აზრის გამოხატვის ფასი: აზერბაიჯანელი სტუდენტი აქტივისტები დაშინებისა და გარიცხვის წინაშე

ბოლო ათი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანელ სტუდენტებს, რომლებიც აქტივიზმში არიან ჩართულები, ხშირად აკავებენ, აშანტაჟებენ და განათლების მიღებას უკრძალავენ ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა უბრალოდ განათლების გაუმჯობესების მოთხოვნა თუ ყოფილი პრეზიდენტების “შეურაცხყოფა”.
ულვი ჰასანლი, რომელიც 2005 წლიდან აქტივისტია, 2007 წელს უნივერსიტეტიდან იმიტომ გამორიცხეს, რომ აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში კორუფციის წინააღმდეგ Dalga-ს ახალგაზრდული მოძრაობის კამპანიას ედგა სათავეში.
“იმ დროისთვის, აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა უნივერსიტეტებში მექრთამეობა იყო. მე და ჩემი მეგობრები ვიკვლევდით ლექტორებს, რომლებიც ქრთამს იღებდნენ”, — ეუბნება OC Media-ს ჰასანლი.
“გამოკითხვის შედეგების შეგროვების შემდეგ პრესკონფერენცია გავმართეთ, სადაც ამ ლექტორების ვინაობები დავასახელეთ და სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ, რომ რეაგირება მოეხდინათ. შედეგად, მე გამრიცხეს”.
ჰასანლი იმ დროისთვის აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციასა და შესაბამის უწყებებს მიმართა, ხელებში მხოლოდ იმედგაცრუება შერჩა.
“უნივერსიტეტს არ სურდა, ჩემი გარიცხვის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება გადმოეცა და როგორც შეეძლოთ, პროცესს ახანგრძლივებდნენ. ჩემი აპელაციის ვადის ამოწურვას ელოდნენ, რათა სამართლებრივი პროცედურების გაგრძელება ვერ მომეხერხებინა”.
ჰასანლი მალევე ტურიზმის უნივერისტეტში ჩაირიცხა, თუმცა 2011 წელს ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილეობის გამო კიდევ ერთხელ დადგა გარიცხვის საფრთხის წინაშე.
“მათაც უნდოდათ უნივერსიტეტიდან ჩემი გარიცხვა, მაგრამ როდესაც საკითხი აკადემიურმა საბჭომ განიხილა, ზოგიერთმა ლექტორმა დამიცვა — ამბობდნენ, რომ ჩემი კიდევ ერთხელ გარიცხვა სირცხვილი იქნებოდა. შედეგად, უნივერსიტეტიდან არ გამრიცხეს, თუმცა ყველა საგანი, რომელსაც იმ სემესტრში გავდიოდი, გაუქმდა”.
ჰასანლი სახელმწიფო მხრიდან ზეწოლას ხშირად განიცდიდა, თუმცა გამონაკლისი არც მისი ოჯახი ყოფილა.
“განჯას ოლქის აღმასრულებელ ხელისუფლებას მუსიკალური კოლეჯიდან ჩემი დისა და დედის გარიცხვა სურდა. ჩემი აქტივიზმის შედეგად, ჩემი და დაითხოვეს. დედაჩემს არ შეხებიან, რადგან ამ სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად ბოლო 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა პოლიციას დედაჩემი განჯას მთავარ განყოფილებაში არაერთხელ მიჰყავდა და ჩემი აქტივობების გამო მასზე ზეწოლას ახდენდა”.
აზერბაიჯანელი სტუდენტების გაძლიერება
არასამთავრობო ორგანიზაცია, Student Power Center (SPC) აზერბაიჯანელი სტუდენტების უფლებების დაცვას ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებით და სოციალურ-პოლიტიკურ აქტივობებში მათი ჩართვის წახალისებით ცდილობს.
SPC-ის თავმჯდომარე, ფარიდ იმანოვი ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის წევრები მთავრობის მხრიდან ხშირად განიცდიან ზეწოლას.
“ზოგიერთ ჩვენგანს უნივერსიტეტმა ქრთამიც შესთავაზა დუმილის სანაცვლოდ, ზოგიერთს აშანტაჟებდნენ, ზოგიერთს ემუქრებოდნენ და ზოგიერთის მშობლები უნივერისტეტში დაიბარეს”.
იმანოვის თქმით, სტუდენტებზე ზეწოლის სიმძიმე უნივერსიტეტების მიხედვით განსხვავდება.
“აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერისტეტში, სტუდენტებს ადმინისტრაციასთან შეხვედრას სთხოვენ. მეორე მხრივ, ლანკარანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბევრად დესპოტურია — 2020 წელს ერთ-ერთი სტუდენტი საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში აქტიური მონაწილეობის გამო გარიცხეს”.
OC Media-სთან საუბრისას განათლების სამინისტრომ უარყო, რომ უნივერსიტეტები სტუდენტებს მათი სოციალური აქტივობების გამო დევნიან — ამის ნაცვლად უწყებამ სტუდენტები ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ “სწავლა არ უნდათ”.
OC Media-მ ორივე უნივერსიტეტთან დაკავშირება სცადა, თუმცა არცერთ მათგანს არ უპასუხია.
ცვლილებების მოთხოვნის შედეგები
ამალ ატა 2014 წელს ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერისტეტში მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა ანალოგიურად, იმის გამო გარიცხეს, რომ სასწავლო პროგრამებისა და ფაკულტეტების გაუმჯობესების მოთხოვნით პეტიცია მოამზადა.
მისი მოთხოვნები მოიცავდა პროექტორების დამონტაჟებას, ახალი დაფების შეძენას, დაუსწრებლობის ლიმიტის შეცვლას და უნივერსიტეტის შესასვლელთან დაცვის თანამშრომლების დაყენებას.
“უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჩემი შეძულება დაიწყო, იმიტომ, რომ პეტიცია მედიაშიც გაშუქდა. ამ საკითხმა სოციალურ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია, ამიტომ ჩემთან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ”.
“მიზეზი სტუდენტების ამბოხის თავიდან აცილება იყო. კამპანიის შედეგად, ადმინისტრაციამ ახალი დაფები და პროექტორები იყიდა, ასევე, დაუსწრებლობის ლიმიტი გაზარდა”, — თქვა ატამ.
მისი კამპანიის წარმატების მიუხედავად, ატა მაინც გამოიძახა დეკანატმა და დაითხოვა.
“ოფიციალურად იმიტომ გამრიცხეს, რომ ადმინისტრაციასა და ლექტორებთან პრობლემები მქონდა და გაკვეთილებზე წესებს ვარღვევდი. თუმცა ჩემი გარიცხვის მიზეზი ყოფილა ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მიმი, რომელიც Facebook-ზე გავაზიარე”, — განაცხადა ატამ.
“მე და ჩემი ოჯახის სტატუსის აღდგენას ბოლო ოთხი წელია ვცდილობთ, მაგრამ უნივერსიტეტი ისევ უარს აცხადებს”.
სტუდენტური აქტივიზმის მომავალი
უნივერსიტეტებში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ, ჰასანლი არსებული სტუდენტური აქტივიზმით, როგორც ჩანს, აღფრთოვანებული არ არის. აღარ არსებობს არც Dalga-ს ახალგაზრდული მოძრაობა.
“დღეს სტუდენტების აქტივობა ძალიან დაბალია. სტუდენტები არ არიან დაინტერესებული, დაიცვან საკუთარი უფლებები”, — თქვა მან.
თუმცა იმანოვი “სეროზული დაბრკოლებების” მიუხედავად, რასაც სტუდენტები დღეს აწყდებიან, კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
SPC მომავალი ერთი წლის გეგმა ახალ სტრატეგიებზეა ფოკუსირებული — სოციალურ მედიის კამპანიები, რათა მათი გზავნილი სტუდენტებამდე მიიტანონ და გააძლიერონ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ხმა, ასევე, ტრენინგები სტუდენტებისთვის მათი უფლებების შესახებ და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობა, რათა გააძლიერონ სტუდენტები.
იმანოვი იმედოვნებს, რომ ეს ახალი მიდგომები საშუალებას მისცემთ, რომ მათი ხმა სტუდენტებს მიაწვდინონ, ხოლო სტუდენტების ხმა მათ მისწვდეთ.
ბოლო ათი წლის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ხმებს აზრის გამოხატვაში ხელი შეუშალოს.
Subscribe
Notify of
guest
10 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments