2020-ის არჩევნები: ნაბიჯი პოლიტიკური ცხოვრებისკენ თუ კიდევ ერთი მითოლოგემა ქართულ "პოლიტიკურ" ცხოვრებაში?

ავტორი: ანა ლომაძე

არაუტყუარი რეალობისაგან გამიჯვნის აუცილებლობა

რამდენიმე დღის წინ სტუდენტთან მიმოწერისას შევნიშნე, რომ ის ადამიანებს განსჯიდა კეთილისა და ბოროტის კატეგორიებით. შევეცადე ფრთხილად მიმენიშნებინა, რომ ადამიანების დაყოფა კეთილებად და ბოროტებად იმ კონტექსტში, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, ნაკლებად შესაფერისია. თუმცა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე დაკვირვებისას უფრო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სწორედ ჩემი მიდგომაა ჩვენს რეალობასთან მიმართებით კონტექსტიდან ამოვარდნილი.

ამ ტექსტს ვწერ შემდეგი მოსაზრების საფუძველზე: რეალობა არის წარმოდგენებით გაშუალებული, უკვე გამრუდებული არსებობა. წარმოდგენებს კი ერთმანეთს ვუზიარებთ სიტყვების მეშვეობით და, ამის პარალელურად, ეს გაზიარებული სიტყვები ქმნის ჩვენს წარმოდგენებს. უტყუარ რეალობაზე პრეტენზია მხოლოდ ლოგიკას, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეიძლება ჰქონდეს და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, მათემატიკურ სიტყვაში (მეცნიერებაში) ჩამოყალიბდა ზოგიერთი წარმოდგენა ისე, რომ ის მუდმივი და უცვლელი დარჩეს (ორს მივუმატოთ ორი ყოველთვის ოთხის ტოლი იქნება). ამის საწინააღმდეგოდ, ადამიანს მზა ფორმულები არ ეყოფა არაუტყუარ სიტყვასთან მიმართების ჩამოსაყალიბებლად, მას დასჭირდება სააზროვნო შრომის გაწევა, მას დასჭირდება საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, რათა აზრი იდგეს სიტყვის წინაშე. არაუტყუარი სიტყვა საკუთარ ნათქვამში არასოდეს ამოწურავს იმას, რასაც გულისხმობს. ის არ ამყარებს რეალობას, პირიქით: წარმოდგენების მიერ გამრუდებული რეალობის ჩამონგრევით ქმნის შიშველი არსებობის მისაკვლევ პორტალს. თუ საქმე არ ეხება ლოგიკას, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მაშინ რაც უფრო მკაფიოდ აჩვენებს სიტყვაში გამოხატული რეალობა არსებობასთან მიმართებით საკუთარ გამრუდებულობას, მით უფრო გამჭვირვალე იქნება ის.

გამჭვირვალეობის მისაღწევად სხვადასხვა არაუტყუარ სფეროში განსხვავებული სიტყვიერი ხერხები და სტრუქტურები არსებობს. ვნახოთ, რა შეიძლება ითქვას პოლიტიკის სფეროზე, რით ცდილობს ის თავისივე წარმოებული რეალობის ისე შენარჩუნებას, რომ ამ რეალობის მიღმა არ ჩაკარგოს არსებობა, ნამდვილად არსებული ადამიანები და მათი ინტერესები.

დიალოგი, როგორც პოლიტიკური რეალობის გამჭვირვალეობის გარანტი

პოლიტკის უამრავი განსხვავებული ფორმა არსებულა. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ სფეროს სწორედ პოლიტიკის სახელით მოიხსენებენ დღეს არაერთ ქვეყანაში, ალბათ გარკვეულ მინიშნებებს ტოვებს, თუ როგორ წარმოგვიდგენია ის დღეს. ბევრი სიტყვის მსგავსად, ეს საერთაშორისო სიტყვაც ძველი ბერძნულიდან მოდის და უკავშირდება პოლისებს – ძველ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს. პოლისებს სხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებისგან ის განასხვავებდა, რომ მის მმართველობაში დიდ როლს თამაშობდნენ არა მეფე თუ მცირე ოლიგარქიული ჯგუფები, არამედ მოქალაქეები (ცალკე საკითხია, რომ მონები და ქალები არ ითვლებოდნენ პოლიტიკურ სუბიექტებად). აგორა – მოქალაქეების თავშეყრის ადგილი, სადაც ისინი აზრთა გაცვლა-გამოცვლის, კამათის საფუძველზე ცდილობდნენ მიეღოთ ქალაქ-სახელმწიფოს მართვისათვის ეფექტური გზები, ამდენი საუკუნის შემდეგაც თანაბრად საინტერესოა როგორც მკვლევრების, ასევე მას-კულტურისათვის. აგორა ნათელყოფს, რომ პოლიტიკაში მეტყველების ის ფორმა, რომელშიც სიტყვა, (ბერძნულ შესატყვისს თუ გამოვიყენებთ, რომელშიც) ლოგოსი გამჭვირვალე ხდება, არის დიალოგი. შეხედულებების გაზიარება, მათი შეჯერება არის (ეგებ ერთადერთი) საკმარისად ძლიერი საშუალება, რათა დაბალანსდეს უდიდესი ძალა, რომელსაც ხელისუფლება იღებს მოქალაქეებისაგან – ისევ და ისევ მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.

რა ხდება, ამ მხრივ, ჩვენს პარლამენტში? კანონის თანახმად, უკვე 30 წელია არსებობს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის საშუალება და, მართლაც, არაერთხელ გვყოლია მრავალპარტიული პარლამენტი. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ მართლაც არის დიალოგის საშუალება პარლამენტში? არის თუ არა ის სიტყვა საკმარისად გამჭვირვალე, საკმარისად ცხადი ჩვენს დღევანდელ რეალობაში, რომელიც შეიძლება უარყო და გადაწონო 50 და მეტი პროცენტის მქონე ძალით? მე არ ვიცი, რეალურად ვინ მოიგო ეს არჩევნები. თანაბრად შესაძლებელია, როგორც არჩევნების გაყალბება, ასევე „არჩევნების გაყალბების გაყალბება“, როგორც უკვე თქვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მაგრამ ვფიქრობ, 30 წელია პარლამენტს მართავს შიში, რომლის გამოც ყველა ამ დრომდე არსებული ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა და ცდილობს გვერდი აეარა/აუაროს 50 %-ზე ნაკლებ მანდატს. რას გვკარნახობს ჩვენი რეალობა: ვართ თუ არა მზად მივიღოთ სხვისი აზრი მაშინ, როცა ჩვენი აზრი ემთხვევა უმრავლესობისას? ამის შესაბამისად, რა განაგებს პარლამენტს – დიალოგი თუ (უმრავლესობის ძალაში ჩაკარგული სიტყვები, ანუ) დუმილი?

30 წელია მას შემდეგ გასული, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ დღესაც ვრჩებით პოსტკოლონიურ ქვეყნად, რომელმაც რაღაც ახალი ვერ შექმნა. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს არათავისუფლების იარები? რამდენი ხანი შეიძლება ისაუბრო იმ სამშობიარო ტკვილებზე, რომლის წყალობითაც მოავლინე საკუთარი კონსტიტუციური თავისუფლება? ეს ალბათ დამოკიდებულია ქვეყანაზე, ანუ დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ამ ქვეყანას.

თუ რეალობა მართლაც დამოკიდებულია ჩვენს პირად წარმოდგენებზე, მაშინ ეს ერთი წინაღობაა ჩვენსა და ჩვენს ყოფნას, არსებობას შორის. მაგრამ როცა ჩვენი წარმოდგენები და ფანტაზიები აცდენილია ჩვენსავე პირად გამოცდილებას, როცა ჩვენივე წარმოდგენებიც ნაკვებია არა იმის მეშვეობით, რასაც ჩვენი ყოველდღიურობა ქმნის, არამედ სწორებას აკეთებს სხვა საზოგადოების მიერ შექმნილ რეალობებზე, მაშინ ჩვენ ჩვენი სურვილებითა და მისწრაფებებით, ორმაგი წინაღობის გამო ვრჩებით ამოცანად, მიუღწეველ ობიექტებად საკუთარივე თავისთვის, საკუთარივე თავის წინაშე.

30 წელია ვერ შევქმენით საკუთარი რეალობა. ნასესეხები, დაკოპირებული რეალობა კი ნაკლებად იძლევა საკუთარი გამოცდილების ინდივიდუალურად გადააზრების საშუალებას. ამის მაგივრად გონებაში ცოცხლდება სხვადასხვა რეალობების მიერ გადაკერებული ფრანკენშტაინის ურჩხული (იქნება ეს მონატრება იმ „ძველი კარგი დროსი“, როცა არც გჭირდებოდა სამსახურის მოძებნა: აქეთ გიჭერდნენ, თუ უმუშევარი, უშემოსავლო და უბედური იყავი; იქნება ეს ამერიკულ სამოთხეზე ოცნება, რომელიც ალბათ ამერიკაშიც ძნელი გამოსაჭერია; იქნება ეს ჩვენი ქვეყნის წარსულ დიდებაზე დამყარებული ოცნებები; იქნება სხვადასხვა ჯგუფების სიძულვილით გაძლიერებული თვითიდენტიფიკაცია თუ სხვა მრავალი მსგავსი „ნაჭერი“ ჩვენი ურჩხული-სახელმწიფოს სხეულისა). რამდენად გულწრფელია ფრანკენშტაინი მის შექმნაში: რამდენად გულწრფელები ვართ ჩვენივე რეალობის ხედვაში – რამდენად გულწრფელები ვართ, როცა ვაკეთებთ არჩევანს ერთი, მეორე, მესამე პარტიის ან თუნდაც არც ერთი მათგანის სასარგებლოდ? არის ურჩხული ის ანარეკლი, რომელშიც ფრანკენტშტაინი გულახდილად დაინახავს საკუთარ არჩევანს, საკუთარ ქმნილებას?

მითო-რელიგიური სამეტყველო აპარატი ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში

იმისათვის, რათა გულწრფელები ვიყოთ, ალბათ აუცილებელია ყველა სფეროს შესახებ ვისაუბროთ მისი შესაფერისი სამეტყველო ხერხების მეშვეობით. ფაქტია, რომ ქართულმა პოლიტიკამ ჯერ ვერ ისწავლა რაციონალურ, დიალოგურ რეჟიმში ქმედება. იმის მაგივრად, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლებთან კამათის საშუალება გამოიყენონ აზრის დასაწმენდად, საღი დასკვნების გასაკეთებლად, ხშირად ისინი მოწინააღმდეგეებს წარმოაჩენენ როგორც ბოროტ ძალას. არა მარტო უბრალო ამომრჩევლებისგან, არამედ პოლიტიკაში კარგად გარკვეული ადამიანებისგანაც ხშირად გაიგებდი/გაიგებ მსგავს ფრაზებს: „ნაცების ხანა უნდა დავასრულოთ“, „ბიძინა ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდეს.“ ეს რადიკალური მიდგომა, დიალოგისადმი ასეთი უინტერესობა, მოწინააღმდეგეთა ბოროტ ადამანებად, საშიშ ურჩხულებად გაფორმება, ამა თუ იმ ხელისუფლების დასრულებაზე აპოკალიფსური მოწოდებები მიუთითებს, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოჭრილია მითო-რელიგიური, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამეტყველო აპარატი.

ქრისტიანული რწმენისთვის დიალოგი ზედმეტია. ქრისტეს სხეული თავად არის ლოგოსი, თავად არის სიტყვა და ა.გ. ამ რელიგიის ფონზე ყოველგვარი დიალოგი თვითკმარი სიტყვის წინაშე – პირად სივრცეში შეძენილი პირადი ხედვის წინაშე – ზედმეტი ხდება. ქრისტეში, კაცში სიტყვა განსხეულდა და პირიქით: სიტყვამ გამოისხა ხორცი. ღმერთი არის სიკეთე და სისავსე, რომელიც იღვრება ყველა არსებულში სხვადასხვა ხარისხით. ბოროტება კი, ამის საპირისპიროდ, არ არსებობს; ბოროტება არსებულებში სრული სისავსის არქონა, სისავსის მოკლებულობაა. ქრისტე არის მადლი, რომლის ფონზეც ყოველგვარი იწილო-ბიწილო, ყოველგვარი კამათი მეორეხარისხოვნდება.

ამგვარად, თუ პოლიტიკა, დღევანდელ კონტექსტში, თავისი სიტყვის გამჭვირვალეობას რაციონალურობისა და დიალოგის მეშვეობით აღწევს, ამის საპირისპიროდ, ქრისტიანული რელიგია იმავეს მიღწევას ცდილობს ირაციონალურობით, თვითკმარი ლოგოსით, სიტყვით.

დღეს ბევრს საუბრობენ სეკულარიზმზე, მიიჩნევენ, რომ ირაციონალურობისაგან თავს დავიხსნით, თუ რელიგიას და რელიგიურ ფიგურებს პოლიტიკისაგან გავმიჯნავთ; მაგრამ ალბათ თავად რელიგიური ფიგურების პოლიტიკაში ჩარევაზე მეტად სახიფათოა რელიგიური სამეტყველო აპარატის დამკვიდრება პოლიტიკურ სივრცეში. რელიგია არის სფერო, რომელიც ეხება ადამიანის პირად სივრცეს, აყალიბებს მის რწმენას. მისი სამეტყველო სტრუქტურების გადატანა პოლიტიკაში, საჯარო სივრცეზე მიმართულ სფეროზე, თავისთავად იწვევს არევ-დარევას. რელიგიური სტრუქტურების გადაღების მეშვეობით პოლიტიკოსი ემსგავსება თვითკმარ სიტყვას, ლოგოსს, რომელიც როცა უყურებს სხვა პარტიის წარმომადგენელს, ხედავს არა მოპაექრეს, არამედ აუცილებლად დასამარცხებელ ბნელ ძალას, მონსტრს, რომლსაც არ აქვს მეტყველების უნარი.

პირადი და საჯარო სივრცის გამიჯვნის მნიშვნელობა

გარდა იმისა, რომ ამგვარი ხედვა სრულიად არაადეკვატურია პოლიტიკური დისკურსისათვის, საჯარო სივრცესთან დაკავშირებულის აღრევა პირადთან, რწმენებთან და ემოციებთან, აზიანებს თავად პირადის გაგებასაც. ქვეყნის პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ისეთი გარემოს უზრუნველყოფას, სადაც ადამიანს მაქსიმალურად შეეძლება ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის თავისუფლებებით. პოლიტიკა თავისთავად არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს; ის იმდენადაა ღირებული, რამდენადაც გამოსდის ადგილის გაწმენდა მოქალაქეების უფლებების, მათი თავისუფლებისათვის. ერთი სიტყვით, პოლიტიკა არის საჯარო სივრცე, რომლის მოვალეობაცაა პირადი სივრცის დაცვა. ცივ გონებაზე მიღებული, რაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა ესაფუძვლებოდეს ადამიანების ემოციებისა და გრძნობების, მათი პირადი სამყაროს ხელშეუხებლობასა და განვითარებას. ეს არის ერთგვარი ნეგატიური სახის გახარჯული ძალისხმევა იმისათვის, რათა ადგილი დარჩეს პოზიტიურისათვის.

მაგრამ ჩვენთან არ არის პირადი და ემოციური გამიჯნული საჯაროსა და რაციონალურისაგან. ის, რაშიც ადამიანები თავიანთ ემოციას ხარჯავენ, არის საჯარო. ემოციით ნაკეთებ პოლიტიკას არა მარტო საკუთარი თავი მიჰყავს არასწორი მიმართულებით, არამედ პირად სივრცესაც შთანთქავს და აქცევს მას პერვერსიულ, მახინჯ ადგილად. როცა 30 წელი ვერ თმობ პოსტკოლონიური ქვეყნის სტატუსს, როცა 30 წელი ვერ ახდენ წარსულის გადაფასებას და აწმყოს შექმნას, როცა კვლავ სხვადასხვა კულტურულ სივრცეში შექმნილი რეალობებისგან გადაკერებულ რეალობას უმზერ, მართლაც ძნელია პირადისა და საჯაროს გამიჯვნა; როცა არ გაქვს პირადი გამოცდილებისათვის ცალკე გამოყოფილი დისკურსი, პირადის ბრმა ძიებაზე და ინდივიდუალობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაზე მარტივია ინერციით პირადის საჯაროში დანახვა. ერთობას, რომელსაც წარმოვადგენთ, „ქართულ საზოგადოებაზე“ მეტად შეეფერება სიტყვები „დიდი ქართული ოჯახი“. ეგებ, ერთი შეხედვით, ცუდად არც ჟღერდეს: ოჯახი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სადავო ღირებულებაა; მაგრამ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო იყოს ღირებულება, მისი გადატანა სხვა სფეროში იძლევა გადმობრუნებულ, გამრუდებულ შედეგს. ემოციებით ნაკეთები პოლიტიკა ალბათ ვერასოდეს შექმნის ტკბილ, სამაგალითო „ოჯახს“. ის ისტერიკა და აგონია, რომლის ფონზეც ვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები, არა მარტო შესაფერისი, არამედ ყველაზე გულწრფელი ფორმაცაა, რომელსაც მიმართავენ პირადსივრცედაკარგული მოქალაქეები და პოლიტიკოსები. რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლითაც ვუმზერთ ჩვენსავე თავსა და ჩვენს გარემოს, ვერ გვხედავს ჩვენ, როგორც ინდივიდებს, ვერ ხედავს იმ ზღვარს, რომელიც დაცული უნდა იყოს პიროვნებისა და მისი ღირსების შესანარჩუნებლად. ეს იმ სარკეში ყურებას ჰგავს, რომლიდანაც აორთქლებულია ჩვენივე ანარეკლი.

„დიდი ოჯახის“ წესები

„დიდი ოჯახის“ მიერ უარყოფილი ადამიანი თავადაც უარყოფს და ეს უარყოფა ყველაზე კარგად გამოიხატება დაცინვასა და შეურაცხყოფაში. რელიგიისაგან მოტაცებული რეალობა – თვითკმარი სიტყვა (დიალოგის მაგივრად) და საკრალურობა, ახალ, მიმტაცებელ რეალობაში – პოლიტიკაში იქცევა პროფანულად; სიწმინდის განცდა, რომელმაც შეიძლება რელიგიურ სივრცეში მართლაც უზრუნველყოს მორწმუნის ხედვის დაწმენდა, სრულიად განსხვავებულ, პოლიტიკურ ნიადაგზე ლოგიკურად იქცევა სიბილწედ. სოციალურ ქსელზე თვალის ერთი შევლებითაც ცხადია, რომ ხშირად მომხმარებლები უფრო აქტიურები არიან არა იმ პარტიისა თუ იდეის დაცვის შემთხვევაში, რომელიც მოსწონთ, არამედ არასასურველი პირებისა თუ მოვლენების (ხშირად უკიდურესად დამამცირებელი) კრიტიკისას. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური სიტყვა რაციონალურად იყოს გაანალიზებული კონტექსტისა და ქვეტექსტების გათვალისწინებით, ყურადღება მახვილდება ამ პოლიტიკური სიტყვის წარმომთქმელის „დასაბან თუ დასავარცხნ თმაზე“ ანდაც „მოტვლეპილ თავზე“.

გინებებით, ბრაზითა და ცინიკურობით სავსე რეაქციები გაუმჭვირვალე პოლიტიკური რეალობის თვალშისაცემი, მაგრამ მაინც ყველაზე ნაივური და უწყინარი გამოვლინებაა.

უფრო დამაფიქრებელია იმ მოქალაქეების პოზიცია, რომლებიც ვრცელი ანალიტიკური მსჯელობით ამტკიცებენ, რომ ჩვენი მწირი პოლიტიკური რესურსების ფონზე, დიალოგის ასეთი საჭიროების მიუხედევად, ორი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტიიდან ერთ-ერთი უნდა გაუდგეს „საშინელი სამსჯავროს“ გზას.

პოლიტიკურს, როგორც საჯარო სივრცესა და რელიგიურს, როგორც პირად სამეტყველო-სააზროვნო სივრცეს ხშირად არ/ვერ არჩევენ პოლიტიკური პარტიებიც; ისინიც ხშირად ტვირთავენ პოლიტიკურს პირადულით. ისინიც ცდილობენ, რომ მათი ძალა დაემყაროს არა მოქალაქეების რაციონალურ გააზრებას, არამედ მათსავე ემოციებს; თავიანთი არჩევანისას გაითვალისწინონ არა პოლიტიკური სიტყვა, არამედ ის პიროვნებები, რომლებიც გამოთქვამენ ამ სიტყვას.

ამ თვალსაზრისის ფონზე, ასეთი შეიძლება იყოს 8 ნოემბრის მოვლენების ინტერპრეტაცია.

აქცია გაიმართა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. ამომრჩეველს, რომელიც საერთო ოპოზიციურ აქციაზე მივიდა საკუთარი ხმის დასაცავად, უწევს იმის მოსმენა, რომ მის პროტესტს ჰყოლია სიმბოლო და თურმე ეს სიმბოლოა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელზეც რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აგონებდა საკუთარ თავს. ეს ქართულ, რელიგიურ-მითოსური სიტყვით თვითდაბრმავებულ, პოლიტიკურ ცაზე კიდევ ერთი მითოლოგიური ფიგურის გაჩენის სურვილს ჰგავს.

ხელისუფლებამაც არჩია, რომ საკუთარი სიტყვა კრიტიკულ მომენტებში ძირითადად გამოეხატა ერთი პირის – ირაკლი კობახიძის მიერ. ეს ჯგუფი თითქოს 8 წლის შემდეგაც საკუთარ დაბადებას ციხის კადრებს უმადლის, თვითიდენტიფიკაციას კვლავ ყოფილი პარტიის ძალადობრივი, მასკულინური ბუნების საწინააღმდეგოდ ახდენს. ხოლო მაშინ, როცა თავადაც შეიძლება დასჭირდეს ძალის გამოყენება, პარტიიდან ირჩევს ჰაბიტუსით ნაკლებად უხეშ მასკულინურ ფიგურას, რომელსაც ფემინური ელემენტებიც შეუძლია შეითავსოს და თან რომელზეც შეიძლება თქვა: სწავლობდა, ასწავლიდა და ა.გ. ნაკლებად წარმოსადგენია, რომ „ძველბიჭობდა“. მაგრამ ფემინურობა არ არის მარტო მასკულინურობის ხარისხებს შორის განსხვავება; არ არის უბრალოდ ორ უხეშ მასკულინურს შორის არსებული ხიდი, რომელიც მეტიდან ნაკლებ ძალადობრივს მიუთითებს.

რაც უფრო მეტი ჰაბიტუსი თუ ქარიზმა ექნება პოლიტიკურ ფიგურას, დღევანდელი საჭიროებების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ის უფრო მეტად გაუმჭვირვალეს გახდის პოლიტიკურ სიტყვას, საკუთარი გუნდის პოლიტიკურ პოზიციას.

წმინდანები, გმირები და მოწამეები არ მოვლენ პოლიტიკაში (და, შესაბამისად, არც ურჩხულების ძიებაა მასში საჭირო) – იესომ სეკულარული მისწრაფებების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე გამიჯნა ღმერთის და კეისრის საწილო. არც არის საჭირო მოვიდნენ, რადგან პოლიტიკა, როგორც საჯარო სივრცე, ვერ იქნება ადამიანების პირად თვისებებსა და პატიოსნებაზე დამოკიდებული.

გასაგებია, რომ რადიკალური მოქალაქეების ბრაზი სულაც არ არის უსაფუძვლო; მათმა ნაწილმა პირდაპირი მნიშვნელობით იწვნია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ძალადობრიობა და უკანონობაც კი; ალბათ ბევრი ჩვენგანი გრძნობდა/გრძნობს ხელისუფლების გულგრილობას. რა წმინდანებზეა საუბარი, როცა ყოველდღე ვუყურებთ ჩვენს ქაოტურ ყოფას?!

მე მაინც მგონია, რომ ახალი სისხლის ძიება, თუნდაც შედარებით წმინდა სისხლის ძიება ისევ მითოსურ წრეზე სიარულია. მოქალაქე არ უნდა ელოდოს პოლიტიკაში შედარებით კარგად აღზრდილი, პატიოსანი პოლიტიკოსის მოსვლას: ასეთი რომც მოვიდეს, ის გაფუჭდება, თუ მოქალაქე არ დაიწყებს უკვე მოსული პოლიტიკოსის აღზრდას და ეს აღზრდა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისთვის ისევ და ისევ დიალოგის, ისევ და ისევ საკმარისად ძლიერი ოპონენტის პირისპირ კამათისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ჩვევების სწავლებას.

მოქალაქისა და პოლიტიკოსის სხეული საჯაროს ტყვეობაში

თუ ყოველი მოქალაქე ამოვა საკუთარი პირადი ისტორიიდან, განწყობდან თუ რწმენიდან, თუ არ მოხდება პოლიტიკური სიტყვის დაწმენდა ყოველივე პირადულისაგან, სხეულებრივისაგან, მაშინ, ერთი მხრივ, შეიძლება ხელისუფლებას კვლავ დასჭირდეს საკუთარ ძალაში ბოლომდე დასარწმუნებლად ფიზიკურად შეეხოს საკუთარი მოქალაქეების სხეულს, თუნდაც უეჭველი საჭიროების გარეშე, ხოლო, მეორე მხრივ, შეიძლება ვერც ოპოზიციამ მოიშოროს თავიდან შიში, რომ მისი სიტყვის დამადასტურებელი ყველაზე ეფექტური და სასურველი მოწმე სისხლი და დათხრილი თვალებია.

მაგრამ ალბათ ამ ორომტრიალში ყველაზე საინტერესოა მესამე ძალა: მოქალაქე, რიგითი ადამიანი, რომელიც ვერც ასე იღებს ძალაუფლებას ხელში და ვერც – ისე, თუმცა მზადაა აზრების, სიტყვების ორომტრიალში, საკუთარი სხეული ჩააგდოს, როგორც დასაკეპი ხორცი, როგორც შიშველი მასალა. ამ ადამიანის სხეული არის ყველაზე თვალშისაცემი, ბრჭყვიალა შემნახველი ჩვენი რეალობის სიყალბისა. სწორედ გასანადგურებლად განწირული სხეული წარმოაჩენს ყველაზე უკეთ, რომ დღეს საჯარო არ ტოვებს პირადისთვის, თუნდაც საკუთარი სხეულის ფლობისთვის ადგილს. მოქალაქე, რომელიც ძალაუნებურად საკუთარ სიტყვას ჩუქნის იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც აქებს თუ აგინებს, პოლიტიკურ აღსასრულსა თუ დღეგრძელობას უსურვებს, ანუ განიხილავს თვითკმარი სიტყვის, ლოგოსის კონტექსტში, თავად რჩება მუნჯი. თუ მას სურს კვლავ მიენიჭოს მის სიტყვას ძალა, თუ მას სურს კვლავ ამეტყველდეს, მაშინ მან საკუთარ სხეულზე უნდა თქვას უარი და ამ უკიდურესობით უნდა შეუერთდეს განსხეულებულ სიტყვას. დემონებითა და წმინდანებით დასახლებულ პოლიტიკურ პლეადაში მისი აზრი მხოლოდ მაშინ შეიძენს გარკვეული ტიპის მნიშვნელობას, თუ ისიც „ჰეროიკულ“ აქტს ჩაიდენს და გაწირავს თავს.

პოლიტიკოსის სხეულიც არის რელიგიურის გამქურდველი პოლიტიკური ხედვების მსხვერპლი. მათკენ მიმართულია დიდი აგრესიას. ეს აგრესია აძლიერებს მათ, როგორც პოლიტკოსებს, მაგრამ ამ გაძლიერებას ესაფუძვლება სწორედ ის ფაქტი, რომ ისინი, როგორც ადამიანები, არიან უკიდურესად დამცირებული და განწირული. სწორედ ამ დამცირებიდან, ყოველგვარი პირადულის ამ უსამართლო წაგლეჯიდან იზრდება მათი თვითრწმენა და განცდა, რომ ისინი ყოველთვის მართლები არიან; ამ ნიადაგიდან იზრდება, ბოროტი ყვავილივით, მათი ილუზია, რომ ისინი არიან თვითკმარი ლოგოსები.

პოლიტიკოსს იქამდე ვერ მოსთხოვ გამიჯნოს პირადი და სახელმწიფოებრივი ინტერესი, სანამ მას თავადაც პირადი, რწმენის სივრციდან ესაუბრებიან როგორც ოპონენტები, ასევე მოქალაქეები.

უშუალოდ პოლიტიკოსს სხეული არ აქვს, სხეული აქვს ადამიანს, რომელიც პოლიტიკოსის სტატუსს ატარებს, რომელსაც პოლიტიკოსობა პრედიკატად მიეწერება. ამიტომ ის არ უნდა განისჯებოდეს განსხეულებული სიტყვით, ანუ რწმენის სიტყვითა და მისი კატეგორიებით: კეთილი და ბოროტი. აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება არა მარტო უშუალოდ ეს ორი სიტყვა, არამედ ზოგადად ის რიტორიკა, რომელიც მათ დიქოტომიაზეა აგებული და გულისხმობს ემოციურ განსჯას (თუნდაც რაციონალურის ფორმით შენიღბულს: ლოგიკურად, არგუმენტირებულად გადმოცემულს), რაციონალურის ნაცვლად.

პარლამენტში არც ერთი კონკრეტული პარტიის შესვლა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ის, რომ არ ჰქონდეს რომელიმე მათგანს მონოლოგურ რეჟიმში რელიგიური სამეტყველო სტურქტურების შენარჩუნების შესაძლებლობა; არ ჰქონდეთ მათ საშუალება, უმრავლესობით გადაძალოს დიალოგის წარმართვის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით ყველანაირად ეწინააღმდეგება მსგავს სცენარს, ვფიქრობ 30 წლის განმავლობაში არასოდეს ვყოფილვართ ამ მიზანთან ასე ახლოს; სწორედ ეს ხელისუფლება და სწორედ ახლა ყველაზე ახლოსაა დიალოგის შიშის დაძლევასთან. ამის პარალელურად, ხალხსა და ოპოზიციას დღეს მართებს დიდი პასუხისმგებლობის გამოჩენა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება წმინდად პოლიტიკური ხერხებითა და სამეტყველო ინსტრუმენტებით, რათა მიზნის მიღწევის შემთხვევაშიც დამარცხება და კიდევ ერთი პოლიტიკური მითოლოგემის შექმნა არ შეგვრჩეს ხელში.

როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს, ამგვარად წარმომიდგენია იმ მავნე „დიდი ოჯახის“ ილუზიის გაქრობა, რომელიც, მიუხედავად თავისი საჯარო ხასიათისა, იმდენად ინტიმურად შედის მოქალაქეებისა თუ პოლიტიკოსების ცხოვრებაში, რომ მათსავე ნამდვილ, კანონიერ პირად სივრცეს აქცევს უბრალო ხარჭად.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments