სხვა მხრიდან დანახული სრულყოფილება

იდეები ყველაზე სრულყოფილი მანამდეა, სანამ პირვანდელ სახეს დაკარგავენ. შელამაზ-შემოლამაზებულები ჩადრში გახვეულ შიშველ სხეულებს ემსგავსებიან ხოლმე, რა ვიცი, ზოგს კი მოსწონს დაფარულ აზრებში ქექვა და ჭეშმარიტების ძიება (იმ ჭეშმარიტების, რომელიც გარშემო, დაფარვის გარეშეც, უამრავია, მაგრამ ვერ ვპოულობთ) ასე რომ არ იყოს, რატომ შეიმოსებოდნენ ამ საშინლად უგემოვნო სამოსში?!

ჰო, ისე, სიშიშვლეზე გამახსენდა ამასწინად სარკესთან დავდექი, სიბნელე იყო, თუმცა მკრთალი განათება მეხმარებოდა მასში გამოსახული სილუეტი დამენახა, მუხლს ქვევით კაბა მეცვა, სულ უბრალო, მაგრამ მასში გასარჩევად ილანდებოდა ჩემი სხეულის ფორმები. რამდენიმე წუთი მდუმარედ ვაკვირდებოდი ჩემს სხეულს, შემდეგ
საკუთარმა ნებისყოფამ მიმტყუნა და თხელი კაბის ბრეტელი გადავწიე… და ერთადერთი თხელი ნაჭერი რომელიც ტანს მიფარავდა.. კაბაუცბად ძირს დაეშვა და სრულიად შიშველი აღმოვჩნდი ჩემი ანარეკლის წინაშე. შემდეგ ჩემს ნახევრად არარსებულ ქმარს მივუახლოვდი, რომელიც მთელი ეს დრო ლოგინიდან მიყურებდა, ზემოდან დავყურებდი ისე, როგორც კაცობრიობას დაყურებენ ხოლმე მასზე ზემდგომი არსებები. გავიფიქრე ის ვერასდროს შემომხედავს ისე, როგორც წეღან ჩემს თავს ვუყურებდი-მეთქი… რამდენიმე ხანი კიდევ შიშველი და მდუმარე ვიდექი მის წინ.. ვხედავდი როგორ ვუნდოდი და ეს კიდევ უფრო მიღრმავებდა სურვილს, ვყოფილიყავი მიუწვდომელი მისთვისაც… ცოტა ხანი ვტკბებოდი მისი წვალების ყურებით… შემდეგ კი მოკლედ და მკაფიოდ ვუთხარი: – დღეს არ დაწვები ჩემთან… გაბრაზდა და ვერ გამიგო. მაგრამ რა ექნა?! მეც გავბრაზდი, ასეა როცა სრულყოფილება ხარ, მსხვერპლიც
უნდა გაიღო – მიუწვდომელი უნდა იყო იმისთვის, ვინც ყველაზე მეტად გჭირდება.

მეორე კვირაა, ქმართან არ ვწევარ. ვიცი, ვგრძნობ, რომ მალე საყვარელს გაიჩენს.. ჰო, აი, როცა ვიღაცის საყვარელი ხარ, მაშინ სექსი სულ სხვა თემაა.. როდესაც იცი, რომ რაღაცას არ უნდა აკეთებდე, იცი, რომ ეს არასწორია, თუმცა მაინც რისკის, გარემოების, ყველაფრის მიუხედავად მაინც აკეთებ. აი სწორედ ასე მესმის მე მიჰყვე შენი სულის ამოძახილს..
ვფიქრობ, ამაში შეიძლება ხელოვნების პოვნა… და მაინც, ღალატი გაცილებით გულწრფელი, ნამდვილი და საკუთარი, მედან ნაკარნახები რამაა, ვიდრე თავად ერთგულება… ყოველდღე… საათში. ვინ იცის რამდენჯერ გვიჩნდება ღალატის სურვილი. მოგვიახლოვდება თუ არა ვიღაც ახალი ობიექტი.. (და ერთგულების სურვილი ?! –  არასდროს, მაგრამ მაინც ერთგულებად ვრჩებით, ძირითადად), და ხანდახან ეს ყველაფერი იმდენად უტიფრად ხდება, იმდენად ფილტრავს მორალი და ცნობიერი, რომ ამას ვერც ვაცნობიერებთ. ადამიანი მაინც ყოველთვის თავისი
ფარული სურვილების მონა იქნება… აზრი არ აქვს, რამდენად ვაცნობიერებ, მაინც ის გვმართავს. ეს კი უკვე მხოლოდ პარტნიორის კი არა, საკუთარი თავის ღალატიცაა.. განა ფასი აქვს ისეთ ერთგულებას, რომელიც ჩვენი ბუნებიდან და ნება-სურვილიდან არ გამომდინარეობს? როდესაც ერთგულად დარჩენის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ვიცით,
სხვაგვარად ურთიერთობა დაინგრეოდა. მე კი ზედმეტად ერთგული ვარ იმისთვის, რომ ღალატის მთელ არსს არ ჩავუღრმავდე.. ალბათ ძალიან მატყუარა უნდა იყოს ქალი… გათხოვილი ქალი, რომ ჰკითხო და ისეთი შემთხვევა ვერ გაიხსენოს, როდესაც ქმრის გვერდით იწვა.. ხოლო სიზმარში კი სხვა კაცს ხედავდა… მაგრამ იქნებ განა ამ ყველაფერშია აზრი?! რადგან როდესაც შენ შენს ამორალურ სურვილებზე ამბობ უარს, ეს ავტომატურად შენი ურთიერთობის დაფასებას ნიშნავს.. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ შეეწინააღმდეგებოდი შენს თავს?!

როცა ჩემი ქმარი მიღალატებს, მას ყველა გაამტყუნებს.. მისი ახლობლებიდან და ძმაკაცებიდან დაწყებული, ჩემებით დამთავრებული, ყველა მე დამიჭერს მხარს.. (ეს ხომ მათთვის ყველაზე ახლობლური ცოდვა იქნება?- ამიტომაც იქნება მათთვის ასე სასტიკად მიუღებელი, რადგან ჩემი ქმრის გაგება, ამ შემთხვევაში, საკუთარ თავთან პირისპირ,
გულწრფელად დგომის ტოლფასი იქნება). აი, მე კი გავუგებ მას, იმიტომ რომ ვიცი, არაა ადვილი იყო – სრულყოფილების მეუღლე და არ შეცდე. გარდა ამისა მეც ხომ თითოეული იმ არშეხების მონაწილე ვარ, რომელიც
ჩვენ შორის მოხდა? ესეც ინტიმია.. ის რაც ორ ადამიანს შორის ხდება და ორშივე რჩება…

კაცობრიობას გენში გვაქვს თანდაყოლილი ალოგიკურობა გამჯდარი და მთელი არსებობის განმავლობაში სხვადასხვა რაღაცეებით ვცდილობთ ამის ახსნას იმის მაგივრად, რომ ამას თვალი გავუსწოროთ, ვაღიაროთ და მერე შევეგუოთ.. საკუთარი თავის დანახვას კარგად შევძლებთ თუ უკან მივიხედავთ.. ჩვენ აქ ვართ, თუნდაც ყველაზე მასშტაბურ, არარეალურ, არალოგიკურ ამბებში – ჩვენნაირები (მხოლოდ ამიტომაც ღირს გჯეროდეს ყველაფრის, რადგან ყველაფერში ხარ თავად შენ). ყოველთვის მიკვირდა, როდესაც სამოთხეში ცხოვრობ, რატომ უნდა მოგინდეს ვაშლის ჭამა?! – მაგრამ სწორედ ეს არის, ადამიანი არასრულყოფილია და თავის ადგილს არასრულყოფილებაში ეძებს. ადრე ცნობიერების ნაყოფი ერქვა და ადამიანმა მის გამო, ერთი კბეჩისთვის სამოთხე დათმო, ახლა კი ბაზარში 1 კილოს ორ ლარად იყიდი, ასე აიხსენება მისი მიდრეკილებაც..

ღმერთს ვუთანაგრძნობ ხოლმე (ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც ჩემში გამოიწვევს), თავად ამ სრულყოფილების კულტს, როდესაც წარმოვიდგენ, როგორ არასაჭიროდ იგრძნო თავი, როდესაც უღალატეს.. ზოგადად, რაც უფრო მეტად ხარ იდეალურთან მიახლოებული… მით უფრო არარაობად გრძნობ თავს ღალატის შემდეგ.. და რაც უფრო ძლიერი – მით უფრო სუსტად.. ახლა კი იფიქრეთ ღმერთზე…

ის იმავეს განიცდიდა, რასაც მობეზრებული და მიტოვებული ცოლები, როდესაც ქმარს საყვარელთან წაუსწრებენ ხოლმე და სასოწარკვეთილი ღმერთიც ისე მოიქცა როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი მოიქცეოდა (ეს იყო დაცემა სრულყოფილებიდან ადამიანობამდე).

პროტესტის ნიშნად ადამიანების რასას სამუდამოდ გამოუკეტა კარი… ახლა კი სკნელში ჩამოქვეითებული კაცობრიობა ცხოვრებას ვატარებთ იმის ძიებაში, რაც დავკარგეთ და თითქოს იმის იმედი გვაქვს, რომ სიკვდილით (სიცოცხლეზე უარის თქმით) გამოვისყიდით ჩადენილ ცოდვას და კვლავ ადგილს დავიმკვიდრებთ – დაკარგულ სამოთხეში და ხანდახან მთელი ცხოვრება ისე გადის, რომ მნიშვნელოვანის მოლოდინში ვკარგავთ იმას, რაც მოლოდინზე მნიშვნელოვანია – ცხოვრებას.. ჩვენი სინანული იმის მიმართ რაც დავკარგეთ, არის თავად ღალატის ღალატი… ზუსტად ისე როგორც მოღალატე მამაკაცების უმრავლესობა იქცევა ხოლმე.. ღალატობენ ცოლს იმის ილუზიით, რომ ამით ნანატრ თავისუფლებას დაიბრუნებენ, თუნდაც ცოტა ხნით (მაგრამ თავისუფლება ამაში კი არა, ამის კეთებაშია) და როდესაც კარგავენ იმას, რისგანაც განთავისუფლებას ელტვოდნენ, დამღლელ მოვალეობებს.
შემდეგ ყოველ სხვა ქალში იწყებენ ძველი, ნაცნობი სახისძიებას- აი ასეთია ადამიანი… რომელია მსხვერპლი კი თავად განსაჯეთ: როცა სხვასთან გღალატობენ თუ როდესაც სხვას ღალატობენ შენთან და, ამავდროულად, სხვის პოვნას ცდილობენ შენს პიროვნებაში…

და მაინც…. ხანდახან ჩავფიქრდები ხოლმე, როდესაც ფართოდ ვახელ თვალებს და ვცდილობ წარმოდგენილი სრულყოფილების, სამოთხის მიღმა დავინახო ჩვენი არასრულყოფილი სამყაროს მშვენიერება.. და თითქოს თავად ჯოჯოხეთიც… მეორეხარისხოვანად თავნაგრძნობი ღმერთის უკანასკნელი შურისძიება მგონია – ადამიანთა უმრავლესობა იმის სიცარიელით იტანჯება და იმის ძიებაში კვდება – რაც ისედაც მთელი ამ დროის განმავლობაში მის გარშემო იყო.

და, აი, ისევ სრულიად შიშველი ვდგავარ სარკის წინ. ეს ფიქრები წამის მეასედში ჩემს გონებაში ჩაისახა. ვათვალიერებ ჩემს ფიგურას – თითქოს არაფერი შეცვლილა. გამოსახულება იგივეა, მაგრამ თითქოს სადღაც
ჩემი სრულყოფილების განცდა გამქრალიყო. ჯერ დაკვირვებული ვუყურებ ჩემს გაადამიანურებულ თავს. შემდეგ, როდესაც ვცდილობ შევეგუო ჩემს აღარსრულყოფილებას, სხვა კუთხით ვიწყებ ჩემი თავის აღქმას და მიხარია, ახლა ხომ თაგვისუფლად შემიძლია შევეხო ჩემს ქმარს, როგორც თანასწორს, ახლა, როდესაც რაღაც მაკლია, მას შეუძლია შემავსოს.. გაბედნიერებული მივიჩქარი მასთან.. ერთი სული მაქვს როდის მივუახლოვდები, როდის შევეხები და ამ დროს მახსენდება, რომ მე ქმარი არ მყავს.

(2014) ნატალი მიქანაძე

დატოვე კომენტარი