ის წამიერი გაელვება…
1
დედა… მაგონდება ხოლმე, მაგრამ წარმოსახვა თუ დამიხატავს ესკიზს, ისე ერთი წამიც არ მახსოვს მასთან გატარებული. საერთოდაც, როგორი ბუნდოვანია ბავშვობა. მახსოვრობა ალბათ წლიდან მეწყება, ისიც არამყარი და ეპიზოდური. მანამდე თითქოს ვერ ვაზროვნებდი, თითქოს აქ არ ვიყავი.
დიდათ არ მიკვირს, სხვებსაც უთქვამთ მსგავსი. მაგრამ, ისინი მაინც ახერხებდნენ ბავშვობის გახსენებას, რადგან ჰქონდათ სურათები, ჰყავდათ ადამიანები, რომლებიც გაახსენებდნენ წარსულს.
რას არ მივცემდი, ბავშვობის ერთი ლამაზი დღე რომ გამეხსენებინა, თუ კი, რა თქმა უნდა, იყო ასეთი. მაგრამ, მამა ამაზე დუმს, თითქოს დედას წასვლის შემდეგ გონებიდან მისი კუთვნილი სივრცე გაათავისუფლა.
ამასწინათ მესიზმრა, სასაცილოა, მაგრამ ვერ ვიცანი, თუმცა ვიცოდი რომ ის იყო. წარმოგიდგენიათ, ჩემს გვერდით იყო, და თვალებში მიყურებდა, ისეთივე ახალგაზრდა, როგორიც ახლა უნდა ყოფილიყო. მერე გამეღვიძა, არ დამიჯერებთ, მაგრამ გამეხარდა, რომ სიზმარი დამთავრდა. ღრმა სიზმრიდან გამოვფხიზლდი, ტვინმა თითქოს ახლახან დაიწყო მუშაობაო.
თავი მისკდებოდა. ირგვლივ მიმოვიხედე. ახალი არაფრი. ისევ ის სიტუაციაა, გვერდით საწოლზე ის კაცი წევს, უფრო სწორად მისი სხეული დევს, სხეული რომელიც სუნთქავს, ახლა განსაკუთრებულად გამძაფრებით, იქნებ ისიც სიზმარშია და სადაცაა გამოფხიზლდება. მაგრამ, ეჭვი მეპარება ისიც ჩემსავით დედას ხედავდეს. ჩემს სიზმარში დედა მშვიდი იყო, ის კაცი კი როგორ შფოთავს. ვინ იცის იქნებ ზოგჯერ ჭორიკნებიც იტყვიან ხოლმე სიმართლეს.
ჯერ კიდევ განთიადი იყო და დილის სუსხმა სასიამოვნოდ გაიარა ტანში. ფეხებისკენ მიკუჭული გადასაფარებელი მაღლა ამოვწიე და მაგრად ჩავიხუტე. ორგანიზმი გათბა, ფიქრი კი რეალობაში დაბრუნდა, რეალობა არც თუ ისე სასიამოვნო იყო და სიზმრებში დაბრუნება ვისურვე, მაგრამ სიზმრები იშვიათად თუ მეორდება, კარგი სიზმრები მითუმეტეს.
მამაჩემის ხვრინვა კი მაინც არ მიქადდა ძილის გაგრძელებას, ასე იყო თუ ისე, ცოტა ხნით ჩავფიქრდი და მერე ადგომა გადავწყვიტე. მამაჩემს ოფლი ასხამდა და სახეზე მკვდრის ფერი დასდებოდა, სუნთქვას კი გამუდმებით აჩქარებდა, რაღაცას მისი დაჭერა უნდოდა, ის კი არ ნებდებოდა, გარბოდა, იბრძოდა. ირონიულია, ალბათ სიზმარში მას ჯერ კიდევ შეეძლო სირბილი.
ყოველ დილით იგივე მეორდება. უკვე იმდენად მივეჩვიე, რომ მარტივად ვეხმარები საწოლიდან წამოდგომაში და სავარძელში გადამყავს, მერე ფრთხილად მივაგორებ ჩვენი ბინის მეორე ოთახში და სახლიდან გავდივარ. ხანდახან, საუზმის შემდეგ, რომელსაც ბუნებრივია მონაცვლეობით ვჭამთ, გამოსადეგი ხელების ნაკლებობის გამო, იქვე სკამზე ჩამოვჯდები და ვცდილობ მის დაღვრემილ სახეზე ღიმილი ერთხელ მაინც გამოვსახო.
თვალებში ვერ ვუყურებ. ისიც მარიდებს თვალს, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ საუბარი წამოვიწყო. ეს არც ისე რთულია, ოთახს ერთი ფანჯარა აქვს და ისიც იმ ზომის, რომ კარგად ჩანს გვერდითა კორპუსის მინგრეული კედელი, კედელზე მარტივია გაარჩიო მზის სხივი, წვიმის წვეთისგან, ასე რომ, საუბრის დასაწყისი ყოველთვის მაქვს. რაც არ უნდა თემებისგან დაცლილი ვიყო, მამასთან ფიზიკური სიახლოვე არ მაკვირვებდა. მე ვიყავი მისი ხელებიც და ფეხებიც, თუმცა მასთან სულიერი ერთობა არასდროს მიგრძვნია.
წინადადებას იშვიათად თუ იტყოდა, ისეთს რომ აზრი გამოგეტანათ კიდე უფრო იშვიათად, მხოლოდ ზიზღის და ბოღმის რეპლიკებს ისროდა ხოლმე. მაშინაც, ენთუზიაზმს მოკლებული, თუმცა მაინც მოვალეობის გრძნობით აღსავსე, მამას გვერდით ჩამოვუჯექი, ვუთხარი, რომ მშვენიერი დილა იყო და ისეთ განწყობაზე ვიყავი რომ მეგონა არაფერი იყო ამ სამყაროში ისეთი, რაც წინ აღმიდგებოდა. მისმა პასუხმა, ცოტა არ იყოს, დამაბნია, თანაც ღიმილი… როგორი ნაცნობი და თან როგორი შორეული…
ეს , არ იყო ის ღიმილი რომელსაც სიამოვნებისას ან გახარებისას შენიშნავთ ხოლმე ადამიანის სახეზე. ეს იყო რაღაც ჟრუანტელის მომგვრელი. თვალს უკნიდან ცხელი ცრემლი დაეტაკა, ცრემლი არ გადმოვარდნილა, მაგრამ მამა მაინც ვერ შენიშნავდა. უკვე გაშტერებული უყურებდა ჭერს. თითქოს იქ, ზემოთ, ჭერი კი არა, გრძელი დერეფანი ყოფილიყო, რის ბოლოშიც იმას ხედავდა, რასაც ვერასდროს მისწვდებოდა. როგორც ჩანს, დილით სარკეში არ ჩაგიხედავს. გაისმა მისი პასუხიც, უცნაურად მჟღერი, სიგარეტის მომეტებული კვამლით ხრინწშეპარული ხმა.
გონება პასუხის გამოტანას არ ჩქარობდა, მაგრამ რომ არ მოვიტყუოთ, პასუხის მომლოდინეც არავინ იყო. ის უკვე სადღაც დაფრინავდა. საუბრის გაგრძელების ყოველგვარი სურვილი დავკარგე და ბოლოს გაგონილი სიტყვებიც უაზრო რეპლიკად ჩავთვალე, ჰაერს გავუღიმე, სკამი გვერდზე მივდე და ოთახიდან გამოვედი.
ქუჩა სწრაფი ნაბიჯით გადავსერე, ზოგიერთი მაღაზია ჯერ კიდევ არ გაეხსნათ. ერთერთის ჩაბნელებულ ვიტრინასთან შევჩერდი და ჩემს თავს დავაკვირდი. არც კი ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ მინდოდა რომ მამას ჩავხუტებოდი, პირველად ვიგრძენი, რომ ის ადამიანი იყო, რომელიც ისევე აზროვნებდა, როგორც ნებისმიერი სხვა. და მასაც ისევე უნდოდა თავისუფლება, როგორც ყველას.
თავისუფლებამ მისი ნათქვამი გამახსენა. მაინც რა იმალებოდა ამ სიტყვებს უკან, რა დატვირთვა ჰქონდა სარკეს. და ისევ, იდუმალმა გრძნობამ მომცა საშუალება დამენახა სადღაც შორს, გაჭირვებით, როგორ მივაბიჯებდით მე და მამა უცნობ ფერდობზე და როგორ მესაუბრებოდა ის. იღიმოდა, ისე არა, როგორც რამდენიმე წუთის წინ, ჩვეულებრივად, ადამიანურად.
არ ვიცი, ეს იყო წარსულის მოგონება, რომელიც ერთმა წინადადებამ ამოატივტივა, თუ უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ ცხადად გავიგონე მისი ახალგაზრდული ხმა, როგორ მიხსნიდა, რომ სარკე ეს იყო პატარა სამყარო, რომელიც მასში ჩახედვისას შენც თავის ნაწილად გხდიდა და გაიძულებდა დამორჩილებოდი ზომებს. არ გაცდენოდი მის საზღვრებს, რადგან შენ იყავი ადამიანი შენ არ შეგეძლო ყოფილიყავი დიდი. შენ სარკეში ხედავდი მთავარს, შენ ხედავდი საკუთარ თვალებს და აქ ყველაფერი მთავრებოდა. შენ აღარ იყავი თავისუფალი, შენ ხდებოდი მონა, რომელიც უხილავი ჯაჭვებით ჩაებათ ფერხულში. შენ იტანჯებოდი, ვეღარ უძლებდი, მაგრამ მაინც გირტყამდნენ როზგს და ბოლოს ეცემოდი.
მერე ისიც დავინახე. სახლში, როგორ იდგა მამა და ამსხვრევდა სარკეებს. ყველა ოთახში შევიდა, ყველა სარკე ჩალეწა, რაც ირგვლივ იყო. მაგრამ ეს არ იყო ის სახლი სადაც ახლა ვცხოვრობდით…
მაღაზიის ვიტრინაში ძველი, ნაცნობი სილუეტი, დაბრუნდა. სილუეტი ზიზღით მიყურებდა, წამიც ვეღარ გავუძლებდი და იქაურობას გავეცლებოდი. ეს სილუეტიც ადამიანი იყო, ისეთივე როგორიც ათასობით მეხვია გარს, სიმართლე რომ ვთქვა, ხალხი არ მიყვარდა და ამით ვამაყობდი კიდეც. რადგან, დარწმუნებული ვიყავი, რომ სიყვარული ის იყო რაც ყველაზე სწრაფად ქრებოდა და მის ადგილს სიცარიელე იკავებდა. მე კი არ მინდოდა მეტი სიცარიელე, ჩემ გულში უკვე სიცარიელისთვისაც აღარ იყო ადგილი.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მთელი გზა ფეხით გავიარე და ფართე, ბინძურ ჭიშკარს მივადექი. აქაიქ მისხმული საღებავების მიუხედავად, მაინც გაარჩევდით წარწერას, “გარეშე პირებისთვის შესვლა აკრძალულია”, . სახელური მოვსინჯე, ჯერ კიდევ დაკეტილი იყო. იქვე ქვაზე ჩამოვჯექი.
უცებ მივხვდი რომ ყველაფერი ზიზღს მგვრიდა, მივხვდი რომ იმ მომენტში არ არსებობდა ამ ქვეყნად არც ერთი ადამიანი, რომელთან ყოფნაც გამაბედნიერებდა, არ არსებობდნენ პრიორიტეტები, რომელთა დანახვა განწყობას ამიმაღლებდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ერთი ორი ბავშვობის მეგობარი, რამდენიმე ნაცნობი, რომლის ნდობაც შემეძლო და ერთი გოგო, რომელიც არაფრის დიდებით არ მიყვარდა, მაგრამ ხანდახან მაინც მსიამოვნებდა მასთან დროის გატარება. არსებობდა მამა, რომლისგანაც მხოლოდ მოქუფრული სახე მახსოვდა, მაგრამ მაინც მამაჩემი იყო. მაგრამ, არცერთს, არც ნაცნობს და არც უცნობს, არ შეეძლო იმ მომენტში ჩემი დარდის გაქარვება.
რამდენჯერ მიოცნებია, სადმე შორს, უკაცრიელ ლამაზ ადგილას გავქცეულიყავი და ღმერთო… არ არსებობდა ადამიანი… რომელსაც ჩემთან ერთად წავიყვანდი…
ირგვლის მხოლოდ სიბინძურე და სიცარიელე იყო.
მაშინვე მომინდა საკრეში ჩამეხედა, ჩემს თავს მივშტერებოდი, თვალები ფართოდ გამეხილა და მთელ ხმაზე მეყვირა, რომ ვარსებობდი მეც. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება არ მომშორდებოდა. ვარსებობდი მე, ადამიანი, ვის გამოც მიღირდა ცხოვრება. მაგრამ სარკე არსად ჩანდა და ხელები ჩამოვუშვი.
მაინც რატომ ხდება, რომ საკუთარ თვალებს ვერ ვხედავთ? – ალბათ იმიტომ, მათ რომ ვხედავდეთ, ვეღარ შევძლებდით იმ ათასი სიბინძურის კეთებას, რასაც ახლა ვაკეთებთ. ალბათ იმიტომ, რომ მათი შეგვრცხვებოდა, თავს, ჩავხრიდით, მაგრამ მაინც ვერ გავექცეოდით. შემობრუნებული თვალები ვერ გაიხედავდნენ წინ, მაგრამ ჩაიხედავდნენ სულში და დაბრმავდებოდნენ.
არა. ეს საშინელება იქნებოდა, მაგრამ იმ მომენტში საშინლად მჭირდებოდა ჩემი თვალების დანახვა. სისულელე იყო, საკრესაც კი გააჩნდა მეორე მხარე, ერთი მხარე გაიძულებდა არ გაცდენოდი საზღვრებს, მეორე მხარე კი ცხოვრების გაგრძელებისკენ გიბიძგებდა.
სასიამოვნო ფიქრები ერთმა გამვლელმა დამირღვია, როგორც ჩანს, მისი ინტერესის აშკარა ობიექტი გავხდი, ღობის წინ მდგარ ხეს ამოფარებოდა, ხელში პატარა ბლოკნოტი ეჭირა და გამუდმებით რაღაცას ინიშნავდა. თან, პერიოდულად, ჩემკენ გამოიხედავდა ხოლმე, თეთრი ხალათით და აწეწილი ჭაღარა თმით რომელიღაც ფილმის გმირი მომაგონა და ალბათ გამეცინებოდა, ცოტათი დადებით განწყობაზე რომ ვყოფილიყავი. მას შემდეგ, რაც შევამჩნიე მალვას აზრი აღარ ჰქონდა, უცნობი პირდაპირ დამიდგა და თავისი დოსიე დაწვრილებით გამაცნო. მომეჩვენა რომ გვარიანად ნერვიულობდა და გამიკვირდა, რომ საერთოდ არ გამკვირვებია მისი შემოთავაზება სახელმწიფო მნიშვნელობის ექსპერიმენტში მიმეღო მონაწილეობა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
რას არ მივცემდი, ოღონდ ამ სამუშაოსთვის თავი დამენებებინა, სადაც კაპიკების სანაცვლოდ მომავალსაც მისპობდნენ და ფიზიკური შრომით სულს მხდიდნენ. სულიერ ფონსაც თუ დავუმატებთ, შეიძლება ვიღაცამ გამიგოს კიდეც, თუ რატომ დავთანხმდი უცნობ პროფესორს, როგორც საკუთარ თავს უწოდებდა, ამ უცნაურ შემოთავაზებაზე. ჩემი მოვალეობა მარტივი იყო, უბრალოდ ყოველ დილით დათქმულ ადგილას მივსულიყავი, პროფესორისთვის ტაბლეტი გამომერთმია და ყოველდღე ერთსადაიმავე დროს მიმეღო. დანარჩენ დროს კი შემეძლო ის მეკეთებია, რაც მენდომებოდა. შემოთავაზება მართლაც წარმტაცი ჩანდა, არანაირი გარანტია, მაგრამ აბა რა საჭირო იყო რაიმე გარანტიაზე საუბარი ადამიანთან, რომელსაც დიდათ გულზე არ ეხატებოდა საკუთარი სიცოცხლე.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მაშინ პროფესორს ისე დავშორდი, არც მიკითხავს რა იყო წამლის ეფექტი. სახლისკენ გზას მივუყვებოდი, გულის ჯიბეში მოთავსებული წამალი საშინლად წვავდა, ყოველ წამს სურვილი მიმძაფრდებოდა ის გამესინჯა და გამეგო მისი ძალა.
უცებ მამაჩემი გამახსენდა, რა მოხდებოდა წამალი მისთვის მიმეცა? უბრალოდ საჭმელში გამერია და დავლოდებოდი შედეგებს. აზრმა გონება მთლიანად მოიცვა, შინაგანი ხმა გაძლიერებულიყო და არ მაძლევდა საშუალებას გაურკვეველი წარმოშობის წამალი ასე ბრმად გადამეყლაპა, ხმა თანდათან მძაფრდებოდა, ხდებოდა უფრო მკაფიო, უფრო მკაცრი, ბოლოს იმდენად გაძლიერდა, რომ საერთოდ ჩაქრა.
რათქმაუნდა ეს არ იყო შესაძლო გადაწყვეტილება, არც ბოროტი განზრახვა მამის მიმართ. უბრალოდ ზოგჯერ გონება ისეთ ჯურღმულებში მიდის, სადაც ყველაზე ნაკლებად გვინდა მოხვედრა. იმ იდეებს გვისახავს, რომელებსაც ვეწინააღმდეგებით. ვინ იცის, ეს გონების ბნელი და ნათელი მხარეების დაპირისპირებაა, თუ უბრალოდ ჰაერიდან მოვარდნილი მტვერი, თუმცა ფაქტია, მამაჩემი მებრალებოდა იმ მდგომარეობის გამო რომელშიც აღმოჩნდა და ერთი წუთითაც არ დავუშვებდი მისთვის ცუდი გამეკეთებინა. მეორეცაა, გონება ეჭვებით იყო სავსე და ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, რომ წამალს ცუდი ეფექტი ექნებოდა.
რამდენჯერ გამივლია ეს გზა, მაგრამ ახლა ის სხვანაირი მეჩვენა. აქამდე, ვხედავდი მხოლოდ მტვრით სავსე ტროტუარს, მესმოდა მანქანების აუტანელი ხმაური და მაღიზიანებდა ათასი გამვლელის სახე. ახლა კი, ვხედავდი როგორ გაფოთლილიყო გამწკრივებული ხეები, როგორ მოასეირნებდა ბავშვი ლეკვს და როგორი ცისფერი იყო ცა ზემოთ. მივხვდი, რომ საჭირო იყო ყურის დაგდება და აუცილებლად გავიგონებდი ცხოვრების ხმას. საჭირო იყო თვალის გახელა და დავინახავდი იმას რასაც ახლა ვერ ვხედავდი. ეს იყო უბრალო აფორიაქება. მოვიდა ცვლილება, თუმცა ჯერ არ ვიცოდი, კარგი იყო ეს ცვლილება, თუ ცუდი.
დრო თვალსა და ხელს შუა იწურებოდა, სეირნობამ თითქოს გონება გამისუფთავა, მაგრამ წამლის დალევის დროს მოეწია და კიდევ უფრო ავფორიაქდი, ერთადერთი რაც ამ დროს გავიხსენე იყო ძველი ცხოვრება და მივხვდი რომ აღარ მინდოდა იქ დაბრუნება, შეიძლება ამ აბს ყველაფერი დაემთავრებინა, შეიძლებოდა პირიქით უბრალოდ ფული მოეტანა. ლოდინს აზრი აღარ ქონდა, ჯიბე მოვიქექე, ხელების სწრაფი მოძრაობით აბი გამოვათავისუფლე და სატესტოდ გავგზავნე.
უეცრად, უცნაური ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. მერე კი მთელი სხეული მოდუნდა, სიმშვიდემ მოიცვა მთელი არსება…
სახლში წასვლა არ მინდოდა, უნდა დავლოდებოდი წამლის მოქმედებას და თანაც შიმშილმაც შემახსენა თავი. ჯიბეში ხურდების შემოწმება გადავწყვიტე და ვერაფრით გავიხსენე როდის ავიღე პირველი ჰონორარი. ჯიბიდან კონვერტი ამოვიღე, იქვე გამვლელთა ინტერესიანი თვალებისგან მოფარებულ ადგილას შევედი და გავხსენი. კონვერტში არც მეტი არც ნაკლები, 500 დოლარი იდო, სახე გამიბრწყინდა. მაშინვე სასადილოში შევვარდი და ფანჯარასთან ახლოს ცარიელ მაგიდას მივუჯექი.
2
შეკვეთა მალევე მოიტანეს, წამალი უკვე სულ გადამავიწყდა, ვჭამდი ფულით, რომელიც მეგონა, რომ არაფრისთვის მომცეს და ფანჯრიდან სივრცეს გავცქეროდი. ბუნკერთან გაძვალტყავებული კატა ეგდო, როგორც ჩანს შიმშილისგან სული სძვრებოდა. აქეთ იქით ტრიალებდა და უკვე კნავილის უნარიც დაეკარგა, პირთან მიტანილი ფინჯანი უკან გავაბრუნე, არ შემეძლო მისთვის მეყურებინა და თან მშვიდად დამელია ყავა.
მაშინვე მოპირდაპირე მხარეს გადავჯექი, კატა უკვე აღარ იყო ჩემი პრობლემა. სახლში მხიარული განწყობით დავბრუნდი, მართალია ჩვეულზე ადრე, მაგრამ მამას არაფერი უკითხავს, თავისი ცივი და ღრმა თვალებით მომშტერებოდა და პასუხს ითხოვდა კითხვაზე, რომელიც არ დაესვა.
ოთახი საშინლად მყრალი და ბნელი მეჩვენა, სურვილი გამიჩნდა მას გვაშორებოდი, დამევიწყებინა, როგორც მამის, ასევე ამ ადგილის არსებობა და სადმე მარტო დავსახლებულიყავი. მდიდრული სახლი მეყიდა, მქონოდა ყველაფერი, რასაც ვისურვებდი და მშვიდად დავლოდებოდი სიკვდილს.
ასე იყო თუ ისე, ცხოვრება გრძელდებოდა, წინ დიდი მიღწევები გადაიშალა. უკვე მქონდა თავისუფლება, მალე მექნებოდა საკმარისზე მეტი ფული და შემეძლებოდა მეკეთებინა ის, რასაც მოვისურვებდი. უცნაურია, მაგრამ მოსულმა თავისუფლებამ სულაც არ გამაშლევინა ფრთები. ვიჯექი ჩემს საწოლ ოთახში და არ მქონდა სხვა საქმე გარდა ფიქრისა. ფიქრი კი უჩვეულოდ დაჩლუნგებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვსულიყავი ბავშვობის ასაკიდან. უკვე ბევრად მეტის ნახვა და გადატანა მომესწრო, ვიდრე ჩემი ასაკის ახალგაზრდებს, მაგრამ თავს მაინც მოზარდად ვთვლიდი.
პრობლემა შორიდან გადაუჭრელი ჩანდა ხოლმე, მის წინ სრულიად უმწეო ვჩანდი, მერე მივუახლოვდებოდი, თვალს გავუსწორებდი და ვხვდებოდი რომ მარტივად შემეძლო მისი დამარცხება.
გათენდა მეორე დღეც, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო პირველი თავისუფალი დღე, შემეძლო ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ თვალს ვეღარ ვხუჭავდი. უკვე იმდენად მივეჩვიე ადრე გაღვიძებას, რომ ჩვევას ვერაფერი დამავიწყებდა, მაგრამ თვალში რაღაც მაკლდა, რაღაც ისე არ იყო, როგორც ადრე. ოთახში ზედმეტი ჰაერი იყო, რადგან მისი ადგილი თავისუფალი იყო. გუშინ ოთახში მამის შემოყვანა დამვიწყებოდა, ალბათ სხვა დროს წამოვფრინდებოდი და დამნაშავის სახით მასთან მივვარდებოდი, თუმცა სხვა დროს ასეთი რაღაც ვერ მომივიდოდა. ახლა კი თავი ბალიშზე დავდე და ჭერს მივაშტერდი.
ყოველთვის მიკვირდა, რას ნახულობდა ხოლმე მამა ჭერში ყურებისას, როგორ ატარებდა ასე საათებს და რაზე ფიქრობდა ამ დროს. ახლა კი დავინახე, რომ ჭერი იყო სუფთა ფურცელი, ადგილი სადაც შეგეძლო ყველაფერი წარმოგედნინა, ყველაფერი დაგენახა ისე, როგორც მოისურებდი, ეს იყო ადგილი, რომელიც ყველაზე ახლო იყო ღმერთთან, ამ მოქუფრულ ბინაში და ადგილი სადაც არ ჩანდა ეტლი. ვინ იცის, რას ხედავდა ხოლმე მამა ჭერში, მაგრამ მე ცხადათ დავინახე დედაჩემის სახე, სახეზე რთული იყო რამე ამოგეკითხა გარდა იმ ცრემლისა, რომელიც მარჯვენა თვალს მოსწყდა…
უკვე ქუჩაში ვიდექი, ლოყაზე წვიმის წვეთი დამეცა. ხელში მეორე აბი მეჭირა და ველოდებოდი როდის დადგებოდა დალევის დრო. სახლში დატვირთული დავბრუნდი, ვხედავდი მამაჩემს, რომელსაც საშინელი სუნი ჰქონდა, ვხედავდი მამაჩემს, რომელსაც თითქმის ერთი დღე არაფერი ეჭამა და მამაჩემს რომელიც არც კი ცდილობდა ჩემთვის დახმარება ეთხოვა. სახლში შესვლისას მხოლოდ ის შევნიშნე, რომ ჩემთან ლაპარაკი უნდოდა, დიალოგს ყოველთვის მე ვიწყებდი ხოლმე, ახლა კი დამინახა თუ არა მითხრა, რომ დედას ვაგონებდი. დედა… რა უცნაურია, აბა რა საჭირო იყო წარსულის გახსენება…
დღე დღეს მიჰყვებოდა, აბები კი არ ილეოდა. ყოველ დილით, მივდიოდი ჩემი ძველი სამსახურის ჭიშკართან და თეთრხალათიანს წამალს ვართმევდი, სანაცვლოდ კი ფულს ვიღებდი, ყოველ ჯერზე გაორმაგებულს.
დადგა მეშვიდე დღეც, სამი დღის წინ იმ კაცმა მთხოვა წყალი მიმეტანა. ახლა, თავის სავარძელში იჯდა, ტელევიზორს მიჩერებოდა. გეგონებოდათ ამ დღეებში ოცი წლით დაბერდაო, ან კი რა მანაღვლებდა…
სახლიდან ადრიანად გავედი, რადგან, პროფესორის თქმით, ეს იქნებოდა ბოლო აბი. ვერაფერს ვგრძნობდი, არც მიხაროდა, არც მწყინდა. წამალი დავლიე და უკან გამოვბრუნდი, ქუჩაში ხალხი ირეოდა, არაფერი განსაკუთრებული, ყველაფერი ძველებური იყო. აქაიქ მიყრილი ნაგავი, მომაკვდავი მათხოვრები, უემოციო სახეები და უემოციო მე.
ბრბოში წითელკაბიანი დავლანდე, პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა თვალებში მიყურებდა და სვლას უმატებდა, ბოლო კვირაში პირველად ვიგრძენი ჩემი გულისცემა. წითელკაბიანმა გვერდით ჩამიარა.
უუცრად თავი უკან გავაბრუნე, წითელკაბიანი სწრაფად მშორდებოდა. გადავწყვიტე გავყოლოდი, თავი საშინლად ამტკივდა, თვალები დამებინდა, იქვე ქვაზე ჩამოვჯექი და თავი ღობეს მივადე. წამით ყველაფერი ხილული გაქრა.
მივხვდი, გონება სუფთა იყო. მაგრამ, ეს სისუფთავე მაღიზიანებდა. არც ერთ ლაქა, არც ერთი დეტალი, რომელიც დაფიქრებად ღირდა, არც ერთი გრძნობა, რომლის შეგრძნებაც შემეძლო.
ფეხზე წამოვდექი და უმიზნოდ განვაგრძე მოძრაობა. მივუყვებოდი გზას და თავი ათას ფიქრს მოეცვა. გონება გაბრუებული იყო და არ სურდა რეალობისთვის თვალის გასწორება.
არასოდეს, აღარასოდეს დაბრუნდებოდა ძველი ცხოვრება…
ცხოვრება, რომლისგანაც თავის დაღწევა მინდოდა სანატრელი გამიხდა. აზრები გაფუებულიყო და სადაცაა გონება აფეთქდებოდა, მაგრამ არ შემეძლო ამის აღქმა, არ შემეძლო გავბრაზებულიყავი, არ შემეძლო მთელი ემოცია რაიმე გზით დამეცალა, ან მეგრძნო.
საიდანღაც კივილი შემომესმა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო ან რა მიზეზით ჰკიოდა, მაგრამ მომინდა მეც იგივე გამეკეთებინა.
წარმოვიგინე თითქოს ციდან ვეშვებოდი…
ხელები ფართოდ გამეშალა…
თვალები დამეხუჭა…
და ვგრძნობდი როგორ მეცემოდა სახეში ცივი ჰაერი…
ვსუნთქავდი და ვგრძნობდი თავისუფლებას…
ვყვიროდი, რადგან იქ მარტო ვიყავი, ღრუბლებიდანაც არავინ გადმომყურებდა, ვერავინ შემზღუდავდა და ვერავინ მეტყოდა არ გამეკეთებინა ის, რაც გულით მინდოდა.
მაღლიდან ნელ-ნელა ვეშვებოდი.
ცა ქათქათა ღრუბლებს დაეფარა, მინდოდა ვარდნა სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
თუმცა…
ზურგზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი, თვალები გავახილე, თუმცა ვერ აღვიქვი ნანახი… სახლს მივახლოებოდი.
ერთ ადგილას მეზობლები შეყრილიყვნენ. მინდორზე მამაჩემის ეტლი დავლანდე…