ოჰ, ეს დაჟანგული მარგალიტები

მაკროსამყარო ფარდის მიღმაა

შენ მიკროში ხარ, ეს გერგო წილად

ინტერესი კი მაინც სულ სხვაა

ეძებ შენს თავს და გარბიხარ მისგან.

 

* * * *

 
ამ გაზაფხულის ბოლო ავდარმა გული დამისველა და ნამიანი ფიქრებიც თან წამოიღო.
 
ვიცი, როგორც ყველა დანარჩენი – ესეც წარმავალია, ეგეც გადაივლის და ცასავით გადაიკარებს.
 
მაგრამ აღარც ამ წვეთებად წამოსული სევდის მარცვლების მეშინია – ამასაც თვალს გავუსწორებ; რომ მის „თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერ“ სიმღერასაც ყური მივუგდო და ახლებურად გავახმიანო.
 

* * * *

 
მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი.
 
აქ არსებითი და გადამწყვეტი ხომ თვით იასამანია. . და ის, რომ მას იასამნის სურნელი ჯერაც არ დაუკარგავს.
 

* * * *

 
ჩემი ერთობ პრაგმატული ნაწილიც კი ძალუმად ითხოვს ღვთის არსებობას.
 
– ანუ თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მთელი ეს ორომტრიალი და ამ ცხოვრების ალია-ბალიაც მხოლოდ – ჭამა, სმა, ძილი და დროდადრო, ჩემი საწყალი ეგოს დასაპურებლად რაღაცის ჯღაბნაა?
 
– არა! მე რაღაც უფრო მეტი მინდა – გრანდიოზული, კეთილი და ამაღლებული.
 
– წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ J
 
 

* * * *

 
ადამიანი ამას აღიარებს თუ არა, ის მაინც ღმერთის ქმნილებაა.
შესაბამისად, ყველა საავტორო უფლება მას ეკუთვნის.
 

* * * *

 
ნეტარ არიან მორწმუნენი.
– ძალიან მინდა მეც სრულყოფილად შევიგრძნო ეს ნეტარება.
 

* * * *

 
რა თქმა უნდა, სათანადოდ ვერასოდეს დავაფასებ და გავიაზრებ ამას. . . .
მაგრამ ვმადლობ ღმერთს, დრო რომ დამითმო და შემქმნა.
და მთელი ჩემი უბადრუკობის მიუხედავად, ბოლომდე ვენდობი მას – ეტყობა ასე იყო საჭირო.
 

* * * *

 
ჭეშმარიტება აუცილებლად და უაპელაციოდ კამათის ლეგიტიმური „კანონიერი მემკვიდრე“ როდია.
 

* * * *

 
. . არც ისეთი კაცთმოყვარე ვარ, რომ მისიონერობა ვიკისრო.
 

* * * *

 
სიყვარული არ იქნება ძალადა
აბა
შიში შეიქმს სიყვარულსა-ო?!
 

* * * *

 
ჩემს წინ, მაგიდაზე ცარიელ თეფშს დავცქერი და განვლილ დღეზე ვფიქრობ.
 
რა მოხდა დღევანდელ დღეს ისეთი ღირებული და დასამახსოვრებელი, რაც ჩემი ტვინის ხვეულებში უმცირეს მეგაბიტს მაინც დაიკავებს. შემიძლია თუ არა რაიმეს, დღეს მომხდარს, ვუწოდო არათუ გარდამტეხი და ზეგავლენის მომხდენი – არამედ, მცირე ელფერისა და ტონის მომცემი მაინც.
 
მაშ კარგი, რა იყო დღეს სასიკეთო ან სასიხარულო – მსგავსთა მწყობრი, რუტინული შრეებიდან ამოვარდნილი.
 
იყო, კი იყო! ახლაც ღიმილს მგვრის რომ მაგონდება. სიცილს კი არა, სიხარულის გამცემ, გამჭორავ ღიმილს.
 
ასე მაშინ ხდება, ადამიანი შენი გულის სალბუნს რომ მიაგნებ და იპოვი; მაშინაც, უეცრად რომ გაგკრავს და გაგინათდება, და ხვდები – მონათესავე სულს რომ გადააწყდი. რომ თურმე, ამ სამყაროში ერთით მეტი მონათესავე სული დაქრის, დაფრინავს – შენგან და ყველასგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი „ძალათ“ ძალისხმევის გარეშე სუნთქავს, არსებობს და საქმიანობს.
 

* * * *

 
არი რაღაცეები, რაც ისე ღრმად იბეჭდება ტვინის ხვეულებში, რომ იქედან მართლა „ვერ ამოშლი“.
 

* * * *

 
აი, ყოფითობა რო იწყება, მერე თქვი თავდავიწყება J
 

* * * *

 
ვეცდები, ნებისმიერი საქმიანობიდან, რასაც დროს და შესაბამისად, ცხოვრების გარკვეულ – თუნდაც სულ მცირე – მონაკვეთს ვუთმობ, მივიღო გარკვეული სულიერი კმაყოფილება; ეს იმას ნიშნავს, რომ (მხოლოდ) ისეთ რამეს მოვკიდო ხელი, რაშიც ჩემთვის სულიერი კმაყოფილების – თუნდაც უმცირესი – ელემენტი ურევია. საინტერესოობა – ესეც კმაყოფილების ერთ-ერთი სახეა.
 

* * * *

 
კონკურენცია, შეჯიბრი, ჭიდილი. . . . მსუყე თემაა.
კი ბატონო, განვითარებისთვის აუცილებელი შეჯიბრებითობა – ცხოველთა სამყაროში ბუნებრივი სელექციისა და თვითგადარჩენის ამბავში გასაგებია (ნუ ადამიანიც ხომ ცხოველიაო, იტყვის მავანი); მაგრამ თავ-პირის მტვრევა, ვიღაცის გადაჯოკრვა . . . .
არ ვიცი, არ ვიცი . . . .
ისე, პირობითად თითქოს ვასხვავებთ „ჯანსაღ კონკურენციას“ vs „ჯუნგლების კანონს“.
ვითომ?
საერთოდ, თუ გავაცნობიერებთ და „დავიჯრებთ“, რომ სამყაროში ყველას თავისი (კუთვნილი ღვთით ბოძებული) ადგილი აქვს, „დავმშვიდდებით, დავშოშმინდებით და გულიც რაღაცნაირად დაისვენებს“.
და მაშინ სულ სხვა, უფრო ნათელი კუთხიდან შევხედავთ ყოველივეს.
 

* * * *

 
ეს ცოცხალი ჯაჭვია
 
თუ მე, უნებურად ვამხნევებ და იმედს ვუსახავ, ანდა იმედის ნაპერწკალს ვუყრი;
მე კიდევ, ვიღაც სულ სხვა მამხნევებს და თავის მოკიაფე ნაპერწკალს მჩუქნის.
და ასე, ცოცხალი ჯაჭვის პრინციპით – გადაეცემა, გადაედება, აბრდღვიალდება და გაცეცხლდება.
 
მინდა მჯეროდეს, რომ ეს ცეცხლად აკაშკაშებული ჯაჭვი იმ მგლებისაგან დაგვიცავს – ერთმანეთისთვის რომ ვართ, ადამიანები.
 
 
P.S. ვატყობ, ჩაქოლვა არ ამცდება. გთხოვთ, ბოლო სურვილი შემისრულეთ. თუ შიძლება, ქვებს თავად მოგაწვდით – მცირე ზომისას მაინც ავარჩევ 🙂
 

ნინო მუმლაძე

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments