გადა-(გ)-დებული (აღმა)-ფრენა

სწრაფად და საქმიანად ჭიანჭველებივით მოფუსფუსე მგზავრებით გარშემორტყმული, მათ შორის ვდგავარ . . . .
და ჩემს ზემოთ განათებულ ტაბლოს შევყურებ.
ვერტიკალურ ცხრილში ჩაყრილი დანიშნულების პუნქტებს გაკვრით მოვავლე თვალი; ჩემი მზერა კი, მათ გასწვრივ ჩამოშლილმა და სიმეტრიულად ჩაწიკწიკებულმა ათობით იდენტურმა სიტყვამ მიიპყრო –
გ ა დ ა დ ე ბ უ ლ ი ა
გ ა დ ა დ ე ბ უ ლ ი ა
გ ა დ ა დ ე ბ უ ლ ი ა
გ ა დ ა დ ე ბ უ ლ ი ა. . . .
თავი დავხარე, მზერაც წამომყვა, სამივემ მაჯის საათს დავხედეთ და უკმაყოფილების ნიშნად თავი გვერდზე გადავაქნიე.
მერე, ნაძალადევად, მაჯის საათს მზერა მოვწყვიტე და კვლავ მაღლა, განათებულ ტაბლოს მივუბრუნდი.
ოღონდ, ამჯერად მახვილი და დაკვირვებული თვალი დანიშნულების პუნქტებს მივაპყარი.
– რა უცნაურია!
აქ ქალაქების ნაცვლად სხვა რამ წერია, რაც გონებას მიმღვრევს და მაფიქრებინებს, რომ. . . .
აქეთ-იქით ვიწყებ ყურებას. თვალებს ვაცეცებ. უნდა გავერკვე, სადა ვარ? მინდა დავრწმუნდე, ეს ცხადია თუ სიზმარი?
სხვა შემთხვევაში ეს როგორ ავხსნა?
თითქოს ცხადია – ნათლადაც ვხედავ;
ისევ იქა ვარ, ჭიანჭველებად მოფუსფუსე მგზავრებით გარშემორტყმული; მეც ერთ-ერთი მათგანი. . . .
მაშ რა გამოდის? ისევ ვკითხულობ –
პარიზის, რომის, მალაგის ნაცვლად
ცეკვა, კერვა და ფოტოგრაფია;
სრული სიგიჟე. . . . ისევ ვამოწმებ,
საღ აზრზე ვარ, თუ ეს სიზმარია?
მივყვები სიას –
კრაკოვის, ლვოვის, ბელგრადის ნაცვლად
აქ აწერია –
ცხენები, კინო, ორატორია,
ნუსხა გრძელდება –
ხატვა, კინო და ფილოსოფია. . . .
ისევ საათი, ისევ ტაბლო
და ასე რამდენჯერ?
ვამოწმებ ჩემ თავს;
შევცქერი ირგვლივ მოძრავ მგზავრებს
და თავს ვეკითხები –
სიზმარი? ცხადი? რა ფანტომია?
– ახლა რაღა ვქნა? ჩემთვის ვფიქრობ და ვგრძნობ, შინაგანი უკმაყოფილებითა და აღშფოთებით აბობოქრებული ტალღა როგორ ასკდება სისხლძარღვებს; და წლების მანძილზე მიძინებული შფოთი-ვულკანიც საცაა ტვინში ამასხამს.
ბრაზისა და იმედგაცრუების მეწამულმა ლავამ მოიცვა და გადაფარა ცნობიერებაში ამოტივტივებული ათობით იდენტური ტყუპისცალი სიტყვა –
გ ა დ ა დ ე ბ უ ლ ი ა
გ ა დ ა დ ე ბ უ ლ ი ა
გ ა დ ა დ ე ბ უ ლ ი ა
გ ა დ ა დ ე ბ უ ლ ი ა. . . .
სიტყვები ერთიმეორის მიყოლებით უჩინარდებიან მომსკდარი ლავის საფარქვეშ. გავარვარებული ლავის ოხშივარი ჩემამდეც აღწევს; მისი ცხელი ორთქლი ცხვირის ნესტოებზე მელამუნება და მგონი ყველაფერს ვხვდები. . . .
ეს ჩემი ბოლო ფრენაა; საბოლოო დანიშნულების პუნქტში.
ამიტომაა, არც ბარგი მიმაქვს და არც ხელჩანთა;
და მაინც, რაღაც (ცხოვრებისეული) ტვირთითა ვარ დამძიმებული.
ამ ტაბლოზე კი, ჩემ მიერ გაურკვეველი ვადით გადადებული, და აწ უკვე სამუდამოდ გაუქმებული სურვილები და მისწრაფებებია ჩამოწერილი; ერთი შეხედვით უწყინარი, უპრეტენზიო სურვილები – ცალკე აღებულ ჩემ ჭეშმარიტ მე-ს სიხარულსა და აღმაფრენას რომ ანიჭებდა; თუმცა, ამქვეყნიურ ჭიანჭველურ ფუსფუსში გართულს, მათით გართობა და მათი განვრცობა სრულებით რომ გადამავიწყდა?!
აბა, რას წარმოვიდგენდი, თუკი საბოლოო ფრენა ასე დაუგეგმავად და მოულოდნელად შედგებოდა. . . .

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments