მოჩვენებითი ღმერთებისთვის – თეონა კომახიძე
არადმყოფობა
მე არავინ ვარ და ჩემი ხმაც მხოლოდ ზამბარებს ესმით
წარმოიდგინე წაბლისფერი ნათელი ანგელოზის საშვილოსნოს მუზეუმში
წარმოიდგინე ქარბუქს მოწყვეტილი მინდვრები
შენი ციცქნა სახის თეთრი სპრეი
იგი უჩინარდებოდა
სანამ მარტი მოვა კიდევ ბევრი რამე შეიცვლება
მე გელი ჩასაფრებული
თითქოს ქარის თვალი ვარ
უწმინდური სიმღერა რომელიც ერთხელ ცხენმა ამოიმღერა მთელი გულით
და როდესაც ხეების ნაწილი მოჭრეს
დანარჩენები ისე იდგნენ გეგონება ვერაფერს გრძნობდნენ
მაგრამ ისინი იდგნენ და გრძნობდნენ
დიდება მინდვრებს
დიდება ხანძრებს
ხანძრის ნაფეხურებს თქვენი სახლებისკენ
***
ფანჯრის ონკანებიდან მოჩვენებითი ღმერთებისთვის
მაღალი ლოცვა კვამლივით ტრიალებს
მისთვის ვისაც ცალი თვალით ეძინა ბალახის ხომალდში
მეორე თვალით სამყაროს კრემს ქმნიდა
ჰალუცინაციის ავტოფარეხი შექმნა
სადაც ყოველდღე ხვდებოდა
იმას ვინც წლებია ახსოვდა
თუ თვალებს დახუჭავდა სულ იქ იყო
მაგრამ როცა ახელდა ყოველთვის ქრებოდა
ღმერთმა შექმნა ღმერთი ოდესღაც
ენის შხამისგან
დედაბუნების სათესლე ჯირკვლებისგან და
რაკეტების უშვერი ყეფისგან
ოფლი და სისხლი მოიწმინდა და გაუჩინარდა
გაახსენდა როგორ შეხედა ერთხელ მან სხვისი მზერით
ორივენი იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ მუნჯ ქარში
ის წამი სამუდამო გამოდგა
ყოველთვის არსებობდა სადღაც პარალელურ განზომილებაში
ხელში ოთხი დრო ეჭირა
აღარ შეეძლო მოძრაობა
თითქოს მისი ხმა იჩეკებოდა პეპლებისგან
და სუსტ მტვერად ებნეოდა კედლებს