კარლო კაჭარავა

ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ქილებს …

ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ბოთლებს
გადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე.
კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებს
ძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული.
მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ.
რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფრო
თხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას.
რომელ თეატრში ვნახავთ მეტ სიმართლეს,
ან დავიძინებთ უკეთ, ვიდრე ჩვენს საწოლებში,
მას შემდეგ, როცა რიტმული მოძრაობებით
ვარღვევთ ერთმანეთის სიმყუდროვეს
და მერე არეული სუნთქვით, არეული სიზმრებით
ერთად გვძინავს.

კაცის ძილი

კაცის ძილს ცუდი სუნი უდიოდა.
ის მყრალი იყო და ბრაზიანი-
დამარცხებებს ვერმიჩვეული.
ძილში კაცი ნატრობდა ყველას,
ვისაც ფლობდა და მერე კარგავდა
და იმათაც, ვინც აროდეს არ იყო მისი.
მას მხოლოდ ძილში არ ეცოდებოდა თავი,
თუმცა სიზმარშიც სიგარეტს ეწეოდა
და ისეთივე სისულელეებს ლაპარაკობდა,
თან გაზეთებს ჭამდა.
კაცის ძილი ჰგავდა ყვირილს,
მამობაზე ოცნებას,
თუმც სიზმარშიც შვილებს სცემდა.
P.S. როცა მარსელ დიუშანს ჰკითხეს: სწამს თუ არა ღმერთი,
მან უპასუხა: მე ხომ არ გეკითხებით იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ფუტკრები კვირა დღეს.

ქალს სძინავს

კიდევ ერთ ღმეს შეეგუება ეს მძინარე ქალი,
რომელსაც სძინავს, როგორც ბებერ ვირთხას.
ვერცხლისფერ საწოლში.
მაშინაც, როცა მარტოს არ სძინავს წარმავალია მისი შეგუება.
ის არ ფასდება ცათა ვერცხლით ან ბარათით ნუგეშისაცემად.
მე ვფიქრობ ამ ქალზე,
როცა წარსულს ვიხსენებ.
მე ვიხსენებ მრავალ სიკვდილს ერთ სიცოცხლეში
და მესმის დაბადება, როგორც ცვლილება.

სირენა

ეძღვნება ფ. მაზერელის “სირენას”
“სამყარო, ჩვენი სამყარო ისედაც საკმარისადაა
გაღარიბებული და გაუფასურებული!”
სიუზან სონტაგი
ქარიან ღამით ზღვიდან ყვიროდა ქალი, თითქოს შველას ითხოვდა.
ნაპირზე ახალგაზრდა მუშა სასაცილოდ მილასლასებდა.
ქალის ყვირილზე ის ტანსაცმლიანად გადაეშვა წყალში.
შეშფოთებული და ბედნიერი, რომ შეუძლია გადაარჩინოს.
კეიტ ბუში, სოფი, ბ. ჰავკინსი, ტორი ამოსი.
მეოცნებე მუშა დაიღუპა ჭუჭყიან ზღვაში – ღამესავით ბნელ წყალში.
იახტიდან გადმოვარდნილი ქალი კი, როგორც ყოველთვის,
უკანასკნელ გადამწყვეტ წამს გადაარჩინა იახტის მფლობელმა
პოლიტექნიკურმა პრინცმა –
და მათმა ერთბაშად დამშვიდებულმა იახტამ გააგრძელა სრიალი
ბნელი წყლის ზედაპირზე.
მრავალფეროვნად მოციმციმე ნაპირის ილუმინაციათა შესახვედრად.
გარდაცვლილი მუშისთვის ღამის ზღვა
ბავშვობისდროინდელ მუდამ სველ საწოლად იქცა.

ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა

ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა –
მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან –
(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.
არბატზე მოდიოდა სველი თოვლი და
სამი მილიციონერი.
მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,
რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.
აჰა, არალეგალური ცხოვრების ჩრდილოური ხიბლი.
აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.
და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს
სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს.
აი, მშვენიერი პატარა ქალი, რომელიც გავროშს ჰგავს
და გავროშივით იცმევს,
მაშინაც, როცა თავის ვიდეო-არტს და სიყვარულს
აკეთებს.
აი ტრამვაი, რომლის სარკმლებიდანაც მხოლოდ
დათოვლილი სტრაგინო მოჩანს.
აი “ტვინ-პიკსი”, “MTV”, “სნიკერსი” და
“სტიმოროლი”.
ნეტა როგორია შენი ახალი მითი, რომელსაც
თხზავ, როცა მეტროდან ამოსული
სიგარეტს უკიდებ
და დღისითაც ნათურებანთებულ ჯიხურებს
ათვალიერებ…
P. S. არავინ არაფერი არ იცის… ახალი მითი?

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments