***

 

მინდოდა დავუფლებოდი სამყაროს მავთულებს

მათ მყოფობას ადგილებში რომელიც არ არსებობს

მათ ხრიალ ამოსუნთქვას მდინარეებიდან

როცა ვიგულე ჩემი თავი პურის ნამცეცებში ძაღლის დამბალი ენის ქვეშ

როგორი უნაყოფო ხმაური ფეთქავდა როცა დღე დაიფერფლა ღამის კოცონზე

უნაყოფო იყო ჩემი მუცელიც რომელმაც გოლიათი ყვავილები შვა

სხვა ყვავილების მჭამელი

და ვფურცლავდი ქალებს ბუტკოებში და ვახვევდი მათ პრიალა პერგამენტებში

თითქოს მხოლოდ მათი ამოყირავებული სილამაზე მიმიძღვოდა წინ

სიყვარული კლდეს ჩამოყოლილ წყლად ასობით ფუტკრის სახლში

სადაც ბნელი ფანჯარა ჭრის კარს და გავუყევი კარის ძახილს

ხმა როგორც მზეთა დაცემა მრავალ დროში წამიერად

როგორც ხურდის დაგდება ლითონის ფსკერზე

და მე ვიყავი ეს ფსკერი ეს ბზარები ცეცხლით ამოვსებული

და ვნელდებოდი საკუთარი არამყარობისგან არარაში რომ გადავყავდი

შიში სიზმრების ვერნახვის აღარ ვიცხოვრე წამით მათში

და თითქოს არასდროს ვიშვი ქალით ნაგები ქვესკნელიდან

<აჩუქო ის რასაც თავად არ ფლობ> განძი უსინათლო

 

***

ვინ ვარ მე რომ უარვყო ის რაც ადამიანის ხმამ გამოყო სამყაროთა ძახილში

მშვენიერსა და შემზარავს შორის მოსიარულე ლამპრის შუქი

რომელიც ისევე ანათებს როგორც ჭაში ჩავარდნილი მზის ანარეკლი

შენი ანარეკლი წყლისა და ღვინის სამეფოში

სიზმრად მოხვედი რადგან სიზმარი იყავი იმთავითვე

და ვიდექი შენი ხილვის ჭურჭელში ღამით გაუმაძღარი

მოჩვენებებით გარშემორტყმულ შენს სახედ

სიყვარულო რომელიც ჩემს მუცელს ჭრი მის სიღრმეში მახედებ

ის მძვინვარე წყალია ჩვენ ზემოთ

სადაც უსასრულოდ ვეცემით ერთმანეთში

როგორც კლდიდან გადმოცვენილი კენჭები

როგორც ჩიტები შემოდგომაზე ვრცელი ამბების თხზვაში

ყური მიუგდე ამ მოძრავ ბგერებს რომლებმაც დატოვეს ადგილები

რითაც სავსე ვართ და სავსეა ნივთები რომლებსაც ვეხებით

მათ ვუსახსოვრებთ ჩვენს ყველაზე ძვირფასს ყველაზე საშინელს

რასაც ვერასდროს დავტოვებთ

დანაშაულის ხმას

ხეებს ვხედავ ღრუბლებში და ცეცხლის კვალს მათ ენაზე

სიკვდილის მაცნედ

სიკვდილის რომელმაც დაკარგა ყოველგვარი დიდებულება

და ბავშვებს მათ პატარა შუბლებს შეკრულ ყვავილებად

კარი რომელიც შენი თვალიდან იმზირება რომელსაც ვეღარასდროს გავაღებ

როგორც მანძილებს რომელთაც დაკარგეს მნიშვნელობა

რომლებიც დამარცხდნენ დროსთან სიყვარულთან

და რომ გვეთქვა დრო არის სიყვარული როგორც უთვლადი საგნების მჭერი

ფანჯარა რომელსაც გავაღებთ უმალ როგორც კი მოვისურვებთ

და ყინულის კუბებში შევინახავთ ფუჭი საათების მიღმა

ჩვენ ვინც მუდმივად სიბნელეს ვაუქმებთ სხვა სიბნელის ჩანაცვლებით

შენი პირიდან კლდე იჭრება როგორც სამყაროს ხუფი

სისასტიკის მშვენიერება და სიმსუბუქე

ქვიშის მდევარი ზღვის მიმოცვლისას

და მე ვინც ვდგავარ სარკეების დერეფანში შემნახველ სკივრად

დროის ქაფთა ბინძური წყლების გამტარი მილი

რომელშიც შენ მთხოვ განიბანო

და შეგინახო როგორც ძველი ძვირფასი მონეტა მეფის

არის მზეების უწყვეტი დინება შემოსული ჩვენს ბასრ ღამეებში

ჩვენს სიუცხოვეში საკუთარი არსებობისადმი

და ამით ნაგები სინათლის ნაკლებობა

და ხმა კოცონზე დამწვარი მეძახის ალისფერ შუქში

ვიდგე პირისპირ ამ გველეშაპი სიცარიელის წინ

დამარცხებული ყველასთან ვინც კი მიყვარდა ვისაც ვუყვარდი

დატოვე კომენტარი