჟოლა,სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, თაროზე მოვნახე ,,პენქოსტის
საოჯახო მედიცინა“ და დავიწყე კითხვა. მოვიდა ჯონი, გამომართვა წიგნი და წამიყვანა
სასეირნოდ.მას სამასი აკრი მამული ჰქონდა.ამ მიწაზე საკმაოდ იყო
ბეღლები,ჯორები,მხვნელ_მთესველები და კბილებჩამტვრეული ფარცხები. ასეთი რამ
ბავშვობაში მინახავს და გული ამიძგერდა.
მერე ჯონმა სიტყვა ჩამოაგდო იონჯაზე და მე უმალვე გონს მოვეგე.
_ჰო,დიახ,_ ვთქვი მე,_ სწორედ ის,იმ გუნდიდან,რა ჰქვია იმას…
_ისეთი ქორფა, ნაზი, _ თქვა ჯონმა,_ ერთი სეზონი იკეკლუცა,მერე კი…
_ ვიცი,_ ვთქვი მე,_ ის მიწაშია, ზემოთ კი ბალახი ბიბინებს.
_ აი, აი,_ თქვა ჯონმა,_ როგორც ვხედავ,ერკვევი მეურნეობაში.
_ ეგღა მაკლია, ვერ ვერკვეოდე მათ მეურნეობაში,_ ვთქვი მე,_ერთ მშვენიერ დღეს ისინი
მოვლენ და გათიბავენ.
შინ რომ ვბრუნდებოდით, გზა გადაგვიჭრა მშვენიერმა და იდუმალმა არსებამ.
მონუსხულივით შევდექი და მივაშტერდი.ჯონი სიგარას აბოლებდა და მოთმინებით
მელოდა. ის ახალი ყაიდის ფერმერთა წრეს ეკუთვნის. ათიოდე წუთის შემდეგ თქვა:
_შენ რა, მთელი დღე იოცნებებ ამ ვარიაზე? ასე ხომ საუზმესაც გაუშვებ ხელიდან.
_ ვარიაზე? _ ვთქვი მე.
_ ჰო,ორპინგტონის ჯიშის თეთრ ქათამზე,რაკი აღარ იშლი შენსას.
_ ორპინგტონის ჯიშის თეთრ ქათამზე?_ გავიმეორე დიდი ინტერესით. ქათამი აუჩქარებლად
მიდიოდა, თავი ღირსეულად და მიმზიდველად ეჭირა. მე კი ბავშვივით მივდევდი. ჯონი
ერთ ხუთ წუთს კიდევ მომსდევდა, მერე ჩამავლო ხელი სახელოში და სასაუზმოდ წამიყვანა.
ერთი კვირა რომ გავიდა, შევშფოთდი. დიდებულად მეძინა და ვჭამდი, პირდაპირ
სიცოცხლე მიხაროდა, მაგრამ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფს ეს არაფრით არ
შემეფერებოდა. ბოლოს გავიპარე გაჩერებაზე, პატარა ვაგონით მივედი პაინვილამდე და
გავეშურე ქალაქის საუკეთესო ექიმთან. ამჯერად მტკიცედ ვიცოდი,რა მჭირდებოდა
სამკურნალოდ. ქუდი სკამის საზურგეზე ჩამოვკიდე და სხაპასხუპით ვთქვი:
_ ექიმო,მაქვს გულის ციროზი,არტერიის გამკვრივება,ნევრასთენია,ნევრიტი,კუჭის მწვავე
აშლილობა და გამოჯანმრთელების ნიშნები. მკაცრი დიეტა უნდა დავიცვა. საღამოობით
მივიღებ თბილ, დილაობით კი ცივ აბაზანას. შევეცდები გავერთო და ვიფიქრო
განსაკუთრებით სასიამოვნო ამბებზე. რაც შეეხება წამლებს, განზრახული მაქვს ჭამის შემდეგ
დღეში სამჯერ მივიღო ფოსფორის აბი და ვსვა ქინაქინის ქერქისა და ფესვის ნაყენი
კარდამონში გახსნილი. ნარევის ყოველ სუფრის კოვზს დავუმატებ განმკურნებელი ჟენშენის
ნაყენის თითო-თითო წვეთს ყოველდღიურად,ვიდრე დოზას მაქსიმალურად არ
გავზრდი;ჩავაწვეთებ საწვეთარით, საწვეთარს კი ყოველ აფთიაქში იყიდი ჩალის
ფასად.მშვიდობით.
ავიღე ქუდი და გარეთ გავედი. კარი რომ გავიხურე, მერე გამახსენდა, რომ ყველაფერი არ
მითქვამს. მივბრუნდი. ექიმი იმავე ადგილას იჯდა გაუნძრევლად, მაგრამ როცა დაინახა,ისევ
მე ვიყავი, ადგილზე შეხტა.
_აი, კიდევ რა, _ ვთქვი მე,_ აბსოლუტურ სიწყნარეს დავიცავ და ვივარჯიშებ.
კონსულტაციის შემდეგ ერთბაშად უკეთ ვიგრძენი თავი. როცა გამახსენდა, უიმედო
ავადმყოფი ვარ-მეთქი, ისეთმა სათნოებამ შემიპყრო, რომ კინაღამ ისევ უგუნებოდ შევიქენი_
ისე კი,თუ ნევრასთენიით დაავადებულ კაცს არაფერი აწუხებს და სიცოცხლე
უხარია,იცოდეთ, ყველაფერი დაკარგულია.
ჯონი დიდი რუდუნებით მივლიდა.მას შემდეგ,რაც დიდი ინტერესი გამოვიჩინე
ორპინგტონის ჯიშის თეთრი ქათმისადმი,სულ ცდილობდა რამენაირად გავერთე;
ღამღამობით კი საქათმეს აუცილებლად კეტავდა. თანდათანობით მთის მაცოცხლებელმა
ჰაერმა, კარგმა საჭმელმა და ყოველდღიურმა გასეირნებამ ისე შემიმსუბუქა ჩემი ტანჯვა, რომ
ბოლოს და ბოლოს სასო წამერთვა და სულ მოვეშვი.მე ყური მოვკარი ლაპარაკს ვიღაც
სოფლელ მკურნალზე, იქვე ახლოს, მთაში რომ ცხოვრობდა. წავედი მასთან და ყველაფერი
ვუამბე თავიდან ბოლომდე. მკურნალი თეთრწვერა მოხუცი იყო, ნათელი ლურჯი თვალები
ჰქონდა, თვალებს ირგვლივ კი სხივებივით გაშლოდა ნაოჭები; ტანთ ეცვა ნაცრისფერი შინ
შეკერილი ჯინსის კოსტიუმი.
ტყუილუბრალოდ დრო რომ არ დამეკარგა, საკუთარ თავს დავუსვი დიაგნოზი,
საჩვენებელი თითი მოვისვი ცხვირზე, ხელი დავირტყი მუხლზე და ფეხი გავიქნიე, ხელი
დავიბაგუნე გულისფიცარზე, ენა გამოვყავი და ვკითხე მკურნალს, ახლა რა ღირს-მეთქი
მიწის ნაკვეთი პაინვილის სასაფლაოზე?
მან ჩიბუხი გააბოლა და სამ წუთს გულმოდგინედ მათვალიერებდა.
_ ჰო,ძმობილო,_ მითხრა მან დაფიქრების შემდეგ,_ ვერ დაგიმალავ, შენი საქმე წამხდარია.
მართალია,რაღაც იმედი გაქვს გადარჩენისა,მაგრამ, უნდა ითქვას,რომ ფრიად სუსტი იმედია.
_ნეტავ რა იმედი?_ ხარბად ვკითხე._ მე ვსინჯე დარიშხანი და ოქრო,ფოსფორი,ვარჯიში,
ჰიდროთერაპიული აბაზანები,სიმშვიდე,მღელვარება,კოდეინი და ნიშადურის ცხარე
სურნელი, ორთქლი. ნუთუ არის კიდევ სხვა წამალი?
_ სადღაც აქ, მთებში იზრდება მცენარე, ერთგვარი ყვავილი,_თქვა ექიმმა._ მხოლოდ ის
გიშველის,სხვა ვერაფერი.ამ ყვავილის არსებობა ქვეყნის დასაბამიდან იცოდნენ ადამიანებმა,
მაგრამ მისი პოვნა ერთობ ძნელია. ჩვენ უნდა შევეცადოთ და ვიპოვოთ. ახლა თითქმის
არავის ვმკურნალობ, წლები თავისას შვრება,მოვხუცდი. შენ კი გიმკურნალებ.ყოველდღე,
შუადღისას ორი-სამი საათით უნდა მოხვიდე, დამეხმარები იმ მცენარის მონახვაში. ქალაქის
ექიმები რასაკვირველია,თავიანთ მეცნიერებაში კარგად ერკვევიან, მაგრამ ის კი არ იციან, რა
სიმდიდრეს მალავს ბუნება თავის ხურჯინში_ეს მათ არ გაეგებათ.
ამრიგად,მე და მოხუცი ექიმი სამკურნალო ბალახის ძებნაში დავხეტიალობდით, ,,ლურჯი
ქედის“ მთასა და ბარში. დავცოცავდით შემოდგომის ფოთლებით დაფარულ სლიპ
ფერდობებზე. ვეჭიდებოდით ყოველ ტოტს, რომ არ ჩავცვენილიყავით ხრამში. მკერდამდე
ვეფლობოდით დაფნებსა და გვიმრებში. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით მთის ჩანჩქერებს;
ინდიელებზე ნაკლებ როდი მივძვრებოდით წიწვიან ტევრებში,გულმოდგინებით
ვზვერავდით ბორცვებსა და გორაკებს, მდინარის ნაპირებს და მთის ძირებს,
სასწაულმოქმედი მცენარის ძებნაში.
მართალი თქვა მოხუცმა ექიმმა, იმ მცენარეს ძნელად თუ იპოვნი, რადგან იშვიათად
ხარობს და ისე ჩათვალე, უკვე გადაშენდაო. ჩვენ სასოწარკვეთილებას მაინც არ ვეძლეოდით
და ძებნას განვაგრძობდით. ყოველდღე ჩავდიოდით ბარში, ისევ ავდიოდით ციცაბოებზე და
ვეხეტებოდით ღრანტეებში სასწაულმოქმედი მცენარის საძებნელად. მთებში გაზრდილი
კაცისთვის ყოველივე ეს ადვილი იყო, დაღლილობა არ ეტყობოდა, მე კი, ზოგჯერ ისე
მერთმეოდა არაქათი, რომ შინ მისვლისთანავე საწოლზე დავეგდებოდი და დილამდე მეძინა.
ასე გაგრძელდა ერთი თვე.
ერთ საღამოს,ექვსი მილი რომ ვიხეტიალე, მე და ექიმი შინ დავბრუნდით. მერე
ამარილისთან ერთად წავედი სასეირნოდ გზისპირა ჭალაში. შევყურებდით, როგორ
იმოსებოდა მთები ღამის სამეფო ძოწეულში.
_ძალიან მიხარია,რომ გამოჯანმრთელდით,_ მითხრა ქალმა,_ თორემ პირველად,როცა
ჩამოხვედით, ცოტა არ იყოს,კიდევაც მეშინოდა. აი,ეს არის-მეთქი ავადმყოფი,ნამდვილი
ავადმყოფი.
_გამოვჯანმრთელდი!_ კინაღამ დავიყვირე._თქვენ თუ იცით,რომ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე
ჰკიდია?
ამარილისმა გაკვირვებით შემომხედა.
_როგორ თუ ბეწვზე ჰკიდია,_ მითხრა ქალმა._ თქვენ ხომ საპალნე ჯორზე უფრო მაგარი
ხართ,გძინავთ ათი-თორმეტი საათი, ჭამით კი იმდენს ჭამთ, რომ გვეშინია, სამათხოვროდ
კარდაკარ სიარული არ დაგვჭირდეს. მეტი რაღა გინდათ?
_გეუბნებით,_ვუთხარი მე,_ თუ ის სასწაულმოქმედი ყვავილი ვერ მოვნახეთ,ჩემი საშველი
არ იქნება, ასე მითხრა ექიმმა.
_ რომელმა ექიმმა?
_ ექიმმა თეიტემმა_ აი,იმ მოხუცმა ექიმმა,ბლეკ ოუკის მთაზე რომ ცხოვრობს. არ იცნობ?
_ვიცნობ აკვნიდანვე. აი თურმე სად დადიხართ ყოველდღე! _ მაშასადამე, ის გატარებთ
სასეირნოდ,თქვენთან ერთად დაცოცავს მთებზე და სულ გამოჯანმრთელდით,არა? ღმერთმა
უშველოს მოხუც ექიმს.
სწორედ ამ დროს გზაზე ნელა მიდიოდა თავისი დანჯღრეული ორთვალათი მოხუცი ექიმი.
ხელი დავუქნიე და გავძახე, ხვალ ჩვეულებისამებრ მოვალ-მეთქი. ცხენი შეაჩერა და
ამარილისი თავისთან მიიხმო. ხუთი წუთი ისაუბრეს, მე კი მოშორებით ველოდი. მერე
მოხუცმა განაგრძო გზა.
შინ რომ დავბრუნდით, ამარილისმა ენციკლოპედია გადმოიღო და გადაფურცლა.
_ ექიმმა თქვა,_მამცნო ქალმა,_ როგორც პაციენტი ჩემთან ნუღარ მოვა, როგორც
მეგობარი__როცა უნდა მოვიდეს, ყოველთვის მოხარული ვიქნებიო. მე კი მიბრძანა,
მოვძებნო ჩემი სახელი ენციკლოპედიაში და გითხრათ, რას ნიშნავს იგი. თურმე ეს სახელი
ველურ ყვავილს ჰქვია, თეოკრიტესა და ვერგილიუსს კი მწყემსი ქალის სახელად აქვთ
გამოყენებული. როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს ექიმი?
_ვიცი, რასაც გულისხმობს,_ ვთქვი მე._ ახლა ყველაფერი გასაგებია.
ეს სიტყვა მიმართულია ძმობილ ნევრასთენიკისადმი,ყველასადმი,ვისაც კი მოაჯადოვებს
დაუოკებელი მანდილოსანი ნევრასთენია.
დანიშნულება კი სწორი იყო. ქალაქელი ექიმებიც კი ხანდახან თავიანთ ქვის სადგომებში,
თუმცა ხელის ფათურით,მაგრამ, მაინც მიაგნებენ ხოლმე საჭირო წამალს.
ვარჯიშის თაობაზე მიმართეთ კეთილ ექიმს თეიტემს,ბლეკ ოუკის მთაზე მეთოდისტთა
სამლოცველოს მარჯვნივ ნაძვნარში რომ ცხოვრობს.
სრული სიმშვიდე და განუწყვეტელი ვარჯიში!
რა შეიძლება უფრო დამამშვიდებელი და განმკურნებელი იყოს, ვიდრე ის, რომ იჯდე
ამარილისთან ერთად ჩრდილში და მეექვსე გრძნობით აღიქვამდე უტყვ თეოკრიტულ
იდილიას: ოქროსფერალმიანი ლურჯი მთები მწყობრად შედიან ღამის სავანეში.