კორონავირუსი – მსოფლიო და საქართველო

რას იფიქრებდით რამდენიმე თვის წინ ჩვეულებრივ რუტინაში ერთ მშვენიერ დღეს რომ რაღაცნაირად დაგენახათ დღევანდელი რეალობა ისე რომ არ გცოდნოდათ მიზეზი ამ ყველაფრისა?
იკეტება საზღვრები, ქვეყანაში ვეღარ შემოდის ვერავინ, უქმდება ფრენები, იკეტება მაღაზიების უმეტესობა  ქუჩები ცარიელდება, იკეტება მეტრო, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსები, იკრძალება ღამით გარეთ გასვლა, ცხადდება კომენდანტის საათი, იხურება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები, პრემიერ მინისტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით აცხადებს კარანტინს… აი წარმოიდგინეთ ვინმეს ეთქვა ეს თქვენთვის სულ რაღაც 2-3 თვის წინ. ხომ წარმოუდგენლად ჟღერს? ჩვეულებრივ ცხოვრებას მიჩვეული ხალხისთვის ეს რეალობა რაღაც ზედმეტად უცნაურია.

მახსოვს ფილმებს და სერიალებს რომ ვუყურებდი რაიმე ძლიერ გლობალურ ცვლილებებზე, სულ მაინტერესებდა რეალურად რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, როგორ უპასუხებდა ასეთ გამოწვევას მსოფლიო? რას გააკეთებდნენ ხელისუფლებები?
„კარანტინს“ ვუყურებდი ადრე, ასეთი სერიალია. ვირუსი ვრცელდება ერთ ქალაქში და ამის გამო ხელისუფლება მთელი ქალაქის ჩაკეტვას გადაწყვეტს. მართლაც ჩაკეტავს და აკრძალავს მოქალაქეებისთვის შიგნით შესვლას და გარეთ გამოსვლას. ძალიან მეუცნაურებოდა, მეგონა რეალობისგან შორს იყო სცენარისტი როცა ასე განავითარა სიუჟეტი, მეგონა გაზვიადებული იყო ხელისუფლების ასეთი რადიკალური ქმედებები.
„კინოა რა… სინამდვილეში ვინ ჩაკეტავს მთელ ქალაქს“ – აი ასე ვფიქრობდი, მაგრამ სულ რაღაც ერთი კვირის წინ მთელი მარნეული ჩაკეტეს, სრულ იზოლაციაში მოაქციეს და თუ არ ვცდები ზედ მიაყოლეს ბოლნისიც.

უფროსი თაობოს ხალხი რო ყვებოდა ხოლმე რაღაც პერიოდში კომენდანტის საათი რომ იყო ადრე დაწესებული მარადიორობის აღმოსაფხვრელად, ესეც ძალიან მიკვირდა ხოლმე. უფროსწორად მეგონა, რომ დღევანდელ რეალობაში მსგავსი რამ აღარასოდეს მოხდებოდა, დასაშვებადაც არ მივიჩნევდი, ნუ მაშინ კიდე ხო… საბჭოთა კავშირი ახალ დაშლილი იყო მაგრამ ეხლა? დღეს? შანსი არაა.
მაგრამ თურმე ყოფილა შანსი. თან იმაზე დიდი ვიდრე წარმოვიდგენდით. რაღაც ვირუსს, რომელიც სულ რამდენიმე ათეული ადამიანის ორგანიზმში ბუდობს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, შეუძლია მთელი ერი სახლებში გამოგვკეტოს.

ხო… ვიცი, მახსოვს, რომ დროებითია ეს. ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს ვირუსი. ცუდი ის არის, რომ ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. ჯერ კიდევ რაზგონს იღებს.
დღეს, 2 აპრილს საქართველოში 130 ადამიანია ინფიცირებული ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით.
ეს რიცხვი გარდამტეხია. სხვა ჩვენსავით პატარა ქვეყნის სტატისტიკებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სწორედ ეს რაოდენობაა ეპიდემიური აფეთქების საწინდარი. ეს ის რაოდენობაა, რა მომენტიდანაც დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რამდენიმე ათეულით დაიწყებს გაზრდას და მალე შესაძლოა ასეულითაც კი.
ვირუსს მეტი აქ ვეღარ შევაკავებთ. გაგვექცა. თუმცა ეს გარდაუვალი იყო პრინციპში.
შიდა გავრცელება დაიწყო, ამის გაჩერება კი შეუძლებელია. შენელებაა მხოლოდ შესაძლებელი. და ახლა რა უნდა ვქნათ ჩვენ? დაგვერხა?
ა რ ა !!!
არ დაგვერხა, მაგრამ ამის გასანობიერებლად ცოტა გლობალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას, მთლიანი სურათის დანახვა მოგვიწევს.
სტატისტიკურად covid-19 ვირუსით ინფიცირებულთაგან 4%-ზე ნაკლები იღუპება. ეს მაჩვენებელი ეყრდნობა მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებს. ამის გარდა არის კიდევ უამრავი დავირუსებული ადამიანი, რომელმაც უბრალოდ უსიმპტომოდ გადაიტანა ვირუსი ან ჯერ კიდევ გადააქვს. როგორც აღმოჩნდა, ინფიცირებულთა 80%-ს საერთოდ არ ურთულდება კორონა ვირუსი, მათ საერთოდ არ აქვთ მძიმე სიმპტომები. ეს რიცხვიც ცხადია მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებს ეყრდნობა. აქ თვლაში არ არიან ის ხალხი, ვინც უსიმპტომოდ გადაიტანეს.
რადგან მათ არც იციან რომ covid-19 ჭირთ ან ჭირდათ, შესაბამისად ოფიციალურ მონაცემებშიც არ არიან გათვალისწინებული. სამწუხაროდ მათი რაოდენობაც დაუდგენელია. საქართველოში ჯერჯერობით საბედნიეროდ ერთი ფატალური შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა.
ვისთვის არის საშიში covid-19?
covid-19 ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი არის მოხუცებისთვის და დიაბეტიკებისთვის. რადგან ამ ვირუსით ფატალურობის რისკი პირდაპირ დამოკიდებულია ინფიცირებულის ასაკსა და იმუნიტეტზე. რაც უფრო ახალგაზრდაა და ძლიერი აქვს ადამიანს იმუნიტეტი, მით უფრო ადვილად დაამარცხებს ვირუსს.
საბედნიეროდ 0-9 ასაკის ბავშვებში covid-19-ით სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. ასე, რომ პატარა ბავშვების მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყონ.
ახლა რაც შეგეხებათ თქვენ. თუ თქვენი ასაკი არის 40 წელს ქვემოთ, კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში თქვენი გადარჩენის შანსი არის 99.8%, შესაბამისად სიკვდილის რისკი 0.2%-ია.
თუ ხართ 40-50 წლების ასაკის შუალედში, სიკვდილის რისკი 0.4%-ია, 50-60 წლებში 1.3%,
60-70 წლებში 3.6%, 70-80 წლებში 8%, ხოლო თუ 80 წელს ზემოთ ხართ გადარჩენის შანსი მხოლოდ 80-85% გაქვთ.

ეს რიცხვები ალბათ ცოტა უფრო დამამშვიდებლად ჟღერს, თუ 70+ ასაკის არ ხართ.
ხოლო მოხუცებულებს მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებთ, ასევე ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც მედიცინის ექსპერტ-მუშაკები იძლევიან.
დაიბანეთ ხელები ხშირად და სწორად, დაიკავეთ დისტანცია (არანაკლებ ერთი მეტრისა),
მაქსიმალურად მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, საჭიროების გარეშე ნუ იმოძრავებთ ხალხში და ნუ იქონიებთ ახლო, მჭიდრო კონტაქტს გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით ერიდეთ პირბადის გარეშე მყოფ პირებთან დისტანციის დარღვევას, რადგან მათ შემთხვევაში ვირუსის გავრცელების შანსი გაცილებით დიდია, ასევე თქვენც იქონიეთ პირბადე. ამით სხვებს იცავთ თქვენგან ამონასუნთქი პოტენციური ვირუსის შემცველი ნაწილაკებისგან და ამავე დროს თქვენი ინფიცირების რისკსაც გარკვეული პროცენტით ამცირებთ. იქონიეთ რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები, ნუ მოიკიდებთ ხელს თვალში, პირში და ცხვირში, რადგან სწორედ ამ გზით ვრცელდება ვირუსი ყველაზე ხშირად.



განსაკუთრებით მოერიდეთ მოხუცებთან და დაბალი იმუნიტეტის მქონე ხალხთან მჭიდრო კონტაქტს, რადგან მათთვის რეალურად წარმოადგენს საფრთხეს კორონავირუსი და შესაძლოა, სწორედ თქვენ გახდეთ მათი დაინფიცირების წყარო. ასე, რომ გავუფრთხილდეთ მოხუცებს და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ნებისმიერ ჩვენს ქმედებას.
ვინაიდან covid-19 დღესდღეობით არის მოვლენების ეპიცენტრში როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, eon.ge კიდევ მოგაწვდით კორონავირუსის შესახებ საინტერესო ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments