ტკივილგამაყუჩებელი
ამბის მოყოლა ყოველთვის მიჭირდა, ერთმანეთისგან დაშორებული აბდაუბდა გამოდიოდა, ერთი წერტილიდან მეორეზე ულოგიკო ნახტომებით და გაუგებარი სიტყვებით.
…
ოთხშაბათი იყო.
ზამთარი გადადიოდა.
ისეთი სითბო იყო, ჯერ კიდევ ვერ ხვდები რო დათბა და ჩაფუთნული დადიხარ. ენერგიით სავსე დღეები ერთმანეთს მიეწყო და ცოტა ოპტიმიზმის საფუძველს ტოვებდა. საღამოს ერთ გოგოს უნდა შევხვედროდი, წამალი უნდა მოეცა. რისი წამალი იყო აზრზე არ ვიყავი. იდეაში გამაყუჩებელი უნდა ყოფილიყო… ზედმეტად ძლიერი და სწრაფმოქმედი…
სადღაც ბნელში ვიდექი და მის მოსვლას ველოდი. მანქანიდან გადმოვიდა, ზედმეტად საინტერესო ფილმის პერსონაჟს ჰგავდა… ჩაწითლებული თვალებით და უძილარი ავადმყოფური სახით… თბილად მომესალმა და წამალი გადმომცა. არც დამიხედავს ისე ჩავიდე კურტკის ჯიბეში…
აშკარად ლაპარაკი უნდოდა, თბილი ღიმილი ჰქონდა თითქოს მარტოობას დაეღალა.. სპონტანურობა არ მიყვარდა, დავემშვიდობე და წამოვედი…
დაღმართზე პოლიციის სირენები შემომესმა. გულისცემა ვიგრძენი… ჩემი იყო… უკან არ მიმიხეედავს… შავი მანქანები იყო, ეტყობა რაღაც სერიოზული ხდებოდა… იცოდნენ, კვალი აიღეს და ახლა წინ გადამიდგებოდნენ და გააჩერებდნენ… 3 ნიღბიანი მაქანიდან გადმოდის იარაღს ჩემსკენ იშვერს და ნელი მოპარვით მიახლოვდება… სადღაც უკნიდან ვიღაც სირი რუპორში ყვირის… ჩემ სახელს ახსენებს… ხმა ზმანებიდან მარკვევს… პოლიციის მანაქნებს უკვე გაეარათ…
არც ის წამალი იყო მნიშვნელოვანი და არც მე… მითუმეტეს ამხელა ძალებს არავინ დახარჯავდა ჩვენთვის…
მაღაზიაში შევდივარ, რაღაცას ვიღებ, კიდე რაღაცას ვამატებ, კიდე რაღაცას, ფულს ვიხდი და გამოვდივარ, თან მოლარეს ვუყურებ, როგორ კუჭავს ჩემ ჩეკებს უჯრაში… კინაღამ კარს შევეტაკე… კონსულტანტი გოგო იცინის… მკიდია…
უკვე კარგად ღამეა… ქალაქია, რას გაიგებ უმთვარო ღამეა თუ მთვარიანი… ყველა ერთმანეთს ჰგავს და ყველა ერთი ნაგავია… გზას ვკვეთ და ავტობუსს ველოდები… სარკიდან ვიღაც ჰუდიანი ტიპი მიყურებს… წელში მოხრილა და სახე ბნელს მოუცავს… უცხო 40 წელს მაინც მიცემდა სილუეტს… სარკეს თავს ვანებებ და მოსულ ავტობუსს ვახტები… მძღოლს ვიღაც იდიოტი ელაპარაკება… ისეთი ტიპია, ყველასთან რო ნახულობს სალაპარაკოს და ვითომ აინტერესებს ისე ეკითხება სამუშაოს დეტალებს… არ მაღიზიანებს. ორ სკამზე ვჯდები და ვიცდი…
წინა სარკიდან მძღოლის სახე მიყურებს… არა, მე არ მიყურებს წინ იხედება… აშკარად სიამოვნებს უცნობთან საუბარი…
ჯანდაბა… ჩემ გაჩერებაზე ავარიაა… წინ მომიწევს ჩამოსვლა… არადა როგორ არ მიყვარს გეგმები რომ მეცვლება… ავტობუსი ზემოთ მიუყვება… უკვე ორი თვეა აქ ვცხოვრობ და ზემოთ არასდროს ავყოლილვარ გზას…
ყველა გზა სადღაც მიდის და ესეც ალბათ ვინმეს სახლში მიდიოდა… პარალელურ სამყაროში ალბათ სადღაც იქ ჩემი სახლიც იყო… სადღაც ალბათ იმ მძღოლის ადგილასაც ვიჯექი და იმ ყბედის ადგილასაც… სადღაც მეც მომწყენოდა მარტოობა და თბილად ვიღიმოდი…
მაგრამ ახლა… ეს ჩემი გზა არ იყო, უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი…
როგორც წესი სიბნელე ჩემი კომფორტი იყო… ზედა გაჩერებაზეც ბნელოდა…. კაციშვილი არ ჩანდა ახლომახლო… წამით გავიფიქრე კიდეც, ჩავსულიყავი, თუ არა… მძღოლს გავხედე, ისევ ნასიამოვნები სახე ჰქონდა… არ დამამშვიდა, პირიქით ამაფორიაქა… ვიღაცისთვის ნაცნობ და უსაფრთხო ადგილას ვიყავი მე კი ვღელავდი… სწრაფად ჩამოვხტი… წინ არც გამიხედავს, ეგრევე შემოვბრუნდი და მთელი ძალით გამოვიქეცი ჩემი სახლისკენ… სწორია, გამოვიქეცი… ჩემი რაღაც ნაწილი სახლში მელოდებოდა და თავისკენ მექაჩებოდა…
ბავშვობის მერე არ შემშინებია, ახლა მეშინოდა… მაგარამ, ტროტუარზე ვიღაც იჯდა… ვის სიამოვნებს ლოთებთან შეხვედრა, თუმცა მაშინ მესიამოვნა… მარტო არ ვიყავი, ესეიგი ცოტა ამოვისუნთქებდი… ლოთს ხურდა არ უთხოვია, მაგრამ ჯიბეზე ხელი მოვისვი… სადღაც ხურდა მეგდებოდა… ბარათები ამომყვა… მაღაზიაში რაც ვიყიდე უკვე შემეჭამა… ბარემ ქახალდებიც სანაგვეში ჩავკუჭე… მათხოვარმა მადლიერი თვალებით შემომხედა, როგორც ჩანს ნამეტანი ბევრი გადამიყვა… გაქცევის უკვე მცხვენოდა, არადა არც ამის თვალები მსიამოვნებდა ზურგში…
არც ამის…
იქნებ მაშინაც ვინმე მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა, უკნიდან მხვრეტდა… ცეცხლოვან წერტილებს მესროდა. მე კიდე მაგათ გავურბოდი….
სადღაც ალბათ ეს მეცოდინებოდა…
სადარბაზოში შევედი. კიბეები სწრაფად ავირბინე, თითქოს ჩემზე სწრაფი მოლანდება ჩემ წინ მიჰქროდა და გავაღებდი თუ არა კარს წინ შემიძღვებოდა…
ერთხელ გადატრიალდა საკეტი… მეორედ… სახელური ჩამოიწია და შევედი… შუქი ანთებული დავტოვე… თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი…
თავი ამტკივდა საშინლად, აუტანლად… მგონი ეს ტაბლეტები ჩემთვის მქონდა…
საერთოდაც რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მე მჭირდებოდა… სამზარეულო ახლოს იყო, თუმცა შუქი არ ენთო, ჯიბე მოვიქექე… ტაბლეტები…
ტაბლეტები…
…
პანიკა დამეწყო, თვალებში ბრჭყვიალები ჩამოწვა და სული შემეხუთა… სულ რომ მთელი სამყაროს ჟანგბადი გარეთ დაეგუბებინათ, ახლა ვერ გავიდოდი… ღმერთო ჩემო, გარეთ გასვლა არ შემეძლო… თავი უსუსურად ვიგრძენი…
…
ოთხშაბათი იყო…
საღამოს ვიღაც გოგო უნდა მენახა… რაღაც წამალი უნდა მოეცა ჩემთვის… ჯერ ადრიანი დილა იყო, შემეძლო ცოტა კიდე წამეძინა… ტელეფონს დავხედე, 11 საათს უჩვენებდა…
ბოლო დღეებია ადრე გაღვიძებას მივეჩვიე, სამსახურის გადამკიდე… 8-ზე უკვე მეღვიძა და 9 საათის დადგომას ველოდებოდი, რომ სახლიდან გავსულიყავი… დღეს კვირა არ იყო…
არც შაბათი.
მე მეძინა, თან არც სინდისი მაწუხებდა, რომ სამსახურს ვაცდენდი…
ტელეფონზეც არ ჩანდა გამოტოვებული ზარები… იქნებ მათაც დავავიწყდი…
…
საიტზე როგორც მომწერეს ზუსტად 8-ზე მოვიდოდა პარკთან ის გოგო, შინდისფერი ჯიპიდან გადმოვიდოდა და პირდაპირ შავჰუდიან ტიპს მიაწოდებდა შეკვეთას. შავჰუდიანი ხმის ამოუღებლად გამოართმევდა, გაბრუნდებოდა და წავიდოდა…
საიტები ხშირად ტყუიან ხოლმე… მიგიტყუებენ და მერე ცარიელზე გტოვებენ… ლამაზი ბანერები, თვალწარმტაცი ტექსტები… პენისის გაზრდას გპირდებიან და იმასაც არ გეკითხებიან საერთოდ გაქვს თუ არა…
…
ის მათხოვარი საიდანღაც მეცნო… თუმცა ხმა არ ამოუღია, უბრალოდ იღიმოდა…
რთულია მომღიმარი უსახლკაროს ნახვა… მითუმეტეს როცა გარშემო მარტო შენ დგახარ…
შავი აჩრდილი ხურდას გიგდებს… თავს დაბლა სწევს და მიდის… გასახარი რა გაქვს…
…
იქნებ რაღაც ფირფიტაც გადმოყვა ხურდას…
…
საიტები არასდროს ტყუიან… ყველაფერს გეუბნებიან, თუმცა ისე უსისტემოდ, რომ ვერაფერს ვერ ხედავ…
წამლის ეფექტი მომენტალურია, ძარღვებში სისხლი იყინება და ტკივილი გაივლის….
ყველა ტკივილი გაივლის…
და მოვა წამი ჭეშმარიტების…
…
ზემოთ პოლიციის სირენები მოისმოდა, შავი მანქანები იყო… ეტყობა რაღაც სერიოზული მოხდა… ყვითელი ლენტები შემოხვეოდა ტროტუარს… ჩაშავებულ ვიტრინას გრძელწვერიანი მოხუცი მიყუდებოდა… გულზე დიდი ხის ჯვარი გადმოეგდო… არც არყის ბოთლები ჩანდა და არც სიგარეტის ნამწვები… კალთაში რაღაც ფირფიტა ეგდო…