1.

საშინლად ყინავს. ალბათ მხრები უშნოდ მაქვს აბუზული, მაგრამ გასწორებას ვერ ვბედავ. სიცივის მეშინია. მზის სხივი? არაა… ვიღაცამ ღობესთან მანქანა გააჩერა. სამჯერ ჩუმად დავუსტვინე.წამიც და სემი ჩემ გვერდით იდგა. ორივენი გავრბოდით…

აქამდე რატო არ დამისტვინე?

ვიფიქრე მზემ გამოანათა.

ჰაჰა, მზე? მეხუმრები არა? ვერ ხედავ რა ამინდია?

ვხედავ, მაგრამ მაინც მეგონა მზე იყო… უკეთესად ვხედავდე არ შევცდებოდი.

უკეთესად ხედავდე თავიდანვე მიხვდებოდი საქმე ცუდათ რომ იყო და ორი წამით ადრე შეგეშინდებოდა… ვერაფერი შეღავათი… უკეთესიცაა…

ალბათ… როცა ვერ ხედავ წარმოსახვა მუშაობს და ბევრად საინტერესოა…

ალბათ ღმერთს მალე მოწყინდება, მან ხომ ყოველთვის ყველაფერი იცის.

გაჩუმდი, ღმერთს ჩვენი ესმის…

კარგი რა… მე უკვე ცოდვილი ვარ… ეს ჩანთა. ეს ჩანთა იმ ეზოდან წამოვიღე…

შენ რა… მოიპარე?…

უბრალოდ ვნახავ ჩანთაში რა დევს… მერე ისევ დავაბრუნოთ…

მეგონა ვაშლი უნდა მოგეწყვიტა.

რა მნიშვნელობა აქვს ეგეც ქურდობა იქნებოდა…

ღმერთო… ჯობია ახლავე უკან დავაბრუნოთ…

ხომ იცი რომ ეგ შეუძლებელია. ისინი მოვიდნენ…

სახლის პატრონები?

ჩანთის….

ღმერთო…

ჩუ… შენც ჩემთან ხარ… ეს საქმე ერთად გავაკეთეთ… თუ დავიწვებით ერთად…

2.

ერთი კვირაა მოსვენება დავკარგე. ერთი კვირაა სემი არ გამოჩენილა… მაშინ მაგარი შიში ვჭამეთ… იმ მანქანიანებმა შეგვამჩნიეს. დაგვედევნნენ. სემი სწრაფია… ვიღაცის ღობეზე გადახტა. მე კი სიჩქარეში მორს წამოვედე და გონება დავკარგე… მერე არ ვიცი რა მოხდა… მხოლოდ ბოლო დარტყმა ვიგრძენი, თუმცა სარკეში როცა ჩავიხედე მივხვდი სემმა გამეტებით მირტყა… ეტყობა შეეშინდა არ შემომაკვდესო… ცოტა ხანი გაშტერებული ვუყურებდი, მერე მითხრა ჩანთაში ფული იდო, ძალიან ბევრი ფული და ბაღში დავმარხეო… მერე დამაფიცა ჩანთას ერთად ამოვთხრიდით 10 წელიწადში. ფიცის დამრღვევს ღმერთის რისხვა არ უნდა აცდენოდა.

ახლა მეშინია. მეშინია რადგან მგონია რაღაც საიდუმლო ვიცი და თან ინტერესით ადგილზე ვერ ვჩერდები რადგან არ ვიცი ზუსტად სად დამარხა ჩანთა სემმა… ან საერთოდაც იდო თუ არა მასში ფული. შეიძლება სემი იმ კაცებმა დაიჭირეს და ჩანთა წაართვეს და მერე ეს ამბავი მოიგონა, თავი რომ არ შეერცხვინა… საერთოდან რა მნიშვნელობა აქვს.

3.

სემი ჩემი მეგობარია. მართალია ყველას ეჩხუბება ხოლმე, მაგრამ ჩემთვის მაინც გულკეთილია. ცოტა ტყუილებიც უყვარს, თუმცა მაგათაც ვიტან. ახლა კი ცოტა არ ოყოს მაკლია. ბევრი მეგობარი არ მყავს… ვის ვატყუებ… მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს. გაკვეთილი მორჩა,შესვენებაა… ყველა გარეთ გაიქცა,მე კი მარტო ვზივარ… მერხთან. რადგან არ ვიცი რა გავაკეთო როცა ავდგები. ყოველთვის სემი იგონებდა ხოლმე თამაშებს. რა კარგი იქნებოდა ახლა სახლში წასვლა შემეძლოს, დედასთან მივიდოდი და ცოტა ხნით სემიც აღარ მომენატრებოდა. მაგრამ არ შეიძლება ჯერ კიდევ ორი გაკვეთილი მაქვს.

არაუშავს. ერთი ორი დღეც მოვითმენ. უკვე დიდი ბიჭი ვარ. მერე სემიც გამოჩნდება და ისევ ერთად ვითამაშებთ.

4.

ღმერთო შენი დახმარება მჭირდება. ვიცი რო მისმენ. ღმერთოო… იცოდე უკვე თვალები მეტკინა ისე მაგრად მაქვს დახუჭული. მაგრამ მაინც არ ჩანხარ… მგონი ეს არ უნდა მეფიქრა… შენი დახმარება ნამდვილად მჭირდება… სემი….

დედამ მითხრა წავიდაო… მაგრამ სად…

5.

რა უცნაური შუქები აქვს მანქანას, მე ერთხელ მანქანის შუქი მზის სხივი მეგონა… ზოგი საერთოდ ვერ ხედავს მას, ზოგმა მაშინ პირველად შეხედა მას და ალბათ დედის მკლავებში მყოფმა ტირილი ატეხა… სემმა კი… სემმა კი ბოლოჯერ დაინახა..ან იქნებ ვერ დაინახა… ვერ გაიგებ… სემი წავიდა… პირობა არ შეასრულა…

დატოვე კომენტარი