“მე არ ვიპარავ გამარჯვებას!” – ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრეს ცხოვრება დასაწყისიდანვე გამორჩეული იყო. ბუნებრივია, რომ მაკედონელის ეპოქა, მისი მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტი მუდამ იყო და არის ისტორიკოსთა ყურადღების ცენტრში. მისი ეპოქა, თითქოს, მოწყვეტილია როგორც წინა, ისე შემდეგი პერიოდისგან, თითქოს თვით ალექსანდრეა ეპოქა…

ის ჯერ მხოლოდ ბავშვი იყო, როდესაც ძალა დაუმორჩილებელი ცხენის მოთვინიერებითა და ველური ტახის მოკვლით გამოსცადა. დედისგან მომავალ დამპყრობელს მტკიცე ნებისყოფა ერგო, მამისგან კი ცხოვრებისადმი პრაგმატული და რეალისტური მიდგომა, სითამამე და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამ და კიდევ მთელი რიგი თვისებების წყალობით ხდება 25 წლის ალექსანდრე მსოფლიოს უდიდესი იმპერიის მეფე. სწორედ ამან განაპირობა მისი განსაკუთრებულობა – ის იყო პირველი ახალგაზრდა მეომარი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.

როგორ მიაღწია ალექსანდრემ ასეთ დიდ წარმატებას? როგორ შეძლო მან მსოფლიოს ერთ წერტილში მოქცევა?

მიუხედავად იმისა, რომ უფლისწული ფიზიკურად ძლიერი და დაუმარცხებელი იყო, ისტორიკოსები მისი წარმატების საიდუმლოდ გონებრივ შესაძლებლობებს თვლიან. სამოქმედო გეგმების შინაგანი ლოგიკა პირდაპირ მოწმობს ალექსანდრეს უჩვეულოდ ძლიერ ნებასა და მაღალ ინტელექტს. მაგალითად საკმარისია დავასახელოთ, თავისი ცხოვრების ყველაზე მთავარი მიზნის შესასრულებლად – სპარსეთის დიდი იმპერიის დასაპყრობად მიმავალი ალექსანდრეს სიმტკიცე.
მოვლენები ასე განვითარდა : სწორედ მაშინ, როცა ალექსანდრე ეგვიპტიდან სპარსეთის სიღრმისკენ მიიწევდა, მეფე დარიოსმა მას წერილი გამოუგზავნა. წერილში სპარსეთის შაჰი მაკედონელს სთავაზობდა დიდი რაოდენობით ოქროს გადახდას და ირანის იმპერიის ორად გაყოფას – აღმოსავლეთში დარიოსი იმეფებდა, ხოლო დასავლეთში – ალექსანდრე. წერილის განსახილველად მაკედონელმა სარდლები შეკრიბა და ამ წინადადებაზე აზრის გამოთქმა სთხოვა. მისი არმიის მარცხენა ფლანგის მეთაურმა პარმენიონმა ალექსანდრეს ურჩია, დარიოსის წინადადება მიეღო და დასძინა:

– მე რომ ალექსანდრე ვიყო, აუცილებლად დავთანხმდებოდი.

– მე რომ პარმენიონი ვიყო, მეც დავთანხმდებოდი, მაგრამ მე ალექსანდრე ვარ, – უპასუხა მაკედონელმა.
მან ირანის შაჰს ასეთი რამ მისწერა: ”არ შეიძლება ორი მზე ცის კაბადონზე, ისევე, როგორც არ შეიძლება ორი მბრძანებელი დედამიწაზე”.
ალექსანდრემ გადამწყვეტი ბრძოლა გავგამელას ველზე გამართა და როდესაც პარმენიონმა შესთავაზა, მტერს ღამით დასხმოდნენ თავს, კატეგორიული უარი განაცხადა.
“მე არ ვიპარავ გამარჯვებას!” – დასჭექა ალექსანდრემ და თავისი ჯარის კონტრასტული სიმცირის მიუხედავად, ცხენოსნების ოსტატობისა და სამხედრო სტრატეგიის წყალობით ალექსანდრემ ამ ბრძოლაშიც გამარჯვება მოიპოვა.

ალექსანდრე მაკედონელი (ფრაგმენტი ისოსის ბრძოლის მოზაიკიდან, პომპეი, დაახლ. ძვ.წ. 100 წ.)

ალექსანდრეს გენია აღემატებოდა ნებისმიერი მოკვდავის შესაძლებლობებს. ზოგს მიაჩნდა, რომ ალექსანდრე ღმერთების განსაკუთრებული ნებით მოევლინა დედამიწას, ზოგნი მას მხოლოდ ძალაუფლების მოყვარულ ავანტიურისტად აფასებს. რაც არ უნდა იყოს, ალექსანდრე იყო უდიდესი ისტორიული პიროვნება, რომელმაც დიდ სიმაღლეებს მიაღწია. მან დასავლური ცივილიზაცია აღმოსავლურს გააცნო, დაამკვიდრა ბერძნული კულტურა და ყოფა-ცხოვრება. ალექსანდრე დიდი იყო მსოფლიოში პირველი მხედარმთავარი, რომელმაც განჭვრიტა კაცთა მოდგმის თანაარსებობის შესაძლებლობა, ანუ სამყაროს ერთიანობა..

ალექსანდრე მაკედონელი ბუცეფალზე

ალექსანდრეს მემკვიდრეობა


საკითხავი მხოლოდ ერთი რამ დარჩა: რა მემკვიდრეობა დაგვიტოვა მაკედონელმა?
ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ იმპერია მის ჯერ არდაბადებულ შვილსა და ნახევარძმას დარჩათ. იმპერია დიადოქოსების დაპირისპირების მსხვერპლი გახდა, რომელიც მალევე დროებითმა მმართველმა – პერდიკასმა ჩაიბარა. მან ყველა ღონე იხმარა, რათა ალექსანდრეს დანატოვარი შეენარჩუნებინა, მაგრამ დიდი იმპერიის ადგილას 3 სხვა სამეფო გაჩნდა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ახალმა იმპერიულმა ძალამ – რომმა დაიპყრო.
მიუხედავად ამისა, ალექსანდრეს ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე კვლავ ბერძნული კულტურა ბატონობდა და ეს ახ. წ. მე-7 საუკუნემდე, ანუ არაბთა შემოსავამდე გაგრძელდა. რომ არა ბერძნული გავლენა, ქრისტიანობა რეგიონში არ გავრცელდებოდა. წმინდა პავლე, ქრისტეს ერთ-ერთი უმთავრესი მოციქული, ბერძნულად მეტყველებდა და ახალი აღთქმაც ბერძნულად დაიწერა. თამამად შეიძლება ითქვას: რომ არა ალექსანდრე, ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიად ვერ იქცეოდა.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ლიდერობაში ალექსანდრეს ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ ამავე დროს, ის სასტიკი დამპყრობელი გახლდათ. ისტორიკოსთა ვარაუდით, მისმა ამბიციებმა 750 000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
1991 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე იუგოსლავია რამდენიმე ქვეყანად დაიყო. ერთ-ერთ მათგანს მაკედონია ჰქვია, სახელწოდება, რომელსაც საბერძნეთის პროვინციაც ატარებს. ისტორიულად, ორივე მათგანი ძველი მაკედონიის სამეფოს ნაწილი იყო, მაგრამ ბერძნები აღშფოთებულები არიან იმით, რომ მათი მეზობელი საკუთარ თავს ალექსანდრესთან აიგივებს.
ასე რომ, ალექსანდრეს გავლენა დღესაც უნიკალურია – მისი გარდაცვალებიდან 2300 წლის შემდეგ.

“ლამპარი, რომელიც ალექსანდრემ დაანთო, ოდნავ ჩაცხრა… ის არასოდეს ჩამქრალა და არც არასოდეს ჩაქრება” – უილიამ თარნი

Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments