Mr. Nobody – ბატონი არავინ (განხილვა)
[შეიცავს სპოილერებს]
სიუჟეტს 2097 წელი ხსნის. რეჟისორი პოტენციურ მომავლის სამყაროს გვიჩვენებს. სამყარო, სადაც ადამიანები ბუნებრივი სიკვდილით აღარ კვდებიან. ამ სამყაროში არსებობს ტელემორიზაცია, რაც უჯრედების განუწყვეტელ განახლებას ნიშნავს. უკვდავი ადამიანების სამყაროში ჩნდება უწარსულო ადამიანი, ფილმის მთავარი პერსონაჟი, ბატონი არავინ, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს. არ არსებობს მისი ვინაობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი, თუ წყარო. ის ყველას ყურადღებას იქცევს და რეალითი შოუს მთავარი პერსონაჟი ხდება, როგორც, უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდება.
ბატონი არავინ დამცინავად უყურებს განვითარებულ სამყაროს, სადაც ადამიანებს არ ეშინიათ სიკვდილის და სადაც სექსი გამრავლების მოძველებული მეთოდია. რითაც რეჟისორი მიგვანიშნებს, იმ გაგრელებაზე, საითაც ადამიანების კომფორტისკენ მიდრეკილებას და ყველაფრის გამარტივების სურვილს მივყავართ.
ფილმში პერიოდულადაა 2097 წლის სამყარო ნაჩვენები, სადაც ყველგან ეკრანებია და ადამიანების მთავარ გასართობად სწორედ წარსულის გადმონაშთი, უცნაური ბატონი არავინ ხდება. რეალითი შოუ გამოკითხვასაც კი აწარმოებს, უნდა მოხდეს მისი ტელემორიზება, თუ არა.
ბატონ არავინს (ნემოს) არ ახსოვს თავისი წარსული, ამიტომ ექიმები ჰიპნოზის მეთოდით ცდილობენ მისი მოგონებების აღდგენას. საიდანაც იწყება არეულობა. ჰიპნოზის პროცესში ნემოს აზროვნება აბნეულია, რაც ფილმში უცნაური სამყაროს გამოჩენითაა გამოხატული, სადაც ყველას კუბოკრული სამოსი აცვია. ექიმს ნემო პირველ მოგონებებამდე მიყავს.
ფილმის შემქმნელები ადამიანის დაბადების ორიგინალურ და იუმორნარევ თეორიას გვთავაზობენ. ანგელოზებით გარშემორტყმული ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვები უცნაურ პროცედურებს გადიან. მათ ახსოვთ საკუთარი წარსულიც და მომავალიც. იმისთვის, რომ დაბადების შემდეგ საკუთარი მომავალი დაივიწყონ, დავიწყების ანგელოზები ზედა ტუჩზე თითს ადებენ და ჩაღრმავებას ტოვებენ, თუმცა მათ ნემო გამორჩებათ და უკვე მოზარდი ნემო ფიქრობს, რომ მომავლის დანახვა შეუძლია.
საკვანძო ეპიზოდი მატარებლების სადგურზე ხდება. 9 წლის ნემოს მშობლებმა განქორწინება გადაწყვიტეს, დედა სხვა ქალაქში გადადის და ბავშვი არჩევნის წინაშეა. ან მამასთან დარჩეს, ან დედას უნდა გაჰყვეს. ეპიზოდი ფილმში მრავალჯერ გვიბრუნდება. დასასრულისკენ 107 წლის ნემო ამბობს, რომ ყველაფერი რაც მის მეხსიერებაში იყო და ყველაფერი რაც ხდება, სწორედ 9 წლის ნემოს წარმოსახვაშია, ბავშვის, რომელიც შეუძლებელი არჩევანის წინაშე დადგა და რომელიც გონებაში მომავლის ყველა შესაძლო განვითარებას განიხილავს. ერთ-ერთ კადრში ვხედავთ ნემოს, რომელიც ცარიელი კინოთეატრის დარბაზში ზის და თავის მომავალს ადევნებს თვალს, რაც სწორედ ამ ფაქტის სიმბოლოზირებას წარმოადგენს. “ჭადრაკში ამას ზუგცვაიგს ეძახიან, როცა ერთადერთი გადარჩენის საშუალება უმოძრაობაა.” ნემო უმოძრაობას არჩევს და მის გონებაში იწყება დიდი წარმოდგენა.
ვხედავთ მილიონობით ლიანდაგს, რომლებიც ერთმანეთში იხლართება, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენი შესაძლო ვარიანტი შეიძლება ჰქონდეს ნემოს მომავალს. ის ამბობს, რომ სანამ გადაწყვეტილება მიღებული არაა, მომავლის ნებისმიერი განვითარება შესაძლებელი რჩება. მატარებლების სადგურში ვხედავთ როგორ მისდევს ის დაძრულ მატარებელს, რომელშიც დედამისი ჩაჯდა და ვხედავთ, რომ ის მას ეწევა და დედას მიჰყვება. ასევე, ვხედავთ, როგორ შეაჩერა ის მამის ძახილმა და მასთან ერთად დარჩა. ყველაფერი ამ ორ შემთხვევას ეფუძნება და ფილმში ნაჩვენები სიუჟეტებიც სწორედ მათ გაგრძელებას წარმოადგენს.
ჟურნალისტი, რომელიც მოხუც ნემოსთან პალატაში შედის გაკვირვებულია, იმ პარადოქსებით, რომლებიც რესპოდენტის მონაყოლშია. ის თან რჩება მამასთან და თან დედას მიჰყვება, თანაც ამტკიცებს, რომ ყველაფერი რაც მოყვა, რეალურადაც მოხდა. ამ ყველაფერს ისევ ნემოს სიტყვები ხსნის, რომ ისინი 9 წლის ბავშვის წარმოსახვაში არსებობენ და 9 წლის საკუთარ თავს, სიმბოლურად, არქიტექტორს უწოდებს. 107 წლის ნემოსთან მყოფ ახალგაზრდა ჟურნალისტს იმ მატარებელშიც ვხედავთ, რომელშიც 9 წლის ნემოს დედა ჯდება, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მომავლის სამყაროს ფიქციურობაში.
ფილმში მთავრი პერსონაჟის ცხოვრების უამრავ ვარიანტს ვხედავთ, ზოგი კი გვესმის (შეიძლებოდა ნემოს მშობლები საერთოდ არ შეხვედროდნენ ერთმანეთს, შეიძლებოდა პრეისტორიული ადამიანი სიცივეში გაყინულიყო და ნემოს შთამომავლობა საერთოდ არ დაბადებულიყო). ნაჩვენები ალტერნატიული სამყაროები ძირითადათ 3 ქალის ირგვლივ ტრიალებს. თითქმის ყველა ვარიანტში ნემო კარიერულ წარმატებას აღწევს, გარდა იმ რეალობებისა, სადაც მას ანა უყვარდება. თუმცა ის ბედნიერების მიღწევას ანას გარეშე ვერ ახერხებს. იმ შემთხვევაში, როცა ელისზე ქორწინდება, მისი მეუღლის შიშებთან, ფსიქოლოგიურ პრობლემებთან და უსიყვარულობასთან უწევს ბრძოლა. ჯინის შემთხვევაში მაშინ როცა ყველაფერს მიაღწევს, ცხოვრების აზრს კარგავს. (თავის ცხოვრებას მონეტას ანდობს).
ნემოს ცხოვრებებზე დაკვირვებით რეჟისორის სათმელს კარგად დავინახავთ ზემოთ თქმულ საკითხთან დაკავშირებით. კარიერული და ფინანსური წარმატება ბედნიერებასთან თითქმის არავითარ კავშირში არაა. და ამ აზრს ნემოს არჩევანიც ადასტურებს.
პეპლის ეფექტის და ბედის დაცინვის თემები მთელ ფილმს გასდევს. ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში, უმცირესი დეტალიც კი კატასტროფულ შედეგებს იწვევს. (წვიმა, რომელმაც ნემოს, ანას ნომერი დააკარგვინა, უმუშევარ აზიელთან იყო დაკავშირებული, რომელმაც სამსახური ნემოს გამო დაკარგა).
ფილმის დასასრულს მომაკვდავი ნემო ერთ-ერთ მთავარ სათქმელსაც აჟღერებს “სიკვდილის არ მეშინია, მეშინია, რომ საკმარისად არ ვიცხოვრე. ყველა სკოლის დაფაზე უნდა დაიწეროს ეს: ცხოვრება სათამაშო მოედანია – ან არაფერი”.