#დარჩით სახლში

– “ყურადღება, ყურადღება! კორონავირუსი თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მისგან თავის დასაცავად გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და დარჩით სახლში”. . . დღეს უკვე მერამდენედ! ცივი შხაპი გადამავლო ჩემი ფანჯრის მიღმა “მოსიარულე” ხავერდოვანმა ბარიტონმა – სწორედ მაშინ, როცა ჩემს ვირტუალურ სანაპიროზე ნეტარებაში მყოფი “იამაიკის მზეს” ვეფიცხებოდი.

ეგ არაფერი! ჯერ კიდევ ჩვენს კორონამდელ ეპოქაშიც, რეალობასთან ცოტა უბრად მყოფი, ახლა კი – სრულად პარალელურ სამყაროში გადაბარგებული და თვითშემეცნების ობიექტად ქცეული, ეს ჩემი თავი – საჰაერო ხომალდის მსგავსად, ახალ-ახალი შეუცნობელი პლანეტა-კუნძულების აღმოსაჩენად გასულიყო ჩემივე თვალსაწიერის ორბიტაზე.N

– “. . მისგან თავის დასაცავად გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და დარჩით სახლში”. . . გაისმა ისევ ხავერდოვანი.

მე კიდევ რა მიშავს, ფაქტიურად ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში მყოფს, მხოლოდ ეს ხმა თუ დამირღვევს მყუდროებას. აბა იმათ რაღა ქნან, ვისაც “საყოველთაო წესრიგის” მოშლით თავზარი დაეცათ და რა ვირტუალურ კლდე-ღრეს მიაწყდნენ აღარ იციან. ვეღარც ვირტუალურ სკოლებსა თუ ბაღებს ამოეფარებიან და ვეღარც ელექტრონულ სამსახურებს!

– “აზრზე არა ვარ მთელი დღე ამ ბავშვებს რა ვუყო!”
– “დედა, რა გაძლება ქონია მარინა მასწავლებელს, ამათ ხელში!”

მართლაც, დედაქალაქსა და სხვა “ცივილიზებულ სამყაროდ” აღიარებულ “ოაზისებში”, სადაც ინდივიდუალიზმით მოწამლულ სულებს ერთად ძნელად ედგომებათ – დიდი განსაცდელი დაატყდათ თავს. მართალია, აქაც შეიძლება გაქცევით უშველო თავს და დიდიან-პატარიანა ინტერნეტის უკიდეგანო მორევს მისცე თავი, მაგრამ “სადამდე, ზურაბ შვილო?” როდემდე? – საზღვარი აქვს ყველაფერს და ხომ იცი ბოლომდე “არ გაგივა ეს ნომერი შენ, დურუ ხუნჭუა!”

დანარჩენებს, ისევ ძველი ყაიდითა და ინერციით “მოკრძალებულად” სოფლად თანამაცხოვრებელ თაობებს – ამგვარად არ შეუგრძვნიათ კოვიდის შემობრძანება. უფრორე პირიქით – მათთვის სწორედ დათითოკაცებისკენ მოწოდება იქცა სასჯელად:

არ გაესვლების ბირჟასა,
საფიხვნო გდია ტიალი,
კაცი მარტოსულ ვერ გასძლებს,
მოჰკლავ ოთხ კედელჩ ტრიალი.

თუმცა, მაინც თუ კარგად მოვჩხრიკავთ, ქართველებისთვის ეგეც კარგად დავიწყებული ძველია. სად იყო კორონა, ჯოტია ცაავა რომ ჩაჯდა თვითიზოლაციაში და ფეხი არ მოუცვლია იქიდან – “ვაჟკაცის სიტყვა მაქ მიცემული”-ო. ჰოდა, ჯოტიაზე ნაკლები ვაჟკაცები ყავს დღეს საქართველოს?

– “. . გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და დარჩით სახლში”. . . გაისმა ისევ.

კიდევ კარგი, მანამდე მოვასწარი აფთიაქების ჩამორბენა. მართალია, როგორი ცარიელ-ტარიელიც ჩავედი, უკანაც ისევე ამოვბრუნდი, მაგრამ მაინც. (პირველი “ტიტუ, კორონა”-ს წამოძახილიდან სამიოდ კვირაა გასული)

მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

არა, განა არ ვიცოდი, რომ საყოველთაო ხორველის (ასე ეძახიან ჩვენში) პირობებში ზღვაში თევზს რა დალევს და ცაში კიდევ ვარსკვლავებს, მარა. . ცდა ბედის მონახევრეა-თქო განწყობით თამამად შევაბიჯე მორიგ აფთიაქში.

სანდომიანმა და კეთილთვალება (სახეს ვიღა დაგანახებს დღეს ჩვენს ყოფაში) ქალბატონმა ზრდილობიანად მომიგო – “არც სპირტი გვაქვს და არც პირბადეო”. თუმცა, ვიდრე ჩემი სმენის რეცეპტორები წამწამოვანი უჯრედების “ადიდაში გატარებული” ჰაერის შერხევით გამოწვეულ სიგნალებს ტვინს გადასცემდა და ეს უკანასკნელი, ხმაურს სიტყვებად გარდაქმნიდა – მოლარის თხემის წილისა და შუბლის არედან წამოსულმა იმპულსებმა დაასწრო; და მეც უმალ ვთარგმნე მესიჯი – “აბა ახლა შენ სადა ბანაობ?”

თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ წამში, ზურგს უკან მობერილმა გრილმა ჰაერმა თავი მიმაბრუნებინა. სად იყო და სად არა, კიდევ ერთი ჩემსავით “გზააბნეული” შემოლასლასდა. სანამ იმან სახის მოვლისა და ბავშვის საწოვარების მწკრივთა რიგი გამოიარა და ვინ იცის, რამდენსაფიქრალმორყეული სხეულით, გამჭვირვალე მინით გადაღობილ-ბორდერიზებულ დახლს მოაღწია – წამლის სახელი ქე დავიწყნოდა.

გულში ვიფიქრე – “ეჰ, ბებო, შენ რომ წამალს ეძებ, იმას “მარტოსულობისა ჰქვიან” და ჯერ არ გამოუგონებიათ-თქო”, მაგრამ . . გულს ხომ არ მოვუკლავდი. ის კი თავისას ჩიოდა. “კაცო, რო გვეუბნებიან სახლში დარჩითო – ან წამალი არ ვიყიდო, ან პური არა ვჭამო?” – თავს იმართლებდა ეს გალეული, ჩია მოხუცი. უცებ წარმოვიდგინე, ალბათ როგორ საწყლად კიკნიდა იმ პურს, მარტოკა სახლში. შეიძლება ერთი კვირაც კი ჰყოფნოდა ის ერთი პური, მაგრამ. . ამას ხომ არ ვეტყოდი. .

წამოველ ჩემთვის ჩაფიქრებული.

თავად განსაჯეთ, ამ ხორველამდე უამრავი ამქვეყნიური საზრუნავით დაღლილ-დაქანცულ ერს, სად გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ჩვენი “წინაპრის” დარად ნაცარი გვექექა! ახლა კი, დაჯექი და ქექე რაც რამე ნაცარია!

ჰოდა შედეგიც არ დააყოვნებს! აი, ნახეთ თუ არა.

გაისად, დიდ დემოგრაფიულ აფეთქებას გვიქადის ეს ვირუსი. კორონა ქე ჩაივლის და გენოფონდი ხომ შეგვრჩება. სოფელიც აშენდება! აბა რა დოუდგება წინ!

– “. . თქვენს ჯანმრთელობას და დარჩით სახლში” . . . გაისმა ხელახლა.
არა, ქართველებს სახლში ჯდომა რას მიქვია – ქუდზე კაციო რო დაიძახებდნენ, ხმალიც გვიჭრიდა და ქუდიც; კი არადა, ენაც. მართალია, ამ უკანასკნელმა ნამეტანი ივაჟკაცა წლეულს – ერთმანეთის შეჩვენებასა და თავზე ნაცრის წაყრაში. “ამნაირები და იმნაირები” სულ ქართველები ვართო. მარა, არ ყოფილა მთლად მასე.

ამ წყეულ ხორველას სხვა ბევრი დადებითი “გვერდითი მოვლენაც” ახლავს თურმე. აგერ, ერთი-ორი სიკეთე ჩვენშიც ქე გამოაჩინა. “დეიმსხვრა და დეიქცა სტერეოტიპები. აქაოდა, არაკანონმორჩილი უწესრიგო ერი ვაართო!”

– გეყურება შენ ილარიონ?
– რაო, რა მინდაო?

წარმოვიდგინე ილარიონს რო ჩავარდონდა ხელთ “მაი ჰოლანდიური გაზეთი ფრონტექსი”.

– ხედავ რას ჩივა აი ყაზახი საქართველოზე? რაო და ამ პატარა საქართველომ ჩვენზე მეტათ ივარგა; ქე გვჯობნიან ქართველები კორონა თუ რაცხა მჭადია იმასთან ბრძოლაშიო. მართალია, დუნიის თვლაში 44-ე ადგილზე არიან და ჩვენ ქე ვართ მე-3-ზე, მარა. . იმფერი ერთპირობა, შეგნება და მარდობა გამოავლინეს ქართველებმა, იქეთ უშობიან კორონას, თვარა – აქეთ ვერაფერს უშობაო.”

ჰოდა, ვზივარ და ვფიქრობ ჩემთვის. მგონი გვეშველა ბიძია-ბაბუა და მივაგენით პასუხს ერთ რიტორიკულ, ყბადაღებულ და პასუხგაუცემელ კითხვაზე-თქვა.

– “. . და დარჩით სახლში”. . . ყრუდ ისმის უკვე.

– ნეტა ახლა გარეთ გასვლა შემეძლოს!
– რას იზამდი?
– გავიდოდი და ცათმფრენზე ამხედრებული დავაბრუნებდი ვალად დარჩენილ პასუხს კითხვაზე – “გვეშველება რამე?”

ექოთი გახმოვანებული და გაათკეცებული გაიჟღერებდა ჩემი შეძახილიც – “გონია გვეშველა, გვე შვეე ლაა და ეგაა!” -თქვა.

ავტორი: კოვიდით შთაგონებული ნინო მუმლაძე
სხვა შთაგონების წყაროს გისურვებთ ძვირფასებო 🙂

დატოვე კომენტარი