თავისუფალი წერა ანუ გულახდილობის ზღვარზე

ათასგვარი საზრუნავით დატვირთულ-დამძიმებული ეს კოპწია თავი, დროდადრო მხოლოდ უსისხლო ჩარევით – ახალი ვარცხნილობითა და შეცვლილი თმის ფერით კი არ უნდა გავანებივროთ; უფრო ქმედითი და პირდაპირ-ინვაზიური ჩარევისთვისაც უნდა გადავდოთ ხოლმე – ისევ და ისევ, ჩვენი და ჩვენი ახლობლების კეთილდღეობისა და გაათკეცებული ეფექტიანობისადა გამო. (ეს ყველაფერი ნახევრადხუმრობით, რასაკვირველია)

ამ, ერთი შეხედვით, მარტივი და ყველასთვის კარგად ცნობილი მეთოდის თერაპიული ეფექტი ისევე უეჭველია, როგორც ის, რომ მე მე ვარ (ისე შეიძლება არცა ვარ (: ) – ამიტომ მინდა კვლავ მოგაგონოთ და გაგიზიაროთ.

მანამდე მოკლე ექსკურსი.

ერთხელ მივედი ფსიქოლოგთან და გული გადავუშალე. კარგი იყო. თუმცა მეორე-მესამე ჯერი აღარ ყოფილა. მოუცლელობა, უწადილობ-უნდომელობა; თუნდაც ბანალური „ხელი ჭუჭყის“ ფაქტორის გამო.

ჰოდა, ეს შემთხვევით აღმოჩენილი წერის მეთოდი „მისწრებაა“ ჩვენნაირი „უბრალო მოკვდავებისთვის“. მუღამი იმაშია, რომ პროცესის სრული ბატონ-პატრონი ხარ და უხეშად რომ ვთქვათ, საითაც გინდა იქით მიაბამ ქოთანს ყურს, ყურებს, ან სულაც – უყუროდ დატოვებ (: . თავისუფალი წერაც ამიტომ ქვია. . . .

ინტერპრეტაციებშიაც ხომ ქარივით თავისუფალი ხარ – „მივალ და მიმიხარია“. აი, თუნდაც ეს ჩვენი „უბრალო მოკვდავი“ დავშალოთ მარტივ მამრავლებად. გინდა, იმ თვალსაზრისით ვიგულისხმოთ, რომ „უბრალო“, „რიგითი“ სტუმარი ხარ ამა სოფლისა და არც არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობ; ან თუნდაც „უ-ბრალო“ და „უცოდველ-უდანაშაულო“ ხარ და შენი სიმართლით გაგიმარჯოს შენ, ჩემო კარგო. „მოკვდავზეც“ იგივე ორაზროვნების თემას აქ აღარ გავშლი.

მოკლედ, მიმიხვდით ხომ?

სასურველია, ნებისმიერმა „თავმოყვარე“ ადამიანმა დღეში მინიმუმ 15-20 წუთი მაინც გამონახოს თავის თავთან მარტო დასარჩენად და. . . . სწორედ ამ დროს ვინიშნავთ დროს. . . .და შეძლებისდაგვარად მყუდრო გარემოში გემრიელად მოკალათებულები, სრული სვლით, ასპარეზს ვუთმობთ ჩვენს აზრებსა და ფიქრებს – მუდმივად და უწყვეტად, აწყვეტით და დაუღალავად, მორბენალი სტრიქონის დარად რომ ჩაიქროლებენ ხოლმე ჩვენს შინაგან მეტყველებაში.

ყოველი სიტყვა – თუ ვასწრებთ, სხარტად
ისე გადმოგვაქვს როგორაც არი
გაურანდავად, ცენზურის მიღმა
ვაწყობთ ფურცლებზე ვით ცრემლის ღვარი.

მეც ასე მოვიქეცი. . . .

საოცარია, ამ ერთი შეხედვით თხელსა და ფარფატა ფურცელს, ბევრი რამის დატევა და „ატანა“ შეუძლია. ასეა ჩვენი სულიც.

ჰოდა, იმას ვამბობდი. მეც ასე მოვიქეცი. . . .

და ბევრ რამეს აეხადა ფარდა. . . .

ფარდა კი, გარწმუნებთ ყველას გვაქვს – სადღაც ღრმად ჩაკუჭული ან ჩახვეული;
ზოგს გრძელი, ზოგსაც ნაკლებად. . . .
ზოგს ძვირფასი, ზოგსაც შედარებით მოკრძალებული.

თქვენ-თქვენი ხატულა ფარდების შეყვარება-აღიარებას, მერე კი – მათ მოძებნა-მოგლეჯას გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო!

P.S. სხვათა შორის, არანაკლები ეფექტი აქვს წარმოსახვითი წერილების წერასაც.
არა, წერილს კი ნამდვილად წერთ, მაგრამ ადრესატია წარმოსახვითი – მას, ვისაც რეალურად არ იცნობთ და/ან ვერც წერილს მიაწვდენთ (ინტერნეტის უკიდეგანო შესაძლებლობებისდა მიუხედავად). განსაკუთრებული ხიბლი აქვს, დროის შრეებს მიღმა უკან მოტოვებულ ისტორიულ პიროვნებებსა თუ თქვენსავე წინაპრებთან „გაბაასებას“. სცადეთ, და თავადვე დარწმუნდებით. „ძაან მაგარი“ განცდაა.

ავტორი: ნინო მუმლაძე

დატოვე კომენტარი