შემოქმედი მტერი
შემოქმედი მტერი
უიმედობის „შემოქმედი მტერი“ უცხოპლანეტელი პეპელა ბზარავს ჩვენს სარკეს და გამოვყავართ მტვრიანი კენოტაფებიდან პრენატალური ცირკულაციით გარეთ
და ჩვენ მივმართავთ თვალებს სიბნელის მიღმა
სიბნელის მიღმა გავახელთ თვალებს და სუნთქვას ავაცეკვებთ სანამ პეპელა ჩვენი დროის სარტყელში მედიტირებს და ფარფატებს. ტოვებს მომაკვდავ გულებს
ვიღაცას უნდოდა ადამიანთა მოდგმას ფუტკრებივით ეზუზუნა ინდუსტრიულად მხრჩოლავ სკივრებში
სადაც მზის დაბურული ფსიქონავტი შვილი, ბინძური მელომანი, ნოსტალგიური მონა და სხვა უამრავი შეშლილი „პერსონაჟი“ სამყაროს გაუთავებელი კონვულსიური ქროლვიდან ორთქლდებიან, ვლინდებიან მეტყველ და არამეტყველ პოეტთა სახეებით
სადაც დავეძებთ ცარიელ ფასადებს უღიმღამო დემონსტრაციული პროექციისთვის რათა უსახური აფიშებით შევავსოთ და სხვის სახელებს მოვასხათ კარამელიზირებული ჩირქი და დავიწყებას მივცეთ საკუთარი სიზმრები რომლებიც ძვლებს გვაცლიან. ამგვარად ვიღებთ ერთმანეთს ისეთებად როგორებიც ვე(ღა)რ ვიქნებით და ვყოფილვართ
სადაც დაღლილი საღამოები ჯგუფდებიან და ვერბალურ ნახვრეტებში ჭედავენ საკუთარ განწირულობას რომელიც ბოლოს ჰორიზონტზე სევდიან გულგახსნილობას ამოანთხევს ძილღვიძილის უტყვ და შლად ემპათიასთან ერთად. შემდეგ საგანთა მორევში საგნებს მივათრევთ ხავსივით რითიც ისინი იკრებენ ძალებს და იდუმალებას
მე ვერ ვცნობ ჩემს ხმას მაშინ როცა ვცნობ ყველა ხმას რომელსაც ჩემი ძაღლი აღიქვამს
ზოგჯერ მინდა რომ საღებავებით ხელში ვიხეტიალო და ყველა ნაგვის ურნა შევაფერადო ყველანაირ ქარხნულ სიღატაკეს ფერები შევასხა და გრაფიტის კედლებიდან გადმოსული სურვილებით განვაიარაღო მთელი ეს სამშენებლო სიცარიელე ქალაქებს შორის რომ ყანყალებს და აერთებს მათ
იყარე პირში სიტყვები რომლებმაც ლექსები დააბეს და შენში დაიცალნენ სისხლისგან
იყარე პირში ლექსები რათა ამოიყეფო და გადაურჩე სისხლისგან დაცლას, აუტოფსიას
ძილის წინ, ყოველი ლექსის დასრულების შემდეგ ტვინში მერჭობიან სიტყვები რომლებმაც გამომიყენეს. ისინი ბრუნდებიან უკან ფურცლებიდან მძიმე კითხვებით
„რატომ ვართ შენთან“
„რატომ ვიყავით შენს გარეშე“
„ვისთან ვიქნებით შენთან ერთად როცა მოგვისვრი დავიწყების სასაფლაოზე“
***
მომხიბლავი სულები
რეაქტიული სისწრაფით მშენებარე ქალაქთა ქსელებში იხლართებიან
რეაქტიული ქალაქი რეაქტიული სისწრაფით იძინებს
გადაღლილ ქუჩებში ლამპიონთა სევდა ისადგურებს
ყლუპ ალკოჰოლს ნესტიან ბოდვათა კასკადი მოჰყვება
ჩვენ ხომ ვიცით რომ ერთი არასწორი ბგერა შთაგონების მზარდ შუშას ბზარავს
ვერანაირი ეკოლოგიური ზრუნვა ვერ გადარეცხავს
დღის შუქიდან ამოზრდილ დაბინძურებულ და ქვად ქცეულ ეთერულ ხედებს
აზარტულ მგზნებარებაში ამოხეთქილ წებოვან ბოდვებს
რომლითაც დამსკდარია ქალაქის ნებისმიერი ფანჯარა და ფოთოლი
საიდან ჩნდებიან უთვალავი მიზეზით წამებულთა გაბოროტებული ინკარნაციები
მათ მშიერ სახეებზე ტკივილის და განადგურების პოლუსები გაყინულან
და როგორც კი დნობას იწყებენ
ჩვენ ვგრძნობთ რატომ გვინდა ტირილი
როცა უწყვეტი ხანგრძლივი სიჩუმეა
და ჩვენ არ ვტირით
რადგან ცრემლი უნდა წარმოიშვას სითხისგან
არამედ ვჩიჩქნით სიღრმეებში გაფანტულ სიყვარულს
ჩვენ ვართ გამომშრალი ფიტულები
რომლებიც ვიღაცამ მოწყენილობის დროს შექმნა
და უკონტროლო სივრცეში ფრთების გარეშე გაუშვა
წერტილად ქცეული სიმწვანე არ ყოფნის ფიქრებს სიმშვიდის ბუდეში სიცოხლის გამოსაკვებად
სიცოცხლის საკვებად ნეონთა გადღაბნილი მელანქოლია წარმოქმნილა
ცივილიზაციურ მორევში ვთვლემთ
და ვეშვებით მომწამვლელად მათრობელ ფერებში
ცომივით იზილება მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
ათასფერად შეთითხნილი თვალებით ვუყურებთ
დაღლილი ემბრიონები როდის გადმოხტებიან მუცლიდან
და მათ ნორჩ გულებში ჩვენს დაავადებულ ოცნებებს ვტენით
ყოვლად შემაფერხებელი მოწყენილობის ბნელ გამოქვაბულებში
სისხლი ანუ სული მოწამლულია ქაოტური სუნთქვის რიტმით
ოთახებში ფარდის და იატაკის გამყოფ ხაზზე
არათვითმყოფადთა სასოწარკვეთილი
ვერმოძებნილი სიტყვები ყრია
და ყვირიან
და ყვირიან და ილოკავენ სიტყვებს პოეტები
პოლიტიკოსები და მსახიობები
აღმზრდელები
მოვაჭრეები და მღვდლები
ბლაგვი სიტყვებით ნიშნავენ ადგილებს
ხმაურით ტოვებენ სხეულებს სიტყვები
თითქოს ლორწო იცლება ორგანიზმიდან
როცა რაღაც უნდა ითქვას
და არავინ საუბრობს
საცერივით დახვრეტილ ქუჩებში
ათოვს ბილბორდებს
ქალაქი მაგნეტიზმში და ტკივილებში
შენ ფეთქავ შენსა და ვიღაც შენს შორის
როცა შენი ხმა გესმის ვინმეს პირიდან ვარდები ნაწლავში სადაც მუშაობენ იქ არარსებული ჭიები როცა შენი ხმა გესმის იღვიძებენ ისინი
და წევ თავს მაღლა და გადიხარ ქალაქში რომელსაც
და გადიხარ ქალაქში რომელსაც საკუთარი ტკივილები აქვს ღირსებებთან და მაგნეტიზმთან ერთად
იქ შენ თვლემ ლოდინის რეჟიმში პირდაუბანელი თხასავით
მალვით უყურებ ქუჩებს რომლებშიც ხატავ გეომეტრიულ ოცნებებს ცოტაოდენ მარიხუანასთან ერთად და არ გრძნობ თავს სულწართმეული მაწანწალასავით
დაძველებული კედლები თაბაშირის კარაქით გრაფიტდებიან
განთიადის ნისლში ამთქნარებს ნიმფეტი ქუჩის კუთხეს აყუდებული
ის ნერვული ჟღრიალა ბგერებით ირთობს თავს
და ლავიწებს შორის ოფლიანი ღრუ – მოცახცახე წერტილი
მასში ჩაღვრილი ღამენანთხევი მაღალი ძაბვის შეგრძნებებით ამარაგებს სინქრონულ ქუჩას
სინქრონულ ქუჩას ხვრელიდან ამომძვრალი მშიერი თაგვივით გაჰყევი
და თვალს აყოლებ ღარიბ ტურისტთა ავტოსტოპს რომელიც ვერ სცდება მტკვრის სანაპიროს ცხელ-ცხელ ბილბორდებს
თბილისი აავსეს ზურგზესახლმოგდებულმა ჭიანჭველებმა
ჩვენ მათ ველით და ისინიც ელიან ჩვენს სალამს ღიმილს და მითოსურ ქმედებებს…
(ვერ) შეითვისე მუხრუჭთა მელანქოლია სანამ მათ მსხვრევაში სიტყვებს აქრობ და ხარჯავ
მთებსა და ქალაქს შორის ჩამდგარია შუაღამის სიყვითლე
ტრაილერები ღმუიან ქუჩებში
და როგორღაც მწვანეა მათ შორის მცენარეები
შეყვარებულებს ძინავთ დაცარიელებულ პარკებში მქრქალ ლამპიონთა ქვეშ
ჩვენ ვხეთქავთ სიცილს ქაოტურ ხმაურში და ხმაური იკვრება ჰერმეტულ მდუმარებად
მე ცოტაოდენ ამღვრეული თვალებით გესალმები მათში ჩამდნარი კითხვის ნიშნით და უარყოფილი მზერით ადრესატებს ვფანტავ
ჩვენს შორის რა წარღვნამდელი ტკივილი იწვის?
რით გამოირჩევიან ეს ლექსები ფოტოები და სიტყვები რომლებმაც მიისაკუთრეს ჩემი ოთახის კედლები?
ვფიქრობ და დავდივარ ზურგზე კითხვის ნიშნებით
დიაგონალურად წელვად ოთახში სადაც ცეცხლი თავის სულს ტოტზე წვავს
და ვგძნობ ქალაქს რომელსაც საკუთარ ტკივილებს ექსტრავერტულ სუნთქვაში ფანტავს აქცევს მას შუაღამის ბიზნესად
***
მწუხარებით და სილამაზით სავსე თვალებში
სნობი გოგონა
ყურზე ეშმაკის ეშვით
ეკრანებს მიბმულ ხბოს თვალებზე
ნადირობს
პრანჭია მათხოვარი
დაუდეგარი სულების ქუჩის მტვერში გაცრილი
ნესტი მეეზოვეების დაბზარულ ბათინკებში
ბუკინისტთა ჩამჭკნარი ფილტვები
წარმოდგენაში ქმნიან გაუგებარ მიმოფანტულ სურათებს
სადაც მთავრდება ეს ლექსი და იწყება სხვა
მე შევიგრძენი როგორ მოვტყუვდი გარემოუცველ ფიქრთა მართვისას
კვერცხში წიწილაა
და ჩვენს ნაფურთხში
ამოუხსნელი შეგრძნებების ფუსფუსში ჩაბმული მძორისმჭამელები ჩასაფრებულან
პეიზაჟი
პორტრეტი
სამყაროს უშიშრობაში გაუპატიურებული რეგვენი გული
უსასრულოდ გაფანტულ სპერმატოზოიდთა უიმედო ყოფაში
შენ ხარ ფაქიზი და მომთხოვნი
ემპათიურ-აპათიური მოქნილი ალკოჰოლიკი
გარდასხეულდა ერთხელ ჩემი ჩრდილი
და მე ვცნობდი მათ
ვისაც ვხედავდი ცისარტყელების მდელოს აალებაში
მე ვცნობდი მათ
ვინც ამ ალის არსებობა არ დაიჯერა
ვცნობდი მათ
ვინც ქუჩის კუთხეს მანეკენური უშიშრობით კვეთდა და აწიოკებდა
და ხანდახან მათ მიერ შექმნილი კავშირები
სილამაზეს პირში აძლევდა
რა მცირე დრო გავიდა მას მერე
რაც ყველაფერი გაუცხოვდა ერთი უარის შემდეგ
საუკუნოვანი
მზარდი ქვის გარდაცვლილ გულთა სიმბოლოდ ქცევისას
როცა ვინმე სადღაც იკარგება
შესაძლოა არც არსებულა თუ ჩვენს გულებს ცერბერი დარაჯობს
ტროტუარებმა მოაჯირებად უნდობლობა ამოიშენეს
დაძრწის მათ შორის ადამიანი
როგორც ბაღლინჯო ომგადავლილ ზეწარზე
ყარს
ყარს
გაღვიძება
როცა წინა დღეს
შენი გაუმაძღრობა
გადაღლილ ქუჩათა ლამპიონებს ეწაფებოდა
სილუეტურად მბჟუტავ შეღამებისას