არარსებული მოგონებები

‘დავიკარგე მამაო, დავიკარგე… სულის სიმშვიდე აღარ მაქვს. აღარ ვიცი ვის დაველაპარაკო…

-‘ილოცე შვილო ჩემო და მოგეშვება.’ – მღვდელი რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. არა – მე მელაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. – შემოსვლის წინ ვინატრე, ნეტა კათოლიკე ვიყო. შევიდოდი სადღაც ოთახში და ასე მოვუყვებოდი ყველაფერსთქო, ასე კი ალბათ ცახცახი ამიტანს და ვერაფერს ვიტყვითქო. ახლა კი წინ ვიყურებოდი, არც ვცახცახებდი, ვერც ვერაფერს ვგრძნობდი; ეს წვერიანი კაცი, კეთილი სახით რომ შემომცქეროდა, ღმერთი არ იყო ჩემს სულში გარდაქმნები რომ მოეხდინა. ან კი რა საჭიროა ამისთვის ღმერთი, ერთ უბადრუკ შემთხვევასაც კი აქვს ამის ძალა.

ისე, თვალებში მაინც ვერ ვუყურებდი; ეკლესიაში წლებია უკვე არ ვყოფილიყავი და თითქოს რაღაცის მრცხვენოდა, თითქოს ვიღაცის წინაშე დამნაშავე ვიყავი. მართლაც, ღმერთი გასაჭირში ახსენდებათ მარტოო – მეცინებოდა ხოლმე, ღმერთი სულ ჩემთანაა და ახლაც ხო ხედავთ სულ პირჯვარს ვიწერ ხატების წინ გავლისასთქო – უხილავ ბრბოს ველაპარაკებოდი. ისინიც რა თქმა უნდა თავს დამიკრავდნენ და ასე ვცხოვრობდი ილუზიებში. ისე, რაღაც მხრივ კაი იყო ის დრო, ბავშვობა, დრო, როცა არ გჭირდება მომავალზე ფიქრი, დრო როცა არსად გეჩქარება და დრო, როცა ის მომენტიც კაია, რომელშიც ცხოვრობ.

შიშები თითქოს წავიდაო, ფიქრობდა, არა ხელოვნურ აუდიტორიას უმტკიცებდა მსახიობი და ისინიც ტაშს უკრავდნენ – ხო ხედავ, ახლა სულ შევიცვალეო, აღარც ღმერთის წინაშე ვიჩოქები და აღარც აქაური ავტორიტეტებისთქო – თითქოს და გავიზარდე და წინ რაღა უნდა გადამიდგესთქო.. – ეს პერიოდიც კარგი იყო რაღაცნაირად. – ისევ ბავშვობა, მაგრამ თავი რო დიდი გგონია. – მარა ისიც წავიდა, თან წავიდა ისე, რომ ასეთი დამტოვა, როგორიც ახლა ვარ…

მამაო ლაპარაკს აგრძელებდა, ალბათ რამე იგავებს მიყვებოდა, ცდილობდა გამოვეფხიზლებინე. თუმცა, ამაოდ… – ის კაცი მიყვარდა, შავი კაბით რომ იდგა ჩემს წინ და მკაცრი თვალებით მიყურებდა. მართალია, პირველად ვხედავდი, მაგრამ მაინც მიყვარდა, რადგან მას სჯეროდა, იმის რასაც ამბობდა. სჯეროდა, რომ უფალი თავზე დასცქეროდა და მის სიტყვებს ძალას აძლევდა… იქნებ მეც მჯეროდა.

სულ ცარიელი იყო ეკლესია და მაგრად გრილოდა. ბოლო სიტყვა გავიგონე მამაოსგან ‘ღმერთმა დაგლოცოსო’, ხელი თავზე დამადო და ახლა ილოცეო მითხრა.

მეცინებოდა ჩემს თავზე, მუხლებზე ვიდექი და ხატს ვუყურებდი, ასე, უსირცხვილოდ, არა იმის გამო, რომ მელოცა – მსიამოვნებდა ეკლესიის თავისებური სუნი, ნიავი, რომელიც სარკმლებიდან შემოდიოდა და სიჩუმე, რომელსაც ჩემი უსწორმასწორო გულისცემა არღვევდა. ალბათ ვილოცებდი კიდეც, თუმცა ლოცვაც რომ არ ვიცოდი?

მართლაც სასაცილო ვიყავი… წინიდან ლამაზად დახატული იესო მიმზერდა – ალბათ რამდენი ეწვალა ხატმწერს, მარა კაი კი გამოსვლია – ნეტავ როგორია, როცა უფალს შენი ხელით ქმნი? სულის შთაბერვა არ სჭირდება, თორე შენც შემოქმედი ხარ, ჩვეულებრივად…

გასვლა მინდოდა, სადმე მინდოდა წასვლა, სადმე დიდი ხიდიდან გადახტომა და დაუსრულებელი ფრენის ილუზია – რომ მცოდნოდა მართლა სულ ვიფრენდი ახლავე ვნახავდი სადმე კაი მაღალ ხიდს და გადავეშვებოდი; ისე, ვის უნახავს სიკვდილი, იქნებ და უკვდავები ვართ, იქნებ და აქ რო დრო ჩერდება სხვაგან გრძელდება. მაგრამ, ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებდა. ან კი, რამ დამაკარგვინა სულიერი სიმშვიდე, არ ვიცი, მაგრამ ვხვდებოდი, რაიმე რომ დაკარგო შენი უნდა იყოს, ეგ რაღაც კი ყოველთვის მოპარული მქონდამ თითქოს; ვფიქრობდი, გულის თუ გონების შიგნით შრეებია, რამდენადაც ღრმად შედიხარ, ხვდები რა ზედაპირაზე გიცხოვრია ამდენ ხანს; იქნებ და ზედაპირზე უკეთესია ვიდრე ფსკერზე მწოლარე. ფსკერზე გამახსენდა, სადღაც წამეკითხა, იმისთვის რომ აღსდგე, ჯერ ბოლომდე უნდა განადგურდე, ბოლომდე უნდა დაეცეო – მაგრამ სად დავცემულიყავი.?

ღმერთი რომ ვიღაც ჩვენგანი ყოფილიყო ალბათ სიცილით გაიგუდებოდა ჩვენს მოქმედებებზე. მარა, ჩვენ რო ყველა ღმერთები ვიყოთ ეგ უფრო გაასწორებდა, არც დაბადება მოგვიწევდა და არც ფიქრი. მარა ერთი კია, ალბათ მთელი ცხოვრება საკუთარი თავის ძიებაში გავატარებდით და მაინც ვერ ვიპოვნიდით. მერე გვეგონებოდა რო მარტო ვართ და შეიძლება საკუთარი დედამიწაც შეგვექმნა პატარა ადამი და ევათი. – ირონია იქეთ იყოს და ამასწინათ ერთ ტიპს შევხვდი, და ჩემი თავი გამახსენდა რამდენიმე წლის წინანდელი, – მივხვდი, რო მე მარტო ამ წამს ვცხოვრობდი, მარტო ერთ წამი მქონდა ცხოვრებისთვის და ამ რაღაცასაც ათასობით მე წერდა; ნეტავ რომელ მეს ეცხოვრა ყველაზე ბედნიერად ან მეორედაც თუ ცოცხლდებოდნენ ეს ძველი მეები. კაი იქნებოდა ერთი დიდი არქივი მქონოდა, ჩემი მთელი ცხოვრება რომ გადამეხვია და ის მომენტები გამეხსენებინა სადაც გულწრფელად ვიყავი ბედნიერი.

რამდენჯერ ყოფილა მსგავსი რამ, რამდენჯერ მიფიქრია, დრო რომ გავა, ხო ვიცი რაღაც მომენტში ცუდად ვიქნები, და მახსოვდეს, რომ იყო დრო, როცა ბედნიერი ვიყავითქო. ოდესმე თუ თავს ცუდად ვიგრძნობ და ცხოვრების ხალისს დავკარგავ, გავიხსენო რო ჩემი ცხოვრება ღირდა რადგან ერთხელ მაინც ბედნიერი ვყოფილვართქო. რამდენჯერ ყოფილა ასეთი მომენტი… რამდენჯერ, ვერც კი ვიხსენებ, აღარ მჭირდება თუ რატო გაქრნენ ჩემი გონებიდან…

სარკმლიდან მზის სხივები ატანდა. ჩემ დაძინებულ გონებაში ბიძგები გამოჩნდნენ, ზემოდან ჯვარზე გაკრული იესო მიმზერდა მომაკვდავი თვალებით და თითქოს მახსენებდა, რომ მისგან განსხვავებით მე ცოცხალი ვიყავი და ეს ყველაზე დიდი პრივილეგია იყო, რაც კი ადამიანს შეეძლო მიეღო. ჩემი ორგანიზმი სიცოცხლით იყო გაჟღენთილი და მიუხედავად იმისა, რომ სული დამძიმებულიყო და უსიცოცხლობაში გადამდგარიყო, მას მაინც სწყუროდა სიცოცხლე…

კარგი იყო ეკლესიაში, თუმცა გამოვედი. ღვთის სახლში დიდხანს ხომ არ გავჩერდებოდი, თავს ხომ არ შევაწყენდი, თანაც მე და ის ხომ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდით, და თარჯიმანიც ვერ იყო მაინცდამაინც კვალიფიციური.

ცოტა ქუჩურად მეცვა, თავისუფალ სტილში და ბაღში ვიჯექი, ეკლესიის გვერდით, თვალები ისე მქონდა ჩასიებული რთული გასარჩევი იყო ლოთი ვიყავი თუ ნარკომანი. იქვე სკამზე წამოწოლილმა თავისიანად ჩამთვალა და ჩემკენ აიღო გეზი, მართალია მთლად შესაშურ გადაადგილებას ვერ ახორციელებდა, მაგრამ მაინც თამამად დააბიჯებდა ამ მრავალმხრივ მბრუნავ დედამიწაზე, რიტმს უწყობდა, როგორც ჩანს.

მოვიდა და გვერდით დამიჯდა, თავისი მძიმე ხელი მხარზე ჩამომადო, ხომ იცნობთ ასეთებს, სუსტები რომ არიან, თუმცა ისე ჩამოგადებენ მხარზე ხელს გეგონება ზემოდან სპეციალურად გაწვებიანო, მოსწონთ თავის ძალას რომ გაგრძნობინებენო. სანდომიანად გამიღიმა და მოთქმას მოჰყვა რაღაცაზე, გასახსენებლად არ ღირს, თუმცა მომეწონა, გამაბრუებელი იყო, დამაჰიპნოზებელი, თანაც უცნაური საუბრის მანერა ჰქონდა, თვალები ჩემი თვალებიდან რამდენიმე სანტიმეტრის იქით დაეჭირა და ისე მელაპარაკებოდა. რაღაც მომენტი, ისიც ვიფიქრე, ვინმე მესამეც ხო არ გვიზის გვერდითთქო, მაინც ეკლესიის ეზოა და არ გამიკვირდებოდა, წამით გამაჟრჟოლა და გვერდით მივიხედე. სანამ ჩემს თავზე გამეცინებოდა მაგრად დამკრა მხარზე ხელი, შენ რა არ მისმენო?. ვუსმენდი, როგორ არა, ისევე ვუსმენდი, როგორც იმ ჩემ კეთილისმყოფელ მამაოს, სმენა ხომ ყურების მოვალეობაა, აი გაგებისა კი რა მოგახსენოთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გული ვიჯერე მოსმენით და წამოვედი, განა სადმე განზრახულად, უბრალოდ, სახეტიალოდ.

თავში ისევ მოგონებები მერეოდნენ, მეც მერეოდნენ და ერთმანეთსაც, ისე მოვარდებოდნენ და განდევნიდნენ წინას, ნორმალურად ვერც ვასწრებდი თვალის შევლებას. სახალისო იქნებოდა მათთან ჭიდილი, მოგონებებთან ერთად თანაცხოვრება. ვარსებობ კიდეც მოგონებებთან ერთად, თუმცა მხოლოდ სხვების თავებში, სხვების აზრებში, იქ კიდევ, მოვერევი თუ ვერა სხვა მოგონებებს ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩემგან არეკლილ რეფლექსიებზეა.

მერე ჩემს გონებაში იდეალური ადამიანი გაჩნდა, მასზე ვფიქრობდი, დიალოგებს ვამყარებდი, მომწონდა, სითბოს ვგრძნობდი მის მიმართ და მეღიმებოდა. ფიქრებს რომ ძაან შევყევი მისი გარეგნობაც წარმოვიდგინე, მისი ქცევებიც. უცნაური შედეგი გამოიღო ამ თითქოს ჩვეულებრივმა დანამატმა. იძულებული გავხდი იდეალური ადამიანისთვის ასაკი მიმენიჭებინა, სახეზე ნაოჭები, ბეჭებზე ოდნავი მოხრილობა და წოდებიდან სიტყვა “იდეალური” ჩამომეჭრა. თავისით მოსული პირველადი პატივისცემა თავისებურად ხელოვნურში, ნასწავლი მანერებით ჩამოყალიბებულში გადამეზარდა. და ამ ჩემ ადამიანთან ბუნებრივად ჩამოყალიბებული გულწრფელობა თავშეკავებულობაში გარდაისახა. ლამისაა თქვენობით დავუწყე საუბარი და მერე გამახსენდა, რომ ეს ადამიანი წარმოსახვითი იყო. სახელიც არ ჰქონდა და არც “განათლებული” ან “ჭკუათხელი” ვიღაცა არ ერქვა.

სიბნელეში გაგონილი უცნობის ჩურჩულივით იყო, თავიდან რომ გეუცხოვება და გაშინებს. მერე იმდენად გაინტერესებს, რომ მოგწონს კიდეც. უინტერფეისო ოპერატიული სისტემასავიღ, მხოლოდ არსი რომაა, მხოლოდ ესაუბრები და გესაუბრება, არც მის სახეზე არსებული ნაოჭები რომ არ გხვდება თვალში და არც მის სულში არსებული იარები.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments