მიიღე შენი თავი და მიგიღებს მთელი სამყარო

მომწონს სტრიები ჩემს ბარძაყებზე,
რომლებიც საშინლად ადამიანურია
მომწონს, რომ ასეთი რბილები ვართ
თუმცა არც სიუხეშეს და სიველურეს ვუჩივით
როცა გვჭირდება,
მომწონს უბრალოდ ქალად ყოფნა, საკუთარი თავის ქალად ხსენება
რომელიც მსრულყოფს და მამთლიანებს.

რუპი კაური

ყოველთვის, როცა სარკეში იხედები და საკუთარი თავის მიმართ მხოლოდ ზიზღს განიცდი, შენ უარყოფ შენს თავს.
არ შეიძლება საკუთარ თავს გამუდმებით გამადიდებელი შუშით აკვირდებოდე და ხედავდე მხოლოდ ნაკლს, ფიქრობდე იმაზე, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება, რომ არა კეხიანი ცხვირი, რამდენიმე ათეული ზედმეტი კილოგრამი და სტრიები, რომელიც არა მხოლოდ შენს სხეულს, არამედ ყოველდღიურ აზრებს ატყვია.

უმეტეს შემთხვევაში, სინამდვილეში პრობლემა გარეგნობაში კი არა, ჩვენს დამოკიდებულებებშია. იდეალები გვყავს შექმნილი და შთაგვაგონეს, რომ გამუდმებით ვერგებოდეთ იმას, რაც საზოგადოებაში მიღებულია. მიუხედავად იმისა, რომ არც კი ვიცით საიდან იღებს სათავეს, ვინ ან რა მიზნით დაამკვიდრა ბრბოში ეს სტანდარტები, რომელიც დროთა განმალობაში იცვლებიან.

ისეთი ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც პლასტიკური ქირურგიით ცდილობენ იმ დეტალის გამოსწორებას, რაც არ მოსწონთ, ძალიან ხშირად მეორედაც, მესამედაც და შემდეგ მემილიონედ სტუმრობენ ქირურგის კაბინეტს.
ადრე თუ ცხვირი არ მოსწონდათ, ახლა მკერდის ზომაში ან ტუჩების ფორმაში ხედავენ სიმახინჯეს.

ჩაკეტილ წრეს გავს ეს ყველაფერი. ესეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ კონკრეტული ნაკლია, ის დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლიდათ მოეპოვებინათ საკმარისი ყურადღება, სიყვარული, აღიარება სხვა ადამიანებისგან. მაგრამ, რადგან ამ სახის გარეგნულმა ცვლილებამ მათ მიზანზე არ იმოქმედა, ისევ თავიდან იწყებენ ნაკლის ძიება. მაგრამ, რეალურად პრობლემა ვიზუალში არ არის.

როგორ მოეწონები სხვას, თუ შენ თვითონ არ მოგწონს შენი თავი ?

და იცით ?! უკვე ყელში ამოუვიდა დროებას იდეალურობა, რომელიც ადამიანებს ინდივიდუალურობას აკარგვინებს – ლამაზი, მაგრამ უსიცოცხლო. მოსაწყენია.. ეს მასიური მოწყენილობა უკვე აღბეჭდილია მოდაზეც და თუ დააკვირდებით, არა ერთ მოდელს, მსახიობს თუ ცნობილ ადამიანს ნახავთ, რომელმაც უარი თქვეს გარეგნობაში ცვლილებების შეტანაზე და ამის მიუხედავად, მოიპოვეს აღიარება ისეთებმა, როგორებიც არიან, სწორედ თავისი ინდივიდუალიზმით და ინდივიდუალიზმს ისე კარგად არაფერი წარმოაჩენს, როგორც ჩვენი ნაკლი – მის ფონზე ხომ ჩვენი დადებითი მხარე უკეთესად მოჩანს.

ჩვენი სხეული კი იმდენად საოცარია, რომ საუბრის გარეშე მეტყველებს ჩვენს ხასიათზე, ისტორიაზე, თავად ჩვენს თავზე. ადამიანები უკვე გაცილებით მეტს ვეძებთ, ვიდრე არაფრისმთქმელ სილამაზეს…
დღევანდელობა არა იდეალური ადამიანებისაა, არამედ თავდაჯერებული ინდივიდუალისტების.
ყველა არ მოგვწონს და ბუნებრივია, ყველას ვერ მოვეწონებით, თუმცა მასობრივი აღიარების სურვილი ძალიან მიამიტური და ინფანტილური მისწრაფებაა და სანამ ამას მოპოვებ, ჯობია დაიწყო ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისგან, საკუთარი თავისგან აღიარების მოპოვებით.
დამიჯერეთ, სხვები ისე გვექცევიან, როგორც ჩვენ ვექცევით საკუთარ თავს, როდესაც ხარ თვითკმარი, გაუცნობიერებლად გარშემომყოფებზეც ახდენ გავლენას.

თუ შეძლებ და მიიღებ შენს თავს, შენი ყველაზე დიდი ნაკლი, იქცევა შენს მთავარ უპირატესობად.

დატოვე კომენტარი