ირაკლი ყოლბაია – "ძველმანების მაღაზია გონების პირას"
ძველმანების მაღაზია გონების პირას
(ამბობს) არასდროს ენდო იმას ვინც არასდროს ქრება
(მჯერა) არის ძალები რომლებიც ჩვენს ყოფაში შემთხვევებად გამოიხატება. ამიტომ ყველა წამი შეიცავს ფსიქეს, ჰადესს. ყველაფერი ჰადესის სახლიდან მოდის. მაგრამ სად? რას
ნიშნავს, აქ, მოდის? ან რას ნიშნავს აქ?
*
ამაღამ ვენერა კუროს რქაში ზის და მთვარე
პირში უდევს
ხარს. არ მიფიქრია თუ აქ
ოდესმე დავბრუნდებოდი მთვარეო
დამიამე სახე, დამიდუმე ვნება, მძვინვარებს
ხორცის შუაღამე კარიბჭე ნურაფერი
გაშორებს ჩემგან დაეშვი
ჩემგან მკერდით ოთახის მომლოდინე სიღრმეზე—ყველაფერს
შენზე ვფიქრობ ამაღამ, მუერტე „მე კი
არაფრის მეშინია ადამდელი ვარ“ ყოველთვის
ვფიქრობდი რომ აქ მოვკვდებოდი აქ ხორცსა
და ყვავილებს შორის და სად მიფრინავენ
წეროები და რამდენი ასო
გაქვს, ვერცხლისწყალ
ესობა თეთრ უძლურებას მიფ-
რინავენ თავზე ნაწერი გულის რომ
იწურება ფრინველი ნათქვამია
ჩემთა, უქმად წყვილად
დარდნო და მცირენო ბე
ტაუ უცნობს არაერთს მრავალს და ღიას ორი
უსრული სატრფო ჰყავს
*
ჩემი სხეული მეჩურჩულება შენს კანზე, რომელიც
შორსაა, რომელიც ენაა რომელიც
ძლივს ვიცი, რომელსაც
მე ვქმნი, და ვერავის ვასწავლი, ჩემი
კანი, შენს სხეულად მელაპარაკება და ამიტომ
მიყვარს ის და ამიტომ
ვინახავ ამიტომ თან ვატარებ და აღარ
ვიცვლი, აღარ
ვწვავ, შენი კანი უცხო მხარეა უხილავი, რომელიც ჩემს სხეულზე
მეჩურჩულება, დამჩურჩულებს, ჩემს
სხეულად უსაზღვრო ზღვაზე
ვიყავ
აშვებული
*
სიზმრებს გიხსნიან, ეს კონტურები შემოაქვთ დღეში—ვინ
იყავი სიზმარში? რა ნიღაბს იმზადებ თოვლს
ეკვრი სახით—ყვითელი, მწვანე—ლაქები
წვიმიან მინაზე (მაშინ მივხვდი, ორფეოსი
არანაკლებ მტერია ვიდრე
ლაზარე—არც ის
ჩერდება დაბლა არც მან
იცის მოქცევა
რომ სიცოცხლის გაჩენით სიკვდილი მოგაქვს
სიცოცხლეზე დიდი ხანია მივეჩვიე
შენს ბრწყინვალე ფილმებს შენი საშოდან
რომ ექაჩები როცა შენს გვერდით
ვწევარ და ვანძრევ ვის წარმოიდგენ? (ბავშვობაში ნანახი
ან მონაყოლი ბერძნული ლარნაკი—ის შუბლს
უჭერს სატრფოს რომლის პირიდან მიწამდე ნატიფად
გამოკიდულა თხელი თეთრი ფირი—ო რატომ ვთქვი
სატრფოს? საიდან უნდა
მცოდნოდა? შეუძლებელია
იმის წარმოდგენა რომ ეს ორი ერთმანეთის
სატრფო არაა შემზარავია
მათი სიახლოვე ამ წამს შემზარავია ყველა ტრფობა თითქოს მკაცრი
ყინვა უხამსობის წინააღმდეგ—
ზამთარი მორჩა და „იმ დღეს
მეტად არ მიწერია“
*
ისინი, ძილის მხლებლები და გუშაგები ჩემს თავში მოსვლით
რომ აკაკუნებენ და აბრახუნებენ არ მაძინებენ მათ ძილი
მოაქვთ ცხოველი ახლოვდება მათ შრიალში მარად სმენასთან
ბუდობს
ესაა მომავლის აღსასრულის წამი ესაა სამყაროს
გამოცხადება
ესაა შენი საკუთარი წითელი ხორცის აკრძალვა / უარყოფა
ესაა შენი კანის ნამწვად მტკიცება რადგან მაღლა
იყურე დრო აქ მთავრდება ამის იქით არაა სამსჯავრო ნავები
წყალზე
აქ მერევა შენი მდინარე და ჩემი მუსიკის სიმკაცრე
ქვემოთ
მთვარეა მისი სიღრმე და სიორე ის ზღვას აწვება ორეული
სიჩუმით ძაღლები უყეფენ მსმენელ შენს ბილიკებს ხელ
ბნელმეორედ რამდენი ძალა
თანაარსებობს
მთვარისქვეშ