ნიკოლოზ წვიმა (არავინ) – ინტერვიუ

გამიზნულადაა თუ არა თვქენი ვინაობა დაფარული?

დიახ, ასეა. სულ თავიდან, ჩემი სიმღერები ‘’არავინ’’ სახელით გავხადე საჯარო, მოგვიანებით უკვე ფსევდონიმით ‘’ნიკოლოზ წვიმა’’.

რატომ გირჩევნიათ ჩრდილქვეშ ყოფნა?

ერთის მხრივ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნებისმიერი სახის შემოქმედება საკმარისი მოცემულობაა თავისთავად, რომელიც თავის თავში დიდად არ საჭიროებს ავტორის ვინაობასა, თუ სხვა პირად მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს. მეორეს მხრივ, პოპულარობის იდეა ნაკლებად მხიბლავდა, რადგან ჩემთვის სიმშვიდე და სიმყუდროვე ბევრად უფრო კომფორტული მდგომარეობაა.

რა ისტორიებს უკავშირდება თქვენი მუსიკისადმი ინტერესის გაჩენა?

კარგად არ მახსოვს. პირველად ინსტრუმენთან შეხება დაახლოვებით 9 – 10 წლის ასაკში მომიხდა და ნელნელა ეს პროცესი ერთგვარ თვითთერაპიაში გადაიზარდა. ღრმა ბავშვობაში ყველანაირ მყარ ზედაპირს, დასარტყამ ინსტრუმენტად მოვიაზარებდი და ჩემი ბავშობის ყველაზე სასურველი სათამაშოც მიკროფონი იყო.

რა იყო მუსიკის შექმნის შთაგონების წყარო?

ძალიან რთული კითხვაა. ხელოვნება ალბათ იმის გამოთქმის მცდელობაა, რასაც ასე მარტივად ვერ ვარქმევთ სახელს.

რომელი მუსიკოსები იყო და არის თქვენთვის მისაბაძი და რომლებისგნ აიღეთ მუსიკალური სტილი და მიმდინარეობა?

სიტყვა მისაბაძი ალბათ ნაკლებად შესატყვისია ამ შემთხვევაში, რადგან შემოქმედების პროცესი მუდმივად არარსებულის ძიებაა, თუმცა გავლენა რათქმაუნდა გარდაუვალია, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. კონკრეტული მუსიკოსების დასახელება მიჭირს, რადგან საკმაოდ დიდია არეალი. თანამედროვე ქართულ მუსიკას რაც შეეხება ყველაზე მეტად შესამჩნევი და დასაფასებელი ჩემთვის ირაკლი ჩარკვიანი იყო, თუმცა არიან სხვებიც, ვისი შემოქმედებაც სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისათვის, მრავალ მიზეზთა გამო.

რას უწოდებდით მუსიკალურ ჟანრს, რომელშიც მუსიკას ქმნით?

რთული სათქმელია. ჩემი პირველი მცდელობები ალბათ უფრო აუდიო პერფომანსის იერს ატარებდა, ვიდრე სიმღერის სტანდარტული გაგებით. ახლა არ ვიცი, მუდმივად ექსპერიმენტებს ვატარებ და მუსიკაც მუდმივად იცვლება. არც მინდა, რომ მუდმივად ერთნაირი ვიყო… ყოველგვარი შემოქმედება სიცოცხლის თანმდევი პროცესია და მასთან ერთად განიცდის ფერისცვალებას.

თქვენი მუსიკა ძირითადად სევდიან, ბნელ მელანქოლიურ თემებზეა, არის ეს თქვენი პიროვნების და ცხოვრების გამოძახილი?

რომ ვთქვა, რომ ასე არ არის, ვინმე დაიჯერებს?)) რათქმაუნდა ასეა. მუსიკა სარკეა სულის.

პირველად უმეტესობამ მოვისმინეთ “ნინას”, იყო თუ არა ნინა რეალური პერსონაჟი თქვენს ცხოვრებაში და თუ მოგვიყვებით მასზე კარგი იქნება.

დიახ, იყო… მეტიც, ახლა ის ჩემი შვილის დედაა. ვფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია.

მუსიკების უმეტესობა მიმართულია ვირტუალური პერსონაჟების მიმართ თუ რეალური სიყვარულის და გულისტკივილის ისტორიებია?

რათქმაუნდა, ხელოვნება პირდაპირ კავშირშია წარმოსახვასთან. მეტიც, ის ტკივილია მიწიერი არასრულყოფილების. ზოგადად ჩემთვის სიყვარულის ობიექტი არ არსებობს. სიყვარული ან თავად ხარ, ან ვერ ხარ.

საქართველოში თუ ცხოვრობთ და მუსიკის გარდა რითი ხართ დაკავებული?
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? გამოაჩენთ ნამდვილ ვინაობას?
როგორც ვხედავთ, მიზანი არ არის პოპულარობა, რა არის მუსიკის შექმნის მთავარი მოტივაცია თქვენთვის?

დიახ, საქართველოში ვცხოვრობ და დაკავებული ვარ თავად ცხოვრებით. )) ვცდილობ გეგმებით არ ვიცხოვრო. ვინაობის გამჟღავნება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა როგორც ამბობენ ‘’არასოდეს თქვა არასოდეს“… რაც შეეხება მოტივაციას და მიზანს, ჩემთვის მიზანი არათუ პოპულარობა, არამედ თავად მუსიკაც კი არ არის. ჩემთვის მუსიკა უბრალოდ საშუალებაა, ერთგვარი თვითთერაპია.

რა არის თქვენთვის რწმენა და როგორ წარმოიდგენთ ღმერთის იდეას?

ჩემთვის ღმერთი არის მთლიანობა, ყველაფერი იმის, რაც ვიცი და რაც არ ვიცი.
ხოლო ადამიანი – მარადიული წყურვილი სიყვარულის…

ბოლოსკენ, გეტყვით, რომ ჩემს სანაცნობო წრეში ბევრ ადამიანს ძალიან უყვარხართ და თქვენი ყოველი ახალი მუსიკა სიხარულს გვანიჭებს, რამდენად მნიშვნელოვანია მსმენელებისგან წამოსული შეფასებები თქვენთვის?

მსმენელის შეფასებები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც აქტი დაფასების, სიკეთის გამოვლინების და ამის ყოველთვის ძალიან მადლიერი ვარ. თუმცა ეს უკანასკნელი არასდროს მიცვლის აზრს საკუთარი თავის შესახებ. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს პოზიტიური თუ კრიტიკული.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო და გაითავისა ჩემი ემოციები. ვიცი რომ ცოტანი ხართ, მაგრამ კარგები ))

საყვარელ 5 შემსრულებელ/ბენდს თუ დაგვიწერთ და 5 სიმღერასაც ძალიან გაგვახარებთ.

გამიჭირდება, ერთ საინტერესო კომპოზიციას დაგიტოვებთ რომელიც ახლახანს აღმოვაჩინე.
Black earth – Fazil Say

დატოვე კომენტარი